ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ყველა დარეგისტრირებულ ექიმს ჯავშანი შეეცვლება და ისინი ვაქცინაციისთვის მრავალპროფილურ კლინიკებში გადანაწილდებიან. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველა ის ჯავშანი, რომლებიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბოლატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში, 40 ასეთი დაწესებულება, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და უზრუნველყოფილია ანაფილაქსიური რეაქციისთვის. სამწუხაროდ, ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება. გასულ წელს ანაფილაქსიის 2 შემთხვევაა აღწერილი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შემთხვევა დაემთხვა ვაქცინაციის პროცესს და ჩვენ გვესმის, რომ ეს საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ შიშს გამოიწვევს. ჩვენ ვეცდებით, რომ მოსახლეობამ დაიბრუნოს რწმენა ვაქცინაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.