“არ გამიგია, რომ ვინმეს “ოცნებიდან” წასვლა უნდა, თუმცა გზა ხსნილია”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ არ გაუგია, თუ ვინმეს ქართული ოცნებიდან წასვლა სურდეს, თუმცა ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, “გზა ხსნილია”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

“მე არ გამიგია, რომ ვინმეს ქართული ოცნებიდან წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზა ხსნილი აქვთ, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს. ან თვითონ [გიორგი გახარია] თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს. თუნდაც გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია ჯერ არაფერი”, — აღნიშნა ვოლსკიმ.

პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პირველად განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ტელევიზიით გასულ კადრებში ჩანს, რომ გახარია მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელთან, კახაბერ ქემოკლიძესთან და პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატთან, მიხეილ დაუშვილთან ერთად იყო.

“რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ”, — განაცხადა გახარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share