დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, ე.წ. ფილერთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე „ფაიზერით“ ვაქცინაციისას, პაციენტს შეეკითხებიან, გამოყენებული აქვს თუ არა ფილერი: „ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, „ფაიზერის” იმუნიზაციის შემდეგ შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან“.
„ვერსია“ დაინტერესდა, რა ტიპის პრეპარატია ფილერი და რა სახის გართულებას იწვევს ვაქცინაციისას. აღნიშნულ საკითხზე კომპეტენტური ინფორმაციისთვის პლასტიკურ ქირურგ კოტე მათითაშვილსვესაუბრეთ:
„ფილერი არის მსოფლიოში აპრობირებული, წლების განმავლობაში გამოყენებადი საშუალება, ანუ შემავსებელი. ეს არის ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ნივთიერება, რომელიც საქართველოში შემოდის ლეგალურად და გამოიყენება დიდი ხანია, სახის ქსოვილების (სხვა ზონებშიც, მაგრამ ძირითადად სახეზე) ღრმა ღარების, ნაოჭების შევსებისა და სახის ქსოვილების აუგმენტაციის, ანუ მოცულობის გაზრდის მიზნით ისევე, როგორც ტუჩების. მარტივად რომ ავხსნა, ეს არის ნივთიერება, რომელიც სითხეს აკავებს ქსოვილებში და იძლევა შემავსებლის ეფექტს“.
ვაქცინისა და ფილერს შორის ურთიერთქმედებას კოტე მათითაშვილი ასე განმარტავს:
„გუშინ კიდევ ერთხელ გადავამწომე აშშ-ის დერმატოლოგთა და ქირურგთა ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 15 500-მდე პაციენტისგან 3 შემთხვევაში (საუბარია „მოდერნას“ ვაქცინაზე) 2 ჯერ მოხდა სახის ქსოვილის შეშუპება და შეწითლება და ერთხელ – ტუჩის, რომელთაც ჰქონდათ მანამდე გამოყენებული ეს პროცედურა. ეს მოვლენა ალაგდა მარტივი მკურნალობით, ანტიჰისტამინისა და სტეროიდის გამოყენებით სათანადო სპეციალისტის მიერ, ანუ არაფერი სხვა რაიმე დამაზიანებელი იქ არ განვითარებულა. არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად „ფაიზერთან“ დაკავშირებით, შეიძლება, აქაც იყო ანალოგიური რამ აღწერილი სადმე, მაგრამ არ ვიცი და შესაბამისად, ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. ასევე აშშ-დან არის მოწოდებული ინფორმაცია, რომ ნებისმიერმა, მათ შორის, სეზონური გრიპის ვაქცინამ, იმუნური სისტემის გააქტიურების ფონზე შესაძლებელია, მოგვცეს ასეთი რეაქცია. იმუნიტეტი გრძნობს, რომ სხეულში არის რაღაც ნივთიერება, რომელზედაც შეიძლება მოახდინოს რეაგირება და ასეც ხდება. ეს არის და ეს, ჯერ არც ერთ პროტოკოლში, სამედიცინო გზამკვლევში არანაირი შესწორება ან რეკომენდაცია შეტანილი არ არის ვაქცინის გაკეთება-არგაკეთებასთან მიმართებაში ფილერგამოყენებულ პაციენტებში“.
პლასტიკური ქირურგი ასევე განმარტავს, რო მნიშვნელობა არ აქვს, ნივთიერების რაოდენობას:
„ეს გაწოვადი პრეპარატია, 4-დან 6 თვემდე პერიოდში გაიწოვება, ზოგ შემთხვევაში რაღაც მოცულობა რჩება, მაგრამ ძირითადად იწოვება და ხდება შემდეგ დამატება, შევსება. არის კიდევ სხვა ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა დროით რჩება ორგანიზმში, ძველი თაობის პრეპარატები მუდმივი შენარჩუნების თვისებით ხასიათდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სტატისტიკუად, შესაძლებელია, უმცირეს რაოდენობაში მოხდეს ის, რაზეც ვისაუბრე. საერთოდ, გართულება ნებისმიერ რამეს ჰქვია, კუნთში ნემსის ჩხვლეტაც შეიძლება ისე გართულდეს, რომ მძიმე შედეგი მოჰყვეს. ეს არის იმუნური რეაქციის გამოხატულება ნივთიერებაზე, რომელიც ქსოვილშია, ანთებითი ხასიათის მოვლენებით – შეშუპება, შესიება, სიწითლე და შეიძლება იყოს მტკივნეულობა ქსოვილის შეშუპებიდან გამომდინარე“.
კოტე მათითაშვილის თქმით, ფილერის გაკეთება ვაქცინაციასთან მიმართებაში არ ითვლება უკუჩვენებად:
„ჩვეულებივ იკეთებს ვაქცინას ადამიანი, პირობითად, იცის, რომ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, ოღონდ ეს ისეთი რისკია, რომ მაშინ ჩვენ ავტომობილითაც არ უნდა ვიმგზავროთ ან ქუჩაში არ უნდა გავიდეთ, ასეთი დაბალი ალბათობის რისკი რომ არსებობდეს. ამ ყველაფრის საფუძველი სტატისტიკა და კვლევებია. ამიტომაც საპანიკო, საგანგაშო, საქილიკო აქ არაფერია. სოციალურ ქსელში ჩემს პოსტს მოჰყვა ათასაირი სისულელე არაკომპეტენტური ადამიანებისგან…
გული დამწყდა იმაზე, რომ როდესაც ამ ტიპის განცხადება კეთდება და სამედიცინო სფეროზეა საუბარი, (ასეულობით და ათასეულობით ასეთი პროცედურა კეთდება, რომლის გაკეთებაც ადამიანის უფლებაა, მისი თავის მოვლის საშუალებაა) ვისურვებდი, ერთი სპეციალისტი მაინც ესწრებოდეს, კომპეტენტური, რომ განმარტოს, რას ნიშნავს ეს ე.წ. გართულება და არის თუ არა ეს საშიში იმიტომ, რომ შიში ისედაც მართავს ხალხს დღეს ვაქცინასთან მიმართებაში. დამერწმუნეთ, ქალთა ასკობრივი ჯგუფი რომ ავიღოთ 25-დან 50 წლამდე, შეიძლება, 10-დან 20%-მდე რაღაც პროცედურა ოდესღაც მაინც გაკეთებული ჰქონდეს“.
კოტე მათითაშვილი მოსახლეობას აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის რეკომენდაციასაც აცნობს:
„თუ გამოვლინდა აღნიშნული მოვლენა, არ არის საჭირო პანიკა, საჭიროა ლიცენზირებულ სპეციალისტთან მისვლა, ეს იქნება პლასტიკური ქირურგი თუ დერმატოლოგი, ვისაც აქვს გამოცდილება და მასთან სათანადო მკურნალობის ან რეკომენდაციის გავლა მშვიდად და წყნარად.
მე არც კატეგორიული და არც მკაცრი ვარ, უბრალოდ, ვიცი, რომ ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ვაქცინა. მომხრე ვარ ვაქცინაციის, უკვე ვეწერები ამ რიგში, რომ გავიკეთო და ჩავიტარო ვაქცინაცია და არ მინდა, ადამიანებს ჰქონდეთ დამატებითი შიშის ფაქტორი და ამაზე აგებული მითები. არ არის ეს საპანიკო თემა, საშიში არის ვირუსი“.