მეგობრებმა ბიჭის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, ბოლო ტანსაცმელებიც კი დაწვეს იმისთვის, რომ გაყინული გაეთბოთ, თუმცა უშედეგოდ- იხსენებს გომის მთაზე სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი ერთ-ერთი ბიჭი „ტვ პირველთან“.
„ცუდად გახდა, თოვლში რამდენჯერმე წაიქცა, წამოვწიეთ, წავიყვანეთ, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. არ ვტოვებდით და მის გვერდით ვიყავით გაყინულები, გვერდზე გვეწვა და გავათენეთ სანამ მაშველები ამოვიდოდნენ. შეშები არ გვქონდა და ბოლოს ტანსაცმელებს გავუკიდეთ ცეცხლი რომ გაგვეთბო. სანამ გაიყინებოდა ხელები გავუთბეთ, სახე დავუზილეთ, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. რამდენჯერმე იყო ისეთი შემთხვევაც, რომ გადავვარდით, მაგრამ ერთმანეთს არ ვტოვებდით“,- ამბობს ერთ-ერთი ბიჭი.
ცნობისთვის, 11 მარტს გომის მთაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურიდან, ოთხი ბიჭი, სანადიროთ წავიდა. გზაში მათ ქარბუქმა და თოვამ მოუსწრო, რის გამოც ხევს შეაფარეს თავი, თუმცა, ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის ვაჟა ანდღულაძე, სიცივის გამო შეუძლოდ გახდა. როგორც მეგობრები ჰყვებიან, ბიჭი კარგა ხანს ხელით ატარეს, თუმცა ყინვასა და ქარბუქში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.