არასამთავრობო ორგანზიაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI)“ შეისწავლა „სახელმწიფო რწმუნებულის“ ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯი, რამაც ჯამურად 5 182 978 ლარი შეადგინა.
TI-ის განცხადებით, კვლევაში თავმოყრილია მონაცემები გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიისa და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ, არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, 4 297 151 ლარი შეადგინა, რაც 49 459 ლარით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (4 247 692 ლარი) შედარებით.
ამავე პერიოდში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი – 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის.
„ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 80 ავტომობილი, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 270 017 ლარი დაიხარჯა, რაც 17 834 ლარით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (252 183 ლარი)“, – აღნიშნულია კვლევაში.
ორგანიზაცია ძირითად მიგნებებში ასევე აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (9 868 ლიტრი) გურიის, აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა.
TI-ს ასევე ამბობს, რომ სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2020 წელს 47 442 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 19 628 ლარი დახარჯა.
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2020 წელს 454 428 ლარი დახარჯეს და შეისყიდეს 254 413 ლიტრი საწვავი; ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 46 327 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 82 660 ლარი“, – ამბობს TI.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს 28 392 ლარი გაიღეს.