ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ფაიზერით” აცრის სურვილი ოფიციალურად უკვე 6080-მა ადამიანმა დააფიქსირა.
მაშინ, როცა “ასტრაზენეკას” ვაქცინა 12 დღეში 5 000-მა ადამიანმა აირჩია.
მას შემდეგ, რაც ახალციხეში “ასტრაზენეკას” აცრის შედეგად განვითარებული ანაფილაქსიური შოკით 27 წლის მედდა გარდაიცვალა და სამედიცინო პერსონალის ნაწილმა ვაქცინის გაკეთებაზე უარი თქვა, ვაქცინაციაში ჩართვის შესაძლებლობა 65 წელს გადაცილებულ პირებსაც მიეცათ.
როგორც მონაცემებით ირკვევა, მოქალაქეები უფრო მეტად “ფაიზერის” ვაქცინას ენდობიან.
ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech – ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ.
საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). აცრის მსურველებს “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. აცრის გაკეთება შესაძლებელია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში.