ეს უნდა იყოს ბოლო ბოიკოტი, როდესაც პარლამენტარები არ შედიან პარლამენტში, – ამის შესახებ „ლელოსაქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი განმარტებით, იზიარებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების ლოგიკას, რომ „ბოიკოტი არ არის ის ფორმა, რომელიც უნდა დაინერგოს ამ ქვეყანაში“.
„ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ბოიკოტი არ არის ის ფორმა, რომელიც კომფორტულია ქვეყნისთვის, ოპოზიციისთვის. ჩვენ, იმაზეც ვთანხმდებით, რომ ბოიკოტი, პირველ რიგში, ზიანს აყენებს ქვეყანას, ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ეს ხომ იძულებითი ნაბიჯია. ვიოლა ფონ კრამონმა იცის, რომ მაგალითად „ლელო საქართველოსთვის“ პირველ რიგში მოწადინებულია შედგეს პოლიტიკური შეთანხმება, ჩვენ შევიდეთ პარლამენტში და არ გაგრძელდეს ვითარების არანაირი ესკალაცია.
კრამონის განცხადებას აქვს აბსოლუტური ლოგიკა და ვეთანხმები, რომ ბოიკოტი არ არის ის ფორმა, რომელიც უნდა დაინერგოს ამ ქვეყანაში. ეს უნდა იყოს ბოლო ბოიკოტი, ვგულისხმობ, როდესაც პარლამენტარები არ შედიან პარლამენტში. ამის შემდგომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს იმგვარი სისტემითა და ადამინისტრაციის კონტროლის ქვეშ და ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვოს. ამიტომ, ეს უნდა იყოს ბოლო პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში, როდესაც პარლამენტარები არ შედიან პარლამენტში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.