გურიის მოამბე

85 წლის მოხუცი ცოლ ქმარი 15 წელია ლანჩხუთის ხელისუფლებისაგან შველას ითხოვენ-მათ კი ყურადღებას არავინ აქცევს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, აკეთის თემის სოფელ გაგურში მცხოვრები, 85 წლის მოხუცი, ომარ ჭარმაგაძე, 15 წელია, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან შველას ითხოვს, მას კი ყურადღებას, დღემდე, არავინ აქცევს.

როგორც მოხუცის მეზობლები “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებენ, ყურადღებას ვინ ამბობს, მოხუცს მასხრადაც იგდებენ: “ლანჩხუთის მერმა. ალექსანდრე სარიშვილმა, ომარს უთხრა, რა ჩემი ბრალია, სახლი მეწყრულ ზონაში არ უნდა აგეშენებინაო”

არადა მეზობლების თქმით, საცხოვრებელი სახლი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და ყოველდღე შეიძლება ჩამოიშალოს-75 წლის წინათაა აშენებული;

ომარ ჭარმაგაძე აქ მეუღლესთან, რომელიც მძიმე ავადმყოფია, ერთად ცხოვრობს; ცოლქმარს ორთავე შვილი გარდაეცვალათ:

“2012 წელს შემდგომ, 50 ზე მეტი განცხადება მექნება დაწერილი, ახლა, ბოლოს, აკეთის გამგებელმა (ლანჩხუთის მერის რწმუნებული აკეთის ტერიტორიულ ორგანოში) მითხრა, ჩვენ არ ვღებულობთ განცხადებებს, ლანჩხუთში უნდა ჩახვიდეო და ჩავედი ლანჩხუთის მერიაში, იქ დავარეგისტრირე განცხადება თუმცა შედეგი კვლავ ნულია” – ყვება ომარ ჭარმაგაძე;

ჭარმაგაძეეების სახლი, მეწყრული პროცესების შედეგად ავარიულ მდგომარეობაშია, კედლები მორღვეულია და ნებისმიერ დროს შესაძლოა უბედურება მოხდეს:

“სოფლის გამგებელმა გვითხრა, შეიძლება სახურავი გავახერხოო, ჩვენ ვუთხარით-კაცო, თავი რომ არ გქონდეს ქუდს დაიხურავო” ყვება ჭარმაგაძეების მეზობელი;

მოხუცები, ხელისუფლებისაგან თავშესაფარს ითხოვენ, ან საცხოვრებელში სიცოცხლისათვის არასაშიში, მინიმალური პირობების შექმნას.

“კარგი იქნება ტელევიზია თუ დაინტერესდება და აქ ამოვა, აგერ ახლა, აკეთი-გაგურის გზაზე ხიდი გააკეთეს, მასალა არ ეყოთ და ხიდს სახელურებად თხემლის ახალმოტეხილი ტოტები დაუმაგრეს, გაოცებულები დავრჩით და მერიაში დავრეკეთ, მერმა სოფლის გამგებელი გამოუშვა ადგილზე და ამანაც უპატაკა, არაუშავს, თხემლის კია მარა სამ წელიწადს გაძლებსო” – გვიყვება მეორე მეზობელი;

მთელი სოფლის თხოვნაა ლანჩხუთის ხელისუფლებისათვის:

“ნუ გვაყურებინებთ ცოდვას, იქნებ, სანამ დროა გამოსავალი გამოინახოს და ამ მოხუც ცოლ ქმარს ეშველოს რაიმე, თორემ შესაძლოა უბედურება დატრიალდეს” – აცხადებენ გაგურში;

28 აგვისტოს, აკეთში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შესაძლოა ტრადიციული “აკეთის დოღი” გაიმართოს, სადაც, დიდი ალბათობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც იქნება და სოფელიც იქ აპირებს მათთვის კიდევ ერთხელ თხოვნას – მოხუცი ცოლ ქმარის დახმარების თაობაზე;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights