ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილისთვის ლოცვას და დადებითი ენერგიის გაგზავნას ახლა ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
80 წლის გენიალურ მომღერალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ნანა გოთუა, ფონდის “ქართული გალობა” აღმასრულებელი დირექტორი:
“ბატონო ანზორ, თქვენ უნდა იყოთ ძალიან კარგად, ძალიან დიდხანს… სხვანაირად ფიქრის უფლებაც კი არ გაქვთ… ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი.”
ცნობილი კომპოზიტორის, ლოტბარისა და მომღერლის არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილმა და მოწაფე, ანზორ ერქომაიშვილმა,
1968 ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი “რუსთავი”; 1983–1996წწ.
უცხოური ფირმებისათვის ჩაწერა 300-ზე მეტი ქართყლი ხალხური სიმღერა, რომლებიც კომპაქტური დისკების სახით ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
1976 ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი “მართვე”, რომელსაც 2000 წლამდემდე ხელმძღვანელობდა;
1994 წელს ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა მოსწავლეთა სასახლე. აღსანიშნავია ა. ერქომაიშვილის, როგორც ხალხური მუსიკის შემკრების, დამსახურება.
მან 1972-იდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კრასნოგორსკი, რიგა, თბილისი) მიაკვლია 500-ზე მეტ ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას, შესრულებულს 1907-იდან 1930 წლამდე. მათი რესტავრაციის შემდეგ ფირმა “მელოდიაში” გამოსცა 5 ფირფიტა გამოკვლევებითურთ;
1992 წელს ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902–1914 წწ. ინგლისური ფირმების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართულ ხალხურ სიმღერას; აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობითაც (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა;
1985–1989 წწ. მოიწვია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები და ფირმა “მელოდიაში” ჩაწერა 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა; ფირებზე ჩაწერილია როგორც ყველა ხმა ერთად, ისე თითოეული ცალკ-ცალკე, სადაც ნათლად ჩანს თითოეული მომღერლის საშემსრულებლო მანერა; აღადგინა, გამოსცა და მომავალ თაობებს გააცნო ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება; ავტორია წიგნებისა: “ბაბუა” (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), “შავი შაშვი ჩიოდა” (1989), “ძველი სიმღერების კვალდაკვალ” (1979).
მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპეკტაკლი. 2001 წელს მისი ინიციატივით და იუნესკოს ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, მომზადდა და გამოიცა (2006) XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001), ერთი ნაწილი (1901–1914), რომელშიც შედის ქართული ხალხური სიმღერებისა და საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები.
არის სტუდენტთა და ახალგაზრდობის მუსიკალური ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი.