“ბოტებს“ დავალება მისცეს, აბა, სააკაშვილმა, რომ ჩამოიყვანა სობჩაკი? სობჩაკი პუტინის წინაღმდეგ მებრძოლია მთელი ეს წლები. თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?!“- ასე მიმართავს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ვიდეო მიმართვაში და რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში ვიზიტს ეხმიანება.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს-როგორც მტერს. “დააკვირდით ივანიშვილის “ბოტებმა“ რა ამბავი ატეხეს, ვაჟა-ფშაველა, “დღეს სტუმარია ჩვენი“ რა სტუმარია?! ეს სტუმარი არ არის! ეს ის ადამიანია, მათ შორის, პოზნერი, რომელიც გარბაჩოვთან ერთად პუტინმა გამოაგორა 2008 წელს იმიტომ, რომ რაღაც სახელი კიდევ ჰქონდათ შერჩენილი დასავლეთში.
ეს ძველი “კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი. რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის ორგანულია ასეთი ხალხის შემოშვება. ერთი მხრივ, “ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ ამ ყველაფერში, მეორე მხრივ, იძახიან “როგორ არ შეიძლებოდა არ შემოშვება“, “ეს რა უპატივცემულობაა“. სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს – როგორც მტერს. მტერი, რომელიც შემოდის ტერიტორიაზე, არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ მას რაღაც ვიზა, ან პასპორტი აქვს.
“ბოტებს“ მისცეს დავალება, აბა, სააკაშვილმა რომ ჩამოიყვანა სობჩაკი? სობჩაკი პუტინის წინაღმდეგ მებრძოლია მთელი ეს წლები. თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ მე, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?! კიდევ მე მედარებით?! ეს ხომ ნიშნავს, რომ სრული არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს ძალიან სიპატარავეს, იმას, რომ საქართველო არ გიყვართ, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა, საქართველოს მოღალატეები ხართ“, – აცხადებს სააკაშვილი.