გაზეთ კავკაზის ჟურნალისტმა ნიკოლოზ დუნკელ-ველინგმა (ვენგერი) გურიაში სავარაუდოდ იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს. უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთი „კავკაზი“ კავკასიის სამხედრო ტიპოგრაფიული განყოფილების გამოცემა გახლდათ და მასზე ზედამხედველობას ახორციელებდა კავკასიის მთავარმართებლის კანცელარია.
მისი დანიშნულება გახლდათ კავკასიაში მყოფი რუსული სამხედრო ელიტის ინფორმირება. წერილები გაზეთ კავკასის 1853-54 წლების ხუთ ნომერში გამოქვეყნდა, აქედან ოთხი ნაწილი უკვე გამოქვეყნდა „გურიის მოამბეში“.
ამჟამად გთავაზობთ მეხუთე ნაწილს, რომლითაც დასრულდა გურიაზე წერილების გამოქვეყნება, რომელთა პუბლიკაცია ემთხვევა რუსეთ თურქეთის ამავე წლების ყირიმის ომს, რომლის დროსაც გურიაში რამდენიმე მნიშნელოვანი და ფართომასშტაბიანი და ბრძოლა მოხდა, რის გამოც მთელი გურია სავსე იყო რუსული ჯარით, რომლის რიცხოვნობა გარკვეულ პერიოდში რამდენჯერმე აღემატებოდა გურიის მოსახლეობის რიცხოვნობას.
ჩემი აზრით ძალიან საინტერესო უნდა იყოს რუსი სამხედრო კორესპონდენტის მიერ 170 წლის წინანდელი გურიის აღწერა. პუბლიკაციაში მითითებული თავადი დ. გ. სავარაუდოდ თავადი დავით გუგუნავა უნდა უნდა იყოს, რომელთანაც სტუმრობის აღწერასაც შეიცავს წერილი.
კახა ჩავლეშვილი
ნ. დუნკელ-ველინგი – ჩანაწერები გურიაზე
– ბოლო ნაწილი
3 თებერვალი 1854 წელი
გასულ წელს მე გავაცანი, უფრო სწორად შევეცადე გამეცნო „კავკაზის“ მკითხველისათვის კავკასიის ყველაზე გასაოცარი ქვეყნის – გურიის თვალწარმტაცი ადგილმდებარეობა. მაგრამ ადგილმდებარეობა, რაც არ უნდა კარგი იყოს მთავარია პეიჟისტისათვის და არა იმ ადამიანისათვის, რომლსაც სურვილი აქვს გაეცნოს ამა თუ იმ მხარეს, მის თავისებურებებსა და ხალხის ყოფიერებას, ერთი სიტყვით ყველაფერ იმას რაც მთლიანობაში იძლევა საშუალებას მის მონათხრობს მისცეს ქვეყნის აღწერის სახე. სწორედ ამის გამო მე ტვირთად მაწევს ვალდებულება გავაგრძელო ჩემი არასალიტერატურო მოთხრობა, რომელსაც ჩემი აზრით აქვს ერთი ღირსება – სიმართლე.
ამ ქვეყნის გაცნობის მსურველებს ვთავაზობ ჩემს მოკლე ჩანახატებს გურიის შესახებ: მხარის ღირებულებები ამ დრომდე პარტრიარქალურია და მათი უმრავლესობა მკითხველს ჰომეროსის დროს გაახსენებს. აღწერისას ამ ქვეყნის ისტორიასაც შევეხები, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა იმ ხალხის წარსული, რომელთა თაობები ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ერთმანეთს თქმულებებით გადასცემდნენ.
გურულების ქვეყანა მდებარეობს ორი ძლიერი ქვეყნის თურქეთის და იმერეთის სამეფოს შორის, მიხედავად ამისა მათ მაინც შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა, რასაც უნდა გურულები უნდა უმადლოდნენ თავიანთ მებრძოლ სულს, რომელმაც აიძულა მეზობლები არამარტო პატივი ეცათ მათთვის, არამედ მათი მოკავშირეობის მაძიებელნიც გამხდარიყვნენ. თუმცა თავისუფლების შენარჩუნებასთან ერთად მათ იმავე თურქებისა და იმერლებისაგან წესჩეულებებიც გადაიღეს, მაგრამ არა პირდაპირ არამედ მიუსადაგეს თავიანთს. – სწორედ ასეთ ნაზავს წარმოდგენს მათი უცნაური ზნე-ჩვეულებები, ძნელია გაერკვე მათგან, რომელი შემორჩათ მათი წინაპარი ლაზებისაგან და რომელი წარმოიშვა შემდეგში. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველია მათზე დაკვირვების სურვილის მქონე ადამიანისათვის. აღნიშვნის ღირსია ის, რომ გურულებმა კავკასიის ხალხებს შორის ყველაზე უფრო ნაკლებად გადაიღეს ევროპული წესები, სწორედ იმიტომ, რომ ძველს უფრო მეტად სცემენ პატივს. რა თქმა უნდა ეს ქვეყნის ადგილმდებარეობის გარდა გამომდინარეობს იქედან, რომ მთის მოსახლეობის გარდაქმნა განსაკუთრებით ძნელია. ბუნების მარადიული სილამაზით გარშემორტყმულ ხალხში ძალიან უცნაურად გამოიყურება ევროპელთა ცხოვრების წესები, თუმცა თუ კი გურულებმა ჩათვალეს, რომ რომელიმე ევროპული წესი მათ წესებზე უპირატესია, ამის აღიარების გარეშე ცდილობენ შეუთავსონ საკუთარ გემოვნებას და შეიქმნან თავიანთი თვითმყოფადი ფუფუნება.
გურულებში ჩვენ ვხედავთ ფანატიზამამდე მისულ ღვთისმოსაობის ნაზავს, რომელიც შედგება ერთის მხრივ ყველა მარხვის მკაცრი დაცვას და მეორეს მხრივ იმ იდეებისაგან რომლებიც ერთი შეხედვით დაუშვებელია ქრისტიანისათვის. მაგალითად დიდ ცოდვად ითვლება არ დაიცვან მარხვა ოთხშაბათს ან პარასკევს, მაგრამ იმავე დღესვე იგივენი მზადა არიან თურქებს მიყიდონ, როგორც მისი ისე სხვისი შვილი ან დაუნდობლად მოკლან ადამიანი. ეკლესიაში გულმხურვალე ლოცვასთან ერთად გურულს იქვე შეუძლია შეუთანხმდეს რამდენიმე ამხანაგს ძარცვასა და ყაჩაღობაზე ისე, რომ ასეთი ქმედება არ ჩათვალოს ღვთისმგმობელობად და წმინდანთა შეურაცყოფად.
სისხლის აღების წესს გურული მკაცრად არ იცავს და არც სავალდებულოდ არ მიაჩნია მისი დაცვა, განსხვავებით კავკასიელი მთილებისაგან ის მტერზე შურს იძიებს თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ მათდაგვარი შურისძიების დაუოკებელი წყურვილი არ გააჩნია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გურული მდაბიო ხალხი არც ისეთი სტუმართმოყვარეა, როგორც აბხაზი ან ჩეჩენი და მისთვის ისთივე წმინდა და საპატივცემლო არ გახლავთ მისი სისხლი. ის მკაცრია, როგორც მთიელი, მაგრამ მასში უკვე აღარ არის პირველყოფილი ზნე ჩრდილოელი მეზობლისა და მიღებული აქვს თურქული მზაკვრობა, ფუფუნება და სიამტკბილობა, აგრეთვე ასევე მასში არ არის უბრალო და ალერსიანი იმერელი გლეხი.
თავადაზნაურობა წარმოადგენს მდაბიოებთან სრულიად შეუთავსებელ დიდად პატივსაცემ კასტას. მათაც გადმოიღეს თურქებიდან ზოგიერთი წესჩვეულებები, თუმცა ზნეობრივი თვალსაზრისით დარჩნენ ხალხის ისეთივე მამაც და ღირსეულ წარმომადგენლად, როგორიც იყვნენ ძველ დროში. – ამის გამო მათ ყოველ საქციელზე დაინახავთ დიდ ზნეობრივ განსხვავებას მაღალი და მდაბიო კლასის წარმომადგენელებს შორის. თუმცა უნდა ითქვა, რომ მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხების წერტილი არსებობს: ესაა, თანდაყოლილი სიამაყე, სიმამაცე და ფუფუნებისაკენ ლტოლვა, მაგრამ არა ჩვენთვის ნაცნობი ევროპულისადმი ფუფუნებისადმი, არამედ ყოველგვარი აზიურისადმი, რაც მათ შეითვისეს აღმოსავლეთისაგან: ესაა მსახურთა სიმრავლე, იარაღი, ცხენები და ღირსესანიშნავ დღეებში სტუმრების უხვი გამასპინძლება.
ყველა გურული უსათუოდ მამაცია, განსაკუთრებით კი თავადაზნაურობა, ამ შემთხვევაში მდაბიოთაგან განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სიმამაცე მათ სისხლში აქვთ და თაობებიდან გადმოეცემათ და გლეხობისგან განსხვავებით ისინი სისხლის ანგარებითი აღრევას არ დაუშვებენ. როგორც უკვე ერთხელ ვთქვი სწორედ მათი სიმამაცეა იმის მიზეზი, რომ მიუხედავად ძლიერი მეზობლებისა დამოუკიდებელნი არიან და მიუხედავად მათი მცირერიცხოვნობისა საომარ პირობებში მათი ბრძოლისუნარიანობის გამო ნებისმიერი ქვეყნისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
რაც შეეხება ფუფუნებასა და სიამტკბილობას, ერთი შეხედვით ღარიბი დაბალი კლასის მოსახლეობას ამაზე გაფიქრების საშუალებაც კი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სინამდვილეში მდაბიო გურული ყველაზე საზარელ დანაშაულზეც კი წავა, რომ მიიღოს მისთვის გასაგები ფუფუნებისათვის საჭირო ნივთები და ნეტარება. – ისინი ანგარებისმოყვარულნი არიან არა იმიტომ, რომ რაიმე ნივთი შეიძინონ, არამედ იმიტომ რომ დაიკმაყოფილონ თავიანთი ვნებები, რომლებიც მათგან ყველაზე მდაბიოსაც კი თანდაყოლილად დახვეწილი აქვს ყოველგვარი სიუხეშის გარეშე.
ბოლოს აღნიშნული ამ გაუნათლებელ ხალხში ძალიან უცნაური მოვლენაა, უბრალო გურული გლეხი, რომელსაც წარმოდგენაც არა აქვს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩველებრივ საგანზეც კი, რომლისათვისაც უცნობია მაღალი კლასისა და განათლებული საზოგადოების ცხოვრების პირობები, მაღალი წრის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ან ისეთ გარემოში მოხვედრისას, რომლის ბრწყინვალებამ ერთი შეხედვით გურული უნდა დააბრმავოს, იგი კი არ დაიკარგება, არამედ პირიქით გამოიჩენს საოცარ ტაქტს, თავაზიანობას და საზრიანობას. ჩემი აზრით ეს ბუნებიდან მინიჭებული განსაკუთრებულობა გურულებს ძალიან ბევრ ერზე მაღლა აყენებს. მაგრამ განათლებასთან ერთად მთიელთა ეს უნარი შესაჩნევად იკლებს, თუმცა იგივე თვისებები კვალს ტოვებს მათ ცნობიერებაში და განსაკუთრებულად კეთილშობილ ამაყ ხასიათში.
თავადაზნაურობაშიც იგივე ტაქტი და სიმშვიდეა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხანდახან ეს ღირსებები მათი გაჭიანურებული კუდაბზიკობისას უფასურდება. საერთოდ კი, როგორც ერთმანეთთან, ისე რუსებთან ურთიერთობაში არ კარგავენ სააკუთარ ღირსებას, ძალიან თავაზიანი და წინდახედულნი არიან. ხანდაზმულთა მიმართ პატივისცემა პატრიაქალური დროინდელია და მთელი თავისი ძლევამოსილებთაა შენარჩუნებული. ზრდასრული ასაკის შვილიც კი ვერ გაბედავს დაჯდეს ვერც მამისა და ვერც მისივე წოდების მასზე ასაკით უფროსი მამაკაცის წინ. ვახშმობენ მშობლებთან ერთად მაგრამ ეს ყოველ ჯერზე ისეთი მოვლენაა თითქოს შვილი განსაკუთრებულ წვეულებაზე იყოს მიწვეული. არცერთი ხმამაღალი სიტყვა არ შეიძლება ითქვას შვილების მიერ არც მამის და არც მასზე ასაკით უფროსი მამაკაცის თანდასწრებით, ყველაზე უფრო სწორედ ამ მოვლენაში იგრძნობა ასაკით უფროსი ადამიანის მიმართ პატივისცემა. იჯახის შვილებში თითქმის მამის პატივით სარგებლობს უფროსი ძმაც, რომელიც მამის გარდაცვალების შემთხვევაში იკავებს ოჯახის უფროსის ადგილს და ამ დროიდან მას უფლება აქვს მოითხოვოს უმცროსი და-ძმისაგან იგივე პატივისცემა, რაც მამას ჰქონდა, ასეთ შემთხვევაში დედაც კი რაღაც სახით ემორჩილება მის ნებას და გადაწყვეტილებებს, თუმცა ინარჩუნებს შვილის მხრიდან მასზე ზრუნვისა და მისდამი პატივისცემის მიღების უფლებას.
უმცროსი შვილები თავიანთ მოვალეობად თვლიან არამარტო დაემორჩილონ მამასა და უფროს ძმას, არამედ ემსახურებიან მათ და ცდილობენ მოსამსახურეებივით ასიამოვნონ. – ამ ჩვეულებას, რომელსაც აშკარად ატყვია სიძველის კვალი წმინდად ინახავს ყველა სამხრეთკავკასიური ტომი, განსაკუთრებით კი გურულები. ასევე სათანადო ყურადღების ღირსია ის პატივისცემა, რომელიც გლეხებს გააჩნიათ თავიანთი მფლობელების მიმართ, ეს ისეთივე სიყვარულის და პატივისცემის გამოვლინებაა, როგორიც არსებობს მამასა და შვილს შორის, რომელსაც თანდაყვება ძალიან დიდი მორჩილების ნიშნები.
მის ბატონთან შეხვედრისას გურული გლეხი თავს ხრის და ემთხვევა მისი ტანსაცმლის კალთას. თუ მას შეხვედრისას აქვს რაიმე ხილი, თევზი ან ნანადირევი, იმავ წამს მიართმევს ბატონს საუკეთესო ნაწილს, რითაც აგრძნობინებს, რომ ეს ყველაფერი მისი ბატონის საკუთრებაა, ასეთ შემთხვევაში ბატონისაგან საჩუქრის მიღებაზე უარის თქმას გლეხი დიდ შეურაცყოფად აღიქვამს.
ჩემი გურიაში ყოფნისას მიწვეული ვიყავი თავად დ. გ. მიერ დიდი ქეიფში, რომელიც მან მოაწყო ახლობლებისათვის 15 ვერსტზე ოზურგეთიდან, მისი ერთი საპატივცემულო აზნაურის სახლში. სუფრა იყო დიდებული და უხვი, ადგილობრივ საჭმელს ცვლიდა ევროპული კერძები, გულუხვი მასპინძლის მადლიერი სტუმრები იყვნენ მხიარულნი და ბედნიერნი. ვახშმის შემდეგ თავადმა შემოგვთავაზა ერთად დავბრუნებულიყავით ოზურგეთში, რაზეც ყველანი
სიამოვნებით დავთანხმდით და 40-50 მხედრისაგან შემდგარი ცხენოსანთა გუნდი გაუდგა გზას, რომელიც აზნაურის სახლიდან ოზურგეთამდე მთლიანად თავადის მამულებზე გადიოდა. გზად შემხვედრი ყველა სახლიდან ჩვენს დანახვისთანავე გამოდიოდნენ ოჯახობის მამები, რომლებსაც ხელში ეჭირათ ხის ლანგარი, ლანგარზე ეწყო ყოველივე საუკეთესო რაც კი სახლში გააჩნდათ და მოწიწებით სთხოვდნენ თავადს თავადაც გაესინჯა და სტუმრებსაც გამასპინძლებოდა. თავადი გ. ალერსიანად უხდიდა მათ მადლობას და ჩვენც გვთხოვდა არ გაგვენაწყენებინა გლეხები, ასე რომ გემრიელი და ტკბილი ყურძნის მირთმევის შემდეგ მოგვიწია გვეჭამა დამარილებული ან შებოლილი ხაჭო, შემდეგ კი გაგვესინჯა გამომშრალი თევზი ან ცომში გამოცხვარი კალმახი. ეს მაგალითი მომყავს იმის დასადასტურებლად თუ რა დიდ პატივისცემას გამოხატავს გურული გლეხი თავისი მფლობელების მიმართ.
ზოგადად გურულები ბრწყინვალე მსროლელები და საუკეთესო ფეხოსნები არიან, მათი მსვლელობა ნამდვილი საოცრებაა. მათთვის ცნობილია უახლოესი და მოკლე ბილიკები, რომლებიც მთიან ადგილებში მნიშვნელოვნად ამოკლებენ გასავლელ მანძილს, თუმცა მათი სვლის სისწრაფე და სიმსუბუქე უფრო დიდი ყურადღების ღირსია. გურიასა და სამეგრელოში ხშირად შეხვდებით საუკეთესო ცხენზე ამხედრებულ თავადს ან აზნაურს, რომელიც სტუმრად ან საქმეებზე მიმგზავრება 30 ვერსტის ან უფრო შორეულ გზაზე, მდიდრების ამალა ამხედრებულია, ხოლო შედარებით ღარიბ აზნაურს კი გვერდით ფეხით მორბენალი ბიჭი მოყვება, რომელიც მისი მუდმივი თანამგზავრია და მთელი გზა არ უნდა ჩამორჩეს, ასეთი სახის სამსახური აზნაურის საკუთრებაში არსებული რომელიმე კომლის ბეგარა გახლავთ, სამსახური ძალიან მძიმეა, თუმცა მომსამსახურის ვალდებულებას მხოლოდ ბატონის მგზავრობისას თანხლება და ცხენის მოვლა წარმოადგენს. მოგზაურობისას ისეც ხდება, რომ სარგებლობს რა ტყის მოკლე ბილიკებით თანამგზავრი მის ბატონს რამდენიმე ვერსტით უკან მოიტოვებს ხოლმე, ამასთანავე იგი ბატონთა წესისამებრ ყოველ შემხვედრთან როგორც ნაცნობთან ისე უცნობთან ჩერდება, ესალმება და ახალ ამბებსაც უცვლის.
მე მქონდა შემთხვევა დავრწმუნებულიყავი იმ დაუჯერებელ სისწრაფეში, რასაც გურულები იჩენენ მგზავრობისას, ერთერთ პატივსაცემ თავადთან ვახშმობისას ჩვენი საუბარი ამ თემასაც შეეხო, რაზეც ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ, ბოლოს ჩვენმა მასპინძელმა შემოგვთავაზა დავერწმუნებინეთ გურულების სწრაფ და მსუბუქ სიარულში და შემოგვთავაზა ცდის ჩატარება, კერძოდ მან დაუძახა ერთ თავის მსახურს, მისცა ფული და უბრძანა წასულიყო ქუთაისში სამი ფუნტი სტეარინის სანთლების საყიდლად, რომელსაც გურიაში რატომღაც კარტოფილის სანთელს ეძახიან. დავალების მიცემის ბოლოს თავადმა გააფრთხილა მსახური – „ზეგ დილით აქ უნდა იყო“. ბიჭმა თავი დაუხარა და გავიდა, ამის შემდეგ ზუსტად დანიშნულ დროზე გამოცხადდა ნაყიდი სანთლებით. საჭიროა აღინიშნოს, რომ ოზურგეთიდან ქუთაისამდე საფოსტო გზით მანძილი დაახლოებით 125 ვერსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავადის მალემსრბოლელმა 36 საათში 250 ვერსტი გაიარა, ამასთანავე გარკვეული დრო დახარჯა სანთლების ყიდვაზეც. რათქმაუნდა ამ მანძილიდან გამოსაკლებია 60 ვერსტი, რომელითაც გზა შემცირდა ნაცნობი ბილიკების გამოყენებით, მიუხედავად ამისა სვლის სისწრაფე მაინც საკვირველია.
გურულები ყველა სამუშაოს ასრულებენ მოთმინებით და სიმსუბუქით. კვებისას არაჩვეულებრივად ზომიერნი არიან, მაგრამ დიდი ქეიფებისა და სადღესასწაულო ვახშობისას ბევრს ჭამენ და ავად ხდებიან. თითქმის უწყვეტ მარხვებს მკაცრად იცავენ, ცოტას მოიხმარენ პურს, რომელსაც აქ ღომის სქელი ფაფა და სიმინდის ფქვილიდან დამომცხვარი მჭადი ცვლის. მათ ისე აჩვევენ შიმშილის ატანას, რომ ბევრი მათგანი რამდენიმე დღის განმავლობაში საკვების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას ღებულობს. განსაკუთრებით გამაკვირვა მათმა უპრეტენზიობამ ხანგრძლივ და ხშირ შემთხვევაში უიღბლო ნადირობისას, მაგრამ როცა ირემს ან თხას მოვინადირებდით ძველი ბერძნების შესაფერისი ჰომერული ქეიფს მართავდნენ.
გურულები მეცნიერებისა და ენის ცოდნით ისე არ გამოირჩევიან როგორც ეს მოსალოდნელია, მაგრამ თუ კი სწავლა დაიწყეს მიზანს არაჩვეულებრივი მონდომების შედეგად აღწევენ. მდაბიო გურულ ხალხში უფრო ნაკლები განათლებაა ვიდრე მეზობელ სამეგრელოში. ყველა თავადმა იცის ქართული წერა კითხვა, დიდმა უმრავლესობამ კი თურქული ენა. საერთო სალაპარაკო ენა რომელზეც ისინი საუბრობენ არის ყველაზე უფრო სუფთა ქართული ენა, ან როგორც საქართველოში ეძახიან „სათავადო ენა“. ამასთანავე ამ ენის მკაფიო და სასიამოვნო ხმოვანებას გურულის ბაგე კიდევ უფრო ჰარმონიულს ხდის.
გურიის მკვიდრნი გამოირჩევიან დადებითი თვისებებითა და თანმიმდევრულობით, ახალგაზრდები არც ისე უსაფრთხონი არიან, როგორც ეს გახლავთ საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოშია. შუა ასაკის ადამიანები გამჭრიახნი არიან, ხოლო მოხუცები ალერსიანები და მეგობრულნი, მაგრამ საეთოდ ყველა ასაკისანი ფეთქებადი და ბრაზიანია თუ კი ვინმე შეეხება მათ ეროვნულ, ოჯახის ან პიროვნულ ღირსებას. ისეთმა სიტყვამ ან მოქმედებამ, რომელზეც მეგრელი, იმერელი და ქართველიც კი არანაირ ყურადღებას არ მიაქცევს, გურულზე შეიძლება აღმაშფოთებლად იმოქმედოს, რასაც შედეგად ჩხუბი მოყვება, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში სისხლისღვრით მთავრდება. თავადაზნაურობაში ზნეობრიობა შემონახულია ძალიან მაღალი ხარისხით, მაგრამ ჩვეულებრივი ხალხი ამით თავს ვერ მოიწონებს, ეს უცნაური მოვლენა უნდა მიეწეროს მათზე თურქების მავნე გავლენას, რომლებმაც ფულისა და საჩუქრების მეშვეობით ისინი ტყვეთასყიდვას და ყაჩაღობას შეაჩვია, შეიძლება კი იყოს ზნეობრიობა იქ სადაც მამას შეუძლია თავისი ქალიშვილი მიყიდოს თურქულ ჰარემს?
საერთოდ გურულები ერთმანეთში საუბრისას, ასევე ქალებთან მათ შორის დედასთან და დასთან საუბარშიაც კი ძალიან თავისუფალნი და მოურიდებელნი არიან, რა დროსაც სინაზის და პატივისცემის გამომხატველი სიტყვებთან ერთად დასაშვებია ევროპელისათვის მიუღებელი სიტყვების ხმარებაც. ეს ძნელად ასახსნელი თავისებურება საერთოა მეგრელების, იმერლებისა და გურულებისათვის, ბევრი ვეცადე მაგრამ მაინც ვერ დავადგინე საიდან წარმოიშვა აღმოსავლური მკაცრი წესებისა და ადათის საწინააღმდეგო ეს ჩვეულება, მაგრამ ამ მხრივ ჩემი კვლევები და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მცდელობა უშედეგო გამოდგა.
ახლაგაზრდები ოჯახში სარგებლობენ სრული თავისუფლებით, თუ არ ჩავთვლით ოჯახის უფროსთან მათი ურთიერთობის წესებს. ოჯახის უფროსის არ ყოფნისას ცოლი სახლში იღებს მხოლოდ ნაცნობ ქალებს და ყველანაირად თავს არიდებს სხვა კაცების ოჯახში მიღებას, რადგანაც არ გამოიწვიოს ისეთი ხმების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა ქმრის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ხოლო ქმარის სახლში ყოფნისას გუწყვეტლივ და დიდი გულისხმიერებით ღებულობს სტუმრებს, რუსებთან და ზოგადად უცხოელებთან გურული ქალები ძალიან მორიდებულნი, კეთილგანწყობილი და გულისმხიერნი არიან, სიამოვნებით ღებულობენ ქათინაურებს და მათი სილამაზის აღნიშვნას, რაც მართლაც, რომ ძალიან განსაკუთრებული აქვთ, მაგრამ ევროპელის თვალში მათი სილამაზე იკარგება გადამეტებული ფერუმარილის ხმარების გამო. მათ განსაკუთრებით უყვართ ნათელი ფერების უძვირფასესი ნაჭრისაგან შეკერილი ტანსაცმელი, მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ გარეგან ჩაცმულობას ვიდრე იმ ნატიფ ფუფუნებას, რომელსაც აღწევს ტუალეტ განათლება მიღებული ქალი, ამიტომაც თეთრეული არ ითვლება ტანსაცმელის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად და უგულვებელყოფილია გურული ქალების მიერ, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მხოლოდ გარეგანი ჩაცმულობის ბრწყინვალებას.
გურულების წესჩვეულებები ძალიან ახლოსაა მათი მეზობლების აფხაზების, მეგრელებისა და იმერლების ჩვეულებებთან, მათ შორის მიცვალებულის დატირება თითქმის ერთნაირი წესით ხდება. რაც უფრო მდიდარი და მაღალი წრისაა გარდაცვლილი მით უფრო მეტია მისი გასვენების დამსწრე, რომლებიც საგანგებოდ ჩამოდიან შორეული კუთხეებიდან სამძიმრისა და წუხილის გამოსახატად. სამგლოვიარო წესების დასრულებამდე მიცვალებული დასვენებულია სპეციალურ სახლში, რომელშიც შედის ყველა მსურველი რიგითობის დაცვით, კერძოდ მაღალი წოდებისა და გარდაცვლილთან ნათესავობის გათვალისწინებით. ყველა დამტირებელს მოაქვს ძღვენი, რომელიც შეესაბამება მის ღირსებას და გარდაცვლილის წოდებას. თვით დასაფლავების წესი რაიმე განსაკუთრებულს არ შეიცავს, მაგრამ ტირილი, ღრიალი, კივილი და სისხლის წამოსვლამდე სახისა და მკერდის დაგლეჯა ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიერ შეგვახსენებს ამ წესის სიძველესა და მის ნათესაობას ეგვიპტის, საბერძნეთისა და რომის დაქირავებულ მოტირლებთან.
