პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალია საბანაძის გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბანაძეს თანამდებობის დატოვება ზაფხულისთვის ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მან გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრცელი განმარტება გააკეთა.
“რაც შეეხება ელჩი საბანაძის გადადგომას, ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონ ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, უბრალოდ მან დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და დამატებით კომენტირებას არ საჭიროებს ეს საკითხი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ნატალია საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას პოსტის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ ჰქონდა გადაწყვეტილი.
მოგვიანებით საბანაძემ ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა.
საბანაძის გადადგომას წინ უსწრებდა ევროკომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, ქრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა, შარლ მიშელმა კი განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი საქართველოს კვლავ ეწვევა.