გურიის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გუგა ცინცაძე, ახალგაზრდებს თავს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ოზურგეთის ჩოხატაურის მაგისტრალის დვაბზუს მონაკვეთზე დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ცინცაძემ არასრულწლოვნებს უშვერი სიტყვებით აგინა და იმის გამო ემუქრებოდა, რომ ეს უკანასკნელნი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ ქუჩაში.
როგორც ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობიდან”, თათია ნიკოლაშვილი, “გურიის მოამბეს” უყვება, მათ მხარდამჭერებზე უცხო პირების მხრიდან განხორციელებული თვალთავლისა და მუქარის გამო დარეკეს 112 ში და გამოიძახეს პოლიცია, თუმცა პოლიციის მისვლამდე ადგილზე ამ “ზონდერჯგუფების” ადგილობრივი ხელმძღვანელი გამოცხადდა და მუქარები და შეურაცხყოფები შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა:
“ის უშუალოდ ემუქრებოდა ყველას, გუგა ცინცაძე არის ე.წ. “ძმები გეგეშიძეების” ზონდერდაჯგუფების ადგილობრივი ლიდერი, იმის ნაცვლად რომ პოლიციას მისგან ახსნა განმარტება მოეთხოვა, ადგილზე მოსულმა სამართალდამცავებმა ლამის იქეთ ჩააბარეს მას ახსნა განმარტება და ადგილიდან გააპარეს” – გვითხრა ნიკოლაშვილმა.
ადგილზე, თათია ნიკოლაშვილის გარდა პარლამენტარი პაატა მანჯგალაძეც მივიდა :
“ეს არის მათი ბოლო დღეები, ახლა კუდს იქნევენ, აზრი არა აქვს რაიმე მოთხოვნას გამოძიების თაობაზე, ორი დღე დარჩა არჩევნებამდე და ორი დღის შემდეგ ამ და სხვა დანაშაულობებს ჩვენ თვითონ გამოვიძიებთ” – განაცხადა მანჯგალაძემ.