გურიის მოამბე

აჭარის ტელევიზიაში რეპრესიები გრძელდება – ამ ჯერზე 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოტივი, ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაციაა.

სამსახურიდან დაითხოვეს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, ასევე სხვა ჟურნალისტები – თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდი და სალომე გეგეშიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა ირინა ყურუას და მაია მერკვილაძეს.

„რეორგანიზაცია სამი თვეა უკვე მიმდინარეობს და ამის შესახებ გვქონდა ინფორმაცია, თუმცა დღეს მივიღე მეილი, სადაც მადლობას მიხდიან ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის და მატყობინებენ, რომ შრომითი ხელშეკრულება შემიწყვიტეს.

„მოხარული ვიქნებით, თუ მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში“, – ესეც მომწერეს. სექტემბერში ყოფილა კონკურსი დაგეგმილი“, – ამბობს ირინა ყურუა „ბათუმელებთან“.

ირინა ყურუა მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება, ტელევიზიაში კრიტიკული აზრის ჩახშობას უკავშირდება.

„ოფიციალურად რაც გამოგვიცხადეს, არის ის, რომ სტრუქტურა უნდა შეცვალონ და რომ ტელევიზიაში ყველაფერი გასამართია. მოგვთხოვეს თითო გადაცემის გადაგზავნა შესაფასებლად და მეც გადავუგზავნე ჩემი ერთი გადაცემა.

არ ვიცი ამ ერთი გადაცემიდან რა დასკვნა გამოიტანეს და რა კომპეტენციით შეფასდა ეს ცალკე მსჯელობის საგანია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ერთი გადაცემაც ძალიან ღირსეული იყო და არ მგონია, რომ ჟურნალისტურ სტანდარტებთან ან რაიმე კანონთან შეუსაბამო იყო.

არანაირი არგუმენტი არ მომისმენია, თუ რატომ შემიწყვიტეს გადაცემა. უბრალოდ, მეილში ეწერა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად შემუშავებულ ახალ ბადეში გადაცემა – „სათქმელის“ ადგილი ვერ მოიძებნა.

მე ასე ვფიქრობ, რომ არ უნდათ კრიტიკული აზრი ისმოდეს ტელევიზიიდან, რადგან ამ გადაცემიდან მაყურებელი ისმენდა განსხვავებულ და კრიტიკულ აზრებს. ისმოდა კრიტიკული კითხვები, რაც აუდიტორიისთვის საინტერესო იყო.

ჟურნალისტიკა მე ასეთი მგონია და ჩემს სტუდენტებსაც ასე ვასწავლი, რომ უპირველესია კრიტიკული კითხვის დასმა. თუ შენ მრავალფეროვნებას და განსხვავებულ აზრებს ვერ სთავაზობ მაყურებელს, მაშინ არ მგონია ღირებული იყოს მსგავსი გადაცემა.

ვფიქრობ, ამიტომ უშლიდა ნერვებს ზოგიერთს, რომ სწორედაც კრიტიკული აზრი, კრიტიკული მოსაზრებები და განსხვავებული აზრი ისმოდა ამ გადაცემაში“, – ამბობს ირინა ყურუა.

ის ამბობს, რომ აპირებს სამართლებრივ ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად.

„არა მგონია კონკურსამდე ასე გავჩერდე, მაინც ვიბრძოლებ საკუთარი უფლებებისთვის, იმიტომ, რომ არ არის ეს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – ამბობს ირინა ყურუა.

მაია მერკვილაძეც მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის.

„სადღაც სამი თვის წინ მოგვივიდა ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ და ყველას მოგვაწერინეს ხელი. იმ დღეებში შევხვდით დირექტორს, რადგან მაინტერესებდა, რას გულისხმობდა ეს რეორგანიზაცია.

მითხრა, რომ ეს ძირითადად ეხებოდა შემოქმედებით გადაცემებს და ასევე ისეთ საკითხებს, სადაც ერთი ადამიანი იკავებდა რამდენი პოზიციას.

მე ვარ რადიოს საინფორმაციოს რედაქტორი, პოზიციების დუბლირება ჩემთან არ იყო და არც შემოქმედებით გადაცემებს წარმოადგენდა ჩემი სამსახური. ამიტომ რაღაც მაინც დარჩა აუხსნელი. ელემენტარულ ლოგიკაშიც არ ჯდება ეს გადაწყვეტილება, ამიტომ მაინტერესებს რატომ გადაწყვიტეს ასე.

ახალი დირექტორი სამი თვეა დაინიშნა. როგორ გაერკვა ყველა თანამშრომლის კომპეტენციაში და ფუნქციებში ასე სწრაფად არ ვიცი“, – ამბობს მაია მერკვილაძე.

მისი თქმით, მიღებულ მეილში არც იმაზე იყო საუბარი, რომ შეეძლო კონკურსში მონაწილეობა.

„მსგავსი არაფერი წერია მეილში. მოკლედ, ასე პირდაპირ წერია, რომ შეწყდა ჩემთან ხელშეკრულება.

მე დირექტორის არგუმენტები მაინტერესებს თორემ, მე მაქვს ჩემი არგუმენტები და ვიცი, რატომ შეიძლება შეეწყვიტათ ჩემთან თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბოლო დროს არ ვიყავი საკმარისად აქტიური, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ“, – ამბობს მაია მერკვილაძე.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ტელევიზიის დირექტორს ირაკლი კიკვაძეს, რომელმაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით მოგვწერა, რომ ჟურნალისტები სამართლებრივი ნორმების დაცვით გაათავისუფლეს.

„მაუწყებელში რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი და დაანონსებული, ჩვენმა გუნდმა მოსვლისთანავე დაიწყო ტელევიზიისა და რადიოს შიგნით არსებული გამოწვევების შესწავლა.

პროცესი მიმდინარეობს ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით. გვაქვს კიდევ არაერთი გამოწვევა და ამ გამოწვევებთან გამკლავების გეგმებიც. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოგვიწია რამდენიმე თანამშრომელთან დამშვიდობება.

ამ ეტაპზე  ინფრასტრუქტურული და არამხოლოდ მიზეზების გამო, ბევრი გადაცემის გაუქმება მოგვიწია. ამ მიმართულებითაც გვაქვს სამომავლო გეგმები და ადამიანებს მიეცემათ საშუალება საეთერო დროის გამოყენების, როცა ამის პირობები იქნება“, – მოგვწერა ირაკლი კიკვაძემ.

თუმცა არ დაგვიზუსტა, 5 პირის გარდა, კიდევ რამდენმა დასაქმებულმა მიიღო გათავისუფლების შესახებ შეტყობინება და რამდენი დასაქმებულის გათავისუფლება იგეგმება მთლიანობაში.

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს – „მიზეზი კრიტიკული აზრის ჩახშობაა“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights