ექსპრემიერ გიორგი გახარიას მოულოდნელმა სტუმრობამ ოზურგეთში დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია.
ყოფილი პრემიერი ოზურგეთს ძმებ არველაძეებთან ერთად სტუმრობდა და მათთან ერთად არველაძეების კუთვნილი მოცვის პლანტაციები დაათვალიერა – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლიხაურსა და ჯუმათში, ასევე დაბა ნარუჯაში.
აქ ახლო წარსულში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები რამდენიმე ათეულ ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობენ და იქვე მოცვის პლანტაციები აქვთ გაშენებული.
ერთი შეხედვით აქ უჩვეულო რა უნდა იყოს, ხალხმა საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვის ფარგლებში მათივე საკუთრებაში არსებული პლანტაციები დაათვალიერეს.
ადგილობრივი საზოგადოების მითქმა მოთქმა არველაძეებთან ერთად ექსპრემიერის ყოფნამ გამოიწვია.
გახარია რომ პოლიტიკაში ახალი ამპლუით შემოსასვლელად ემზადება ეს ოზურგეთელებისათვის ახალი და გასაკვირი არ ყოფილა, არც ის, რომ შესაძლოა და დიდი ალბათობითაც მის გუნდში ძმებ არველაძეებს ვიხილავთ – ადგილობრივების ინტერესი გახარიასა და ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის შესაძლო კავშირებია.
შეხვდა თუ არა ექსპრემიერი ოზურგეთის მერს და შეიძლება თუ არა შარაშენიძეც გახარიას გუნდში ვიხილოთ.
“გურიის მოამბე” ამ თემაზე ოზურგეთის მერს დაუკავშირდა, რომელიც ფრიად გაკვირვებული დარჩა იმ ინფორმაციით, რომ ოზურგეთში ექსპრემიერი გახარია ყოფილა ჩამოსული.
– რას ამბობთ, პირველად თქვენგან მესმის. არანაირი შეხვედრა არ მქონია.
“გ.მ” – თქვენ გუშინ შეხვედრა არ გქონიათ ძმებ არველაძეებთან და მათ თანმხლებ სტუმრებთან?
-არველაძეებს კი შევხვდი ჩემს კაბინეტში, რაღაც სამაცივრე მეურნეობაზე ვისაუბრეთ და სხვა არაფერზე.
-“გ.მ” და თქვენ პირველად გესმით ჩვენგან რომ ოზურგეთში არველაძეებთან ერთად გახარიაც იყო ჩამოსული? ცენტრალურ მედიაშიც იყო ეს ინფორმაცია.
-არა ბატონო არ მიყურებია, არ წამიკითხავს და არც გამიგია.
-“გ.მ” პრესსამსახური ხომ გყავთ დავიჯეროთ ასე მოწყვეტილი ხართ საინფორმაციო სივრცეს?
-მყავს აბა არა, ახლაც ჩემთანააა აგერ ეკა მგელაძე…
-“გ.მ” – და გახარიას გუნდიდან რაიმე შემოთავაზება არ გქონიათ?
-გახარიას არც ჩამოსვლის ვიცი რამე და არც წასვლის, არანაირი კომუნიკაცია მასთან არ მქონია.
შარაშენიძე ისეთ უარზე იყო ბოლოს, გახარიას ხსენებაზე ლამის”თფუი ეშმაკსო” კინაღამ გვითხრა, მაგრამ შეუძლებელია ნებისმიერმა ჭკუათმყოფელმა დაიჯეროს – ექსპრემიერი, რომელმაც წინა დღით ზუგდიდში კოსტავასა და გამსახურდიაზე ისაუბრა, გურიაში კი არველაძეების მოცვის პლანტაციების მოსანახულებლად ჩამოსულიყოს.
მინიმუმ გახარია იმით მაინც დაინტერესდებოდა რას ფიქრობს “დამოუკიდებელი ” სტატუსის მქონე მერი, რომელიც დღემდე არ დაბრუნებია “ქართულ ოცნებას” და მასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
ვინ თუ არა გახარიამ კარგად იცის ამ დაპირისპირების სიმძაფრე, თუნდაც მისი პრემიერობისას თვითონვე რომ ცდილობდა საპარლამენტო არჩევნების წინ ამ “პატარა” პრობლემის დარეგულირებას.
მოკლედ რამდენიც არ უნდა უარყოს კოტე შარაშენიძემ დიდი ალბათობით მოლაპარაკებები მასსა და გახარიას შორის დაწყებულია და ამ მოლაპარაკების წარმატების შემთხვევაში, ანუ თუ ოზურგეთის მერი გახარიას პოლიტიკურ გუნდში აღმოჩნდა ცხადი ხდება, რომ გიორგი გახარიას მოძრაობა “ქართული ოცნების” სათადარიგო ვარიანტად განიხილება და მის უკან დიდი ალბათობით ოლიგარქი ივანიშვილი დგას.
რადგან კოტე შარაშენიძე ივანიშვილს არასდროს დაუპირისპირდება და ყოველთვის მისი მითითებების შემსრულებელი იქნება.
თავი რომ დავანებოთ ოზურგეთის მერისა და ოლიგარქის რამდენიმე წლიან ახლო ურთიერთობას, ამის თქმის საფუძველს თუნდაც ბოლო სამი არჩევნები იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ‘ქართულმა ოცნებამ” ყველა კანონიერი და უკანონო გზები, დაშინება, მოტაცებები, გაყალბება, “შავი პიარი” გამოიყენა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს რომ შარაშენიძე ოზურგეთის მერი ვერ გამხდარიყო ( ამ უკანასკნელმა გამარჯვებას ოპოზიციის მხარდაჭერის ხარჯზე მიაღწია), მომდევნო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისას შარაშენიძე მთელი თავისი შესაძლებლობებით იმ ძალისა და ხალხის გვერდზე დადგა ვინც ცოტა ხნის წინ, რბილად რომ ვთქვათ, მასზე და მის მომხრეებზე ძალადობდა.
ასეთ მეტამორფოზას კი ის მისსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული ახლო და “თბილი” ურთიერთობებით ხსნიდა.