მოეხსნებათ თუ არა გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს სოციალური დახმარება

საქართველოდან გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასვლის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 94 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ის ადამიანები, ვინც ამ პროგრამის ფარგლებში გერმანიაში ყოფნის 3-თვიან ვადას დაარღვევს, ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ, იმათ კი, ვინც საქართველოში სოციალურ დახმარებას იღებენ, დეპორტაციასთან ერთად დახმარებაც შეუწყდებათ.

„მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და გერმანიაში 3-თვიან ვადას დაარღვევენ, დახმარება შეუწყდებათ“, – განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ 3 თვეზე მეტი ვადით საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ადამიანი კარგავს სოციალურ დახმარებას. მისი ოჯახის წევრები კი განაგრძობენ მიღებას გადამოწმებამდე. სააგენტოში განმარტავენ იმასაც, რომ პანდემიიდან გამომდინარე სარეიტინგო ქულის გადამოწმებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. მორატორიუმის ამოწურვის შემდეგ კი საზღვრის კვეთა გამოიწვევს ოჯახის გადამოწმებას. ვადების დაცვით წასული და დაბრუნებული მოქალაქეების სოციალური სტატუსი კი უცვლელი დარჩება.

,,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახის წევრის 3 თვეზე მეტი ვადით საქართველოს საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ოჯახმა დემოგრაფიული ცვლილების საფუძველით უნდა აცნობოს სააგენტოს, რის საფუძველზეც, 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოხდება ოჯახის სოციალურ–-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული და ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსება „ოჯახის დეკლარაცია“, – განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ცნობისთვის, გერმანიაში დროებით სამუშაოებზე სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share