უცხოელებში დიდ გაოცებას იწვევს გურიაში არსებული შვილების ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ყველა გურულს უფლება აქვს სთხოვოს მისთვის განსაკუთრებულად პატივსაცემ ქალს იშვილოს იგი. შვილების ჩვეულება იწყება რამდენიმე დღიანი მარხვითა და ლოცვით, რომლის შემდეგ ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანდასწრებით გასაშვილებელი ძუძუს წოვს მის მიერ არჩეულ დედას. ასეთი ნათესაობას გურულები ძალიან აფასებენ და უფრთხილდებიან, ამის შემდეგ არ შეიძლება იყოს არანაირი სხეულებრივი კავშირი, როგორც მათ ისე მათივე შთამომავალთა შორის. ყოფილა შემთხვევები, როცა მშვილებელი ქალის მოთხოვნით განსაკუთრებით ბოროტი ყაჩაღებიც კი ბარდებოდნენ მართლმსაჯულებას და ემორჩილებოდნენ თავიანთ ბედს.
მაგრამ როგორც ჩანს ეს წესჩვეულება უკვე კარგავს ძალას და ადგილს უთმობს მარჩენალისა და სარჩენის ურთიერთობიდან გამომდინარე ნათესავობას. არც ერთ ხალხში დედის რძით ძმა ან და ისეთი უფლებებით არ სარგებლობს, როგორიც მათ გურიაში აქვთ.
გურულის ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული არ არის, თავადებისა და აზნაურების ცხოვრება ერთფეროვანია, ზრუნავენ ოჯახზე, დადიან სტუმრად და უმასპინძლდებიან ნათესავებსა და ახლობლებს. მდაბიო ხალხი ამუშავებს ყანებს, ჭრის ხეტყეს და ზოგადად ეწევა მიწათმოქმედის მშვიდობიან ცხოვრებას.
ომის დაწყება და მილიციის თავშეყრა დიდ სიხარულს იწვევს გურულის მეომარ გულში და ისინიც სიხარულით ცვლიან თოხსა და ნაჯახს თოფზე, საომარი ყიჟინა კი ყოველთვის ნახულობს მათში ხალისიან გამოძახილს. ასეთ სიხარულს მათში ომისთვის დამახასიათებელი თავისუფლება იწვევს, რომელიც მათ აძლევს საშუალებას ხელი მიჰყონ უკანონო ვაჭრობას (კონტრაბანდა) და ყაჩაღობას. სწორედ აქ იჩენენ ისინი განსაკუთრებულ სისწრაფეს, სიმამაცეს და გამბედავობას. ამ გმირობებს მათი თანამემამულეები ისე არ უყურებენ როგორც განათლებულ ქვეყნებში. პირიქით ამ საქმიანობით დაკავებული ხალხი, ყოველთვის ნახულობენ თანაგრძნობასა და თავშესაფარს მოსახლეობაში.
გურულებს ბევრი წესი გადმოღებული აქვთ თურქებისაგან, მაგალითად დაბანა ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, მაგრამ აქვთ თავიანთი ძალიან ძველი წარსულიდან შემონახული წესები, რომელიც შემორჩენილია ძველი ბერძნების დროიდან, რომელთაგან ყველაზე საინტერესოა მოგზაურებისათვის ფეხების დაბანისა და მათთვის საჭმელის მირთმევის წესი.
როგორც კი მგზავრი ცხენიდან ჩამოხტება, მასპინძლის მსახურები მიაცილებენ მას სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლში, სადაც დაბინავებული სტუმარი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. რამდენიმე წუთში გამოცხადდება მასპინძლის ვაჟიშვილი ან ნათესავი, როგორც წესი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სტუმარს სთავაზობს ფეხების დაბანას, ფეხების დაბანის შემდეგ ბიჭი თავდახრილი გადის და მისი გასვლისთანავე შემოაქვთ სკამი და სუფრა საჭმელით, რასაც თან შემოყვება მასპინძელი, რომელიც ესალმება სტუმარს. ეს წესი ამჟმად შემორჩენილია მხოლოდ გურიის მივარდნილ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ მძლავრობს ძველი ტრადიციები.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა