ქართულ პოლიტიკაში რეალურად იწყება ტექტონიკური ძვრები ამომრჩევლის გადანაწილების და გააქტიურების თვალსაზრისით – გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა ძალიან სოლიდურ ნაწილს წაართმევს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება, ქართულ პოლიტიკურ ველზე კონკურენციას ზრდის.
„ქართულ პოლიტიკაში რეალურად იწყება ტექტონიკური ძვრები ამომრჩევლის გადანაწილების და გააქტიურების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ზრდის კონკურენციას ქართულ პოლიტიკურ ველზე – ოპოზიციისთვისაც ერთგვარად ცივი შხაპის ეფექტი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის მათთვის რეალურად ბოლო შანსი, რომ გამოფხიზლდნენ, საკუთარი შეცდომები გაანალიზონ, დაუბრუნდნენ ამომრჩევლის წიაღს, გაცდნენ ტელეეკრანის ჩარჩოებს იმიტომ, რომ ბოლო თვეების მანძილზე თითქმის არ გვინახავს ჩვენ ხალხთან გასული და ხალხთან მისული პოლიტიკოსი. ამიტომაც ეს მათთვის ბოლო შანსია, რომ ამ ცივ შხაპს კი არ ჩაყვნენ, არამედ გამოფხიზლდნენ და საკუთარ ამომრჩევლებს ახალი იდეებით, ახალი სახით და განახლებული ენერგიით მიადგნენ.
გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა ძალიან სოლიდურ ნაწილს წაართმევს ისევე, როგორც არ გაგვიკვირდეს ადმინისტრაციულ, საბიუჯეტო ორგანოებში დასაქმებული მოხელეებისა. მას აქვს ქარიზმა როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ამომრჩევლებთან ურთიერთობაში და გამოსვლების დროსაც. ჩვენთან აქამდე ქარიზმა აღიქმებოდა მაგალითად, ზვიად გამსახურდიასთან, მიხეილ სააკაშვილთან, მათთან ვინც პროაქტიული ლიდერები იყვნენ, ქუჩაშიც ფრთა გაშლილები და კარგად გრძნობდნენ თავს და მათი ემოციური და ენერგეტიკული მდგენელი იყო ძალიან მაღალი. გახარიას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს“, – განაცხადა ლაგაზიძემ.