საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიქმნა ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეიმუშავებს.
“ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. მათივე ინფორმაციით, დადგენილებას ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.