ეპოქალური დანაკარგების დღეებია – ერთი გიგანტური ქართველის დაკრძალვის დღეს, მეორე გიგანტური ქართველი დავკარგეთ.
გურამ დოჩანაშვილთან, უკიდურესად მოკრძალებულ ბინაში, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, თუ გინახავთ ეს საოცარი მწერალი, როგორ ასხამდა ჩაის, როგორ ჭრიდა პურს მის საყვარელ მეუღლესთან, ნათელასთან ერთად, როგორ უწყლიანდებოდა თვალები სრულიად უბრალო ამბების თხრობისას, მიხვდებოდით – ასეთი ადამიანები ბავშვობიდან კი არ მოდიან, საერთოდაც არასდროს მიდიან ბავშვობიდან.
ასეთი ბავშვებს უზარმაზარი ამბები ახლავთ ხოლმე თან – პროკლამაციის გაკვრისთვის დაჭერილი ახალგაზრდა გურამი, მოგვიანებით მოიგონებს, როგორ თათბირობდნენ მეგობრები ბინაში, მათ შორის კოსტავა და გამსახურდია, როგორ აშრობდნენ ახალდაბეჭდილ სველ ფურცლებს, როგორ დასხდნენ უნებლიედ და როგორ აყვათ შარვლებზე ფურცლები. ეს სცენა, ეს სასაცილო და ცოტა ყოფითი სცენა იყო ის მაგიური რეალიზმი, სადაც მერე დოჩანაშვილმა იცხოვრა და ბევრი გვაცხოვრა. ამ უცნაური სცენით დაიწყო ის დიდი ისტორია, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე, გურამი კი დიდ ლიტერატურამდე მიიყვანა. კაატინგები ბლომად შემოხვდა, მაგრამ ამ კაცს ლიტერატურა უყვარდა და ლიტერატურა კიდევ კაატინგებს ისედაც გულისხმობდა.
წავიდა და დაგვიტოვა ერთი წამი. ის წამი, სადაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი – სწორედ გურამმა გვისახსოვრა. უბრალოდ ჩვენ ამ წამის შემჩნევამდე ვიძინებთ ხოლმე.