ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწესთან, დევიდ კრამერთან ერთად გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ანგარიში წარადგინა.
როგორც იან კელი ამბობს, აუცილებელია, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი მალე გადაიჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან არადასავლური სტილის მმართველობას მივიღებთ.
“გაზვიადება არ იქნება თუ საქართველში მიმდინარე მოვლენებს კრიზისს ვუწოდებთ. საქართველოს აქამდეც უნახავს ძალაუფლების აკუმულირება ერთი პარტიისა და ერთი ადამიანის ხელში. ჩვენ ეს ვნახეთ გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს, მაგრამ ვფიქრობ ახლანდელი მდგომარეობა განსხვავებულია და შეიძლება მივიღოთ გაცილებით უფრო დამაზიანებელი შედეგი. თუ პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებენ სიტუაციის განეიტრალებას და ოპოზიციური პარტიებს არ მიეცემათ პარლამენტში შესვლის საშუალება, მივიღებთ ძალიან არადასავლური სტილის ხელისუფლებას, მივიღებთ რეჟიმს.
არ შეიძლება პარლამენტში იყოს მხოლოდ ერთი პარტია. მოკლე ვადიან პერსპექტივაში აუცილებელია, რომ პარლამენტში იყოს ოპოზიცია და ოპოზიციური ხმა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ყურადღება უნდა მიექცეს, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რადგან საქართველოში სასამართლო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის”, – თქვა იან კელიმ.