გურიის მოამბე

“პირველების” ინფორმაციით, 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებული ვაჟა გოგოტიშვილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს

“პირველების” ინფორმაციით, 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებული ვაჟა გოგოტიშვილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი- ვ.გ და ლ.ს.დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში, მდინარე სუფსიდან, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ახდენდნენ. ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა. ამასთანავე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

  • საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

“პირველების” ინფორმაციით, დაკავებულები არიან ლევან სკამკოჩაიშვილი მეტსახელად “ბუზია” და  ვაჟა გოგოტიშვილი. 

ვაჟა გოგოტიშვილი 23 წლის გიგა როყვას მკვლელობაში ბრალდებულია – საქმე ეხება 2022 წელს ოზურგეთში მომხდარ მკვლელობას. გოგოტიშვილი მაშინ დააკავეს, თუმცა 9 თვეში გაათავისუფლეს, მიზეზი ნაფიცი მსაჯულების ვერშეკრება გახდა

იმ პერიოდის განმავლობაში ვაჟა გოგოტიშვილის ცოლი ოზურგეთის საკრებულის დეპუტატი იყო – მაშინ მოკლული გიგა როყვას დედამ გაავრცელა ფოტო-მასალა, სადაც ჩანს, როგორც ეხმარებოდა გოგოტიშვილის ოჯახი საარჩევნოდ “ოცნებას”. შვილმკვდარი დედა ფიქრობდა, რომ სწორედ “ოცნება” მფარველობდა გოგოტიშვილს.

“პირველებს” წყარო უყვება, რომ გოგოტიშვილი მისი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულმა დაბადების დღე ოზურგეთში, რესტორან “ეთნო გურიაში” გადაიხადა. როგორც “ტვ პირველს” უყვებიან, დაბადების დღის სუფრაზე იმყოფებოდა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე და ოზურგეთის მერი.

არც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და არც  ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია “პირველების” კითხვებს არ პასუხობს.

https://tvpirveli.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights