“შრომას სქესი არ აქვს და შრომა არ ტეხავს”-ტაქსის მძღოლი ქალი ოკუპირებული აფხაზეთიდან

„შრომა არ ტეხავს“, – ამ წარწერას ზუგდიდის ერთ-ერთი ტაქსის უკანა მხარეს თუ აღმოაჩენთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს ანი ხოფერიას ავტომობილია.

ის 32 წლისა და ზუგდიდში ქალებისთვის ნაკლებად პოპულარული სამსახური აქვს. ტაქსის მძღოლობა მისთვის ბევრ სტერეოტიპს ამსხვრევს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი მამაკაცები მისი საქმიანობის მიმართ დიდად კეთილგანწყობილნი არ არიან.

იქ სადაც ანი ხშირად არის, მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეცაა. როგორც რესპონდენტი თავად ამბობს, ისინი მისი ოთხფეხება მეგობრები არიან.

იგი მაწანწალა ძაღლებს თავისი დანაზოგით ყოველდღიურად კვებავს. ანიმ უნივერსიტეტიც დაამთავრა, დიპლომიც აქვს და მიუხედავად იმისა, რომ თავისი არჩევანის გამო, როგორც მრავალ ადამიანთან, ასევე ოჯახთანაც უთანხმოება  ჰქონდა, მან ემიგრანტად ყოფნას, საქართველოში ტაქსისტობა ამჯობინა.

„შრომას სქესი არ აქვს და შრომა არ ტეხავს, მთავარია გულით მოგწონდეს ის საქმე, რაც შენი ცხოვრების ნაწილია… ორი შვილი მყავს,მეუღლეს დავშორდი.

ამჟამად ბავშვები მამასთან არიან სოფელ შამგონაში. აქ პირობები არ მაქვს, რომ გავაჩერო. დევნილი ვარ აფხაზეთიდან, სოფელ ნაბაკევიდან. ბინას ველოდები წლებია, რომ მე და ჩემს შვილებს საცხოვრებელი გვქონდეს და ნორმალური პირობები. ამჟამად ქირით ვარ და ის დახმარებაც შემიწყვიტეს“, – ამბობს ანი.

რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართა-ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით. სანამ ბინით დააკმაყოფილებენ, კეთილი ადამიანების იმედი აქვს.

„დამპირდნენ აპრილის თვეშიო და მანამდე როგორმე თავს გავიტან“, – ამბობს ანი.

ახალგაზრდა ქალი ამით მაგალითს აძლევს სხვა ქალებს, თუ როგორ შეიძლება თანაბარი შესაძლებლობებით, თუნდაც ნაკლებად მეგობრულ ან კეთილგანწყობილ გარემოში გააკეთო ის, რაც მოგწონს.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share