აცრამ რომ გართულებების გარეშე ჩაიაროს- ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ერთობლივ რჩევა-რეკომენდაციებს აქვეყნებენ.

 

გამოქვეყნებულ პოსტში მოცემულია ყველა ის შეკითხვა, რაზეც ვაქცინაციის წინ პასუხი უნდა გასცეთ, რათა აცრამ უსაფრთხოდ და გართულებების გარეშე ჩაიაროს.

 

“საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ, ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა, გადავწყვიტეთ საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი აზრი და შემოგვეთავაზებინა სპეციალური რჩევა-რეკომენდაცია.

 

მოგეხსენებათ, მედიცინის განვითარების ისტორიაში არაერთი ფაქტია ცნობილი, როდესაც ტრაგიკულმა შემთხვევითობამ და მისგან გამოტანილმა სწორმა ანალიზმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ასეთი იყო მაგალითად 2001 წელს, მსოფლიოს ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო პერსონალს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო წლინახევრის პატარა, ჯოზი კინგი დაიღუპა. ამ შემთხვევამ არაერთი სპეციალური პროტოკოლისა და გზამკვლევის განვითარებას მისცა დასაბამი, რამაც ამერიკული კლინიკების უსაფრთხოების სისტემა არსებითად შეცვალა. ასე ვითარდება მსოფლიო მედიცინა და ასე მოქმედებენ ცივილიზებული ქვეყნების პროფესიონალები.

 

საქართველო და ქართული მედიცინა ამჟამად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. კორონა-პანდემიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ იმსხვერპლებს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერსალური შეთანხებითა და უპირობო კონსენსუსით, ვაქცინაცია არის მიჩნეული პანდემიის დამარცხებისა და დარღვეული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის აღსადგენ უმთავრეს იარაღად.

 

ვაქცინაციის პროცესი მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებით დაიწყო. ამ პროცესის დაყოვნებას, არასრულყოფილად წარმართვას და ჩაშლას უზარმაზარი უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, რაც არაერთი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობას შეიწირავს.

 

მოგეხსენებათ, საქართველოში ამჟამად შემოტანილ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას უკავშირებენ თრომბოზების გარკვეულ რისკს; მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური მონაცემების თანახმად, ჯერჯერობით ეს ვერ დამტკიცდა, რაც ევროპის წამლების სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი განახლდა ევროპის წამყვან ქვეყნებში. ქართულ მედიაში უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გარკვეული კავშირი ჰქონდა თრომბოზულ გართულებასთან, რაც თავისთავად იძლევა მითქმა-მოთქმისა და ვაქცინაციის მიმართ შიშის საფუძველს. ამ შემთხვევის ობიექტურ, გამჭვირვალე გამოძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ექნება საქართველოსათვის, რადგან სწორად გაკეთებული ექსპერტ-ანალიზი და დასკვნები პოტენციურად არაერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იხსნის.

 

მანამ კი, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება, არსებული მონაცემების გათვალისწინებითა და გაანალიზებით ჩვენ ვთვლით, რომ პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წინასწარ გამოვყოთ მაღალი პროთრომბოზული რისკების მქონე ადამიანები და მათი ვაქცინაცია ამ რისკების გათვალისწინებით დაიგეგმოს. ცხადია, პროთრომბოზული რისკ-ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის აცრა არ შეიძლება. უფრო პირიქით, ვინაიდან თავად კორონა-ვირუსი ატარებს თრომბოზების ძალიან მაღალ რისკს და მისი პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა აღნიშნულ სპექტრში. ასეთ შემთხვევებში რისკების წინასწარ ცოდნა და გათვლა მათ ადექვატურ მართვაში დაგვეხმარება. საბედნიეროდ, მსგავსი რისკ-ფაქტორები პოპულაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება და მათზე ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები დაგვიცავს თუნდაც უკიდურესად იშვიათი უბედური შემთხვევებისგან.

 

პროთრომბოზული რისკებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების ფაქტორებში არსებული მუტაციების შედეგად განვითარებულ პათოლოგიებს, რომელთა შესახებაც ადამიანმა შეიძლება მხოლოდ მაშინ შეიტყოს, როცა პირველი თრომბოზული გართულება მოხდება. მათი ამოცნობა სპეციალური კვლევების გარეშე შეუძლებელია, თუმცა, ანამნეზიდან ამოკრეფილი დეტალებით დროულად ეჭვის მიტანა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება სრულიად რეალურია.

 

მაღალი პროთრომბოზული რისკებით გამოირჩევიან:
• ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი
• შედედების მეხუთე ფაქტორის (ლეიდენის) მუტაცია
• „C“ პროტეინის დეფიციტი
• „S“ პროტეინის დეფიციტი
• ანტითრომბინის დეფიციტი
• ავთვისებიანი სიმსივნეები
• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია
• ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები
• იმობილიზაცია

 

ცხადია, ვაქცინაციის წინ ყველა ამ დაავადებებზე კვლევების ჩატარება საჭირო არ არის. სამაგიეროდ, შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესისათვის შექმნილ კითხვარს დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც დაგვეხმარება შესაძლო თრომბოზული გართულების რისკების მქონე ადამიანების წინასწარ გამოცნობაში და შესაბამისი ზომების მიღებაში.

 

ჩვენი აზრით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს შემდეგი კითხვები:
1. ხომ არ გაქვთ ვენური და არტერიული თრომბოზების პერსონალური ისტორია?
2. ქალებში – ხომ არ გქონდათ წარსულში სპონატანური აბორტის ისტორია? (სპონტანური აბორტები ხშირად მიუთითებს ჰიპერკოაგულაციური რისკების მაღალ ალბათობაზე)
3. ქალებში – ხომ არ იტარებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ?
4. ხომ არ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას (იგულისხმება ნაადრევი მენოპაუზისას გამოყენებული ჰორმონული თერაპია)?
5. ხომ არ გაქვთ დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე და იტარებთ თუ არა ქიმიოთერაპიას ამჟამად? (წარსულში მსგავსი პრობლემა, რომელიც ამჟამად რემისიაშია, რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს).
6. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ხომ არ იყავით იმობილიზირებული რაიმე მიზეზით? (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალიზაცია)
7. ხომ არ გაქვთ სისხლის უკვე ცნობილი თანდაყოლილი პათოლოგიები? (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ლეიდენის შედედების მეხუთე ფაქტორის მუტაცია, „C“ პროტეინის დეფიციტი, „S“ პროტეინის დეფიციტი, ანტითრომბინის დეფიციტი).

 

ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში, ასაცრელი პირი შეიძლება (და უნდა) დამატებით გამოიკითხოს თრომბოზული რისკების შემცველი დაავადებების კლინიკურ გამოვლინებებზე და მხოლოდ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით დაიგეგმოს მათი ვაქცინაცია.”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share