1819-20 წლების იმერეთ-გურიის საეკლესიო აჯანყება

ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია – კირიონ მეორე 

1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა.

ვასილი პოტო რუსანოვის დანიშვნას ასე აღწერს – „ერმოლოვის კავკასიაში დანიშვნისთანავე საქართველოს ეგზაროსად დაინიშნა ცნობილი უწმინდესი თეოფილაქტე“ სადაც „გაბატონებული იყო ძველი ქართული უწესრიგობა და სრული თავნებობა, რომელიც შერწყმული იყო საეკლესიო ქონების  შემოსავლებისა და ხარჯების უკონტროლობასთან. თეოფილაქტემ თავისი ჩვეული მგზნებარებით გადაწყვიტა დაემსხვრია და დაეძლია ეს არაგონივრული, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული საეკლესიო მოწყობა“.

რეფორმას არ შეიძლებოდა მღელვარება არ მოყოლოდა, რადგანაც პირველ რიგში კანონიკური დანაწესით მიერთებას სჭირდებოდა საქართველოს ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება, რასაც რუსებმა ვერ მიაღწიეს, ამასთანავე რუსული ეკლესიის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქართულისაგან კერძოდ რუსეთის ეკლესიას მართავდა სინოდი, რომელსაც სათავეში იმპერატორის მიერ დანიშნული საერო პირი ობერ-პროკურორი ედგა და რუსული ეკლესია პრაქტიკულად რუსეთის სახელმწიფო აპარატის ნაწილი გახლდათ. ამასთანავე სერიოზული განსხვავება გახლდათ ის, რომ ქართული ეკლესიის მაღალი იერარქები დიდგვაროვანი წარმოშობის იყვნენ, რაც ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებდა ეკლესიასა და თავადაზნაურობას, ასევე რუსული ეკლესია პირდაპირ ხაზინიდან ფინანსდებოდა, შეაბამისად საეკლესიო ქონება, მიწები და გლეხები ხაზინის საკუთრებაში გადადიოდა, რა დროსაც გლეხებს ბეგარა ნატურით  გადახდის ნაცვლად ფულადი სახით უნდა გადაეხადა.

კავკასიის მმართველი ალექსანდრე ერმოლოვი აფრთხილებდა თეოფილაქტეს, რომ იმერეთში რეფორმის გატარება ნაადრევი იყო და შესაძლებელი იყო ყველაფერ ამას დიდი მღელვარება  გამოეწვია. რის გამოც თეოფილაქტემ გადაწყვიტა თავად ჩასულიყო იმერეთში, რაც მისი აზრით თავიდან ააცილებდა მოსალოდნელ წინააღმდეგობას, ხოლო გურიასა და იმერეთში  სინოდალური პროკურორები გააგზავნა, რომლებმაც დადიანი და გურიელი გააფრთხილეს, რომ თუ იმერეთში დაწყებული მღელვარება მათ სამთავროებში გავრცელდებოდა მათთან დადებული შეთანხმებებს რუსები აღარ დაიცავდნენ და სამთავროები გაუქმდებოდა.

1819 წლამდე ანუ საკლესიო რეფორმამდე იმერეთში 7, გურიაში 2 და სამეგრელოში 2 ეპარქია იყო. პირველ ეტაპზე ეპარქიების გაერთიანებების შედეგად უნდა შექმნილიყო იმერეთში ერთი, გურიაში ერთი და სამეგრელოში ერთი ეპარქია, რაც თავისთვად ეპისკოპოსების რაოდენობასაც ამცირებდა.

კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსი გენერალ ლეიტანანტი ვასილი პოტო რეფორმის შესახებ წერს – „უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიების დახურვისა და საეკლესიო ქონების აღწერის შესახებ განკარგულება თავდაპირველად არ შეეხებოდა თავადაზნაურების მამულებს და პირველ ეტაპზე შემოიფრგლებოდა მხოლოდ ისეთი მამულებით, რომელიც იმყოფებოდნენ უშუალოდ მთავრობის განკარგულებაში. მაგრამ თეოფილაქტემ რეფორმას მისცა საერთო გამოყენების სახე, რითაც შეეხო კერძო პირების ინტერესებს და უფრო მეტიც მათ საკუთრების უფლებას, რასაც არ შეეძლო არ გამოეწვია აშკარა უკმაყოფილება და წუწუნი“.

კავკასიის მმართველი ალექსანდრე ერმოლოვი 28.08.1819 წლის არსენ ზაკრევსკისადმი წერილში აკრიტიკებს თეოფილაქტეს გაუთვლელი მოქმედებების გამო – „ის რაც იმერეთში ხდება აქაური უმაღლესი სასულიერო პირის განკარგულებების გამო, ჩემში დიდ გაუგებრობას იწვევს,  ყველანაირი მათ შორის დაუშვებელი საშუალებებით იგი ცდილობს გაზარდოს საეკლესიო შემოსავალი.“ ერმოლოვის 1820 წლის წერილი ზაკრევსკისადმი: „მღელვარების მიზეზი გახლდათ ჩვენი აქაური ეკლესიის ხელმძღვანელის მიტროპოლიტის თეოფილაქტეს გადაწყვეტილება. რომელიც მან მიიღო ისე, რომ არ იცნობდა იმერეთში სასულიერო მმართველობას. როცა მან დაიწყო გარდაქმნები და იმერეთის სამღვდელოებამ დინახა რა, რომ ქონებას კარგავდნენ, აჯანყებისათვის განაწყვეს თავადაზნაურობა, რომლის ინტერესებსაც ასევე შეეხო თეოფილაქტეს ცვლილებები, ხოლო თავადაზნაურობამ აჯანყების სული შთაბერა ხალხს და გასულ წელს ყველანი იარაღის ქვეშ იყვნენ. თეოფილაქტე ეკლესიის შევიწოებაზე დაუფიქრებლად გადავიდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მას სურდა გაზრდილიყო შემოსავალი და თავისი ხელმძღვანელობისათვის ესიამოვნებინა“.

რეფორმების დაწყებისთანავე იმერეთის სასულიერო იერარქები და თავადაზნაურობა წერილობით ითხოვდა ერმოლოვისაგან თეოფილაქტეს შეჩერებას, ვ. პოტოს თავის ნაშრომში – „კავკასიური ომები“ მოჰყავს ციტატები მათი წერილებიდან: „ისინი წერდნენ „დიდხანს ვიყავით ურწმუნო აგარიანთა ხელში და ბევრი ტანჯვა გადავიტანეთ, მაგრამ აგარიანებიც კი არ ერეოდნენ ჩვენს სასულიერო საქმეებში“, რომ ისინი არიან „რწმენის აღმსარებელი ხალხი  და იცავენ მათ რწმენას ქრისტეს ჯვარცმის დღიდან, რომ არ შეიძლება იყვნენ დაუძლურებულ იუდეველებზე მეტად ჩაგრულნი, რომლებიც კეთილდღეობენ რუსების მმართველობის ქვეშ“. და რომ „მათ მწუხარებას არა აქვს საზღვარი როცა ხედავენ, როგორ იკეტება მათი წმინდა ეკლესიები, როგორ განდევნეს მათი ღვთისმოსავი მღვდელები, რომლებიც უანგაროდ მსხვერპლად ეწირებოდნენ მათი სულის საცხონებლად, როგორ ართმევენ ჯვარსა და ხატებს მათ მოკძალებულ შესამოსელს და სამშვენისს, და ბოლოს როგორ ართმევენ საეკლესიო ქონებას, რომელიც და საუკუნეების განმავლობაში შემოწირულია მეფეების მიერ ჯილდოდ მათ დამსახურებათა გამო“

აკადემიკოსი ნიკოლაი დურნოვო წერს: „ქართველი ხალხის მტრები, არამცოდნე გამრუსებელები, აცხადებენ, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას მოყვება პოლიტიკური ავტონომია. ეს უხეში და მდაბიო ტყუილია! იქნებოდა კი ზიზღისა და უპატივცემულობის ღირსი მამაცი ქართველი ხალხი, რომელსაც 12 საუკუნეზე მეტია თავისი მხრებზე გადააქვს არაბთა, სპარსთა, თურქთა და კავკასიელ მთიელთა მაგომეტანური ურდოების თავდასხმები, რომლებმაც დღემდე შემოინახეს მართლმადი­დებლობა მთელი თავისი სიწმინდით, თუ კი ისინი არ მოითხოვდნენ ძალადობით და უსამართლობის წართმეული უფლებების დაბრუნებას.“ 

მიუხედავად იმერეთის სასულიერო პირების და თავადაზნაურობის არაერთგზის თხოვნისა არ ჩარეულიყვნენ საეკლესიო საქმეებში 1819 წლის საეკლესიო რეფორმა გაგრძელდა, რამაც იმერეთში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია, ამავე წლის მაისში ეკლესიამ და დიდგვაროვნებმა იმერეთის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი სოლომონ I-ის შვილიშვილი ივანე აბაშიძე მეფედ გამოაცხადეს, რუსებს გადასახადების გადახდა შეუწყვიტეს და დაიწყეს თავდასხმები მათ პოსტებზე.

იმერეთის მმართველმა გენერალ მაიორმა კურნატოვსკიმ აჯანყების დაწყებისთანავე თეოფილაქტეს მოსთხოვა იმერეთის დატოვება და აჯანყებულებთან მოლაპარაკების დაწყებას შეეცადა, რაზეც აჯანყებულთა მეთაურებმა უპასუხეს – „ჩვენ არ დავიშლებით, სანამ თეოფილაქტე არ წავა იმერეთიდან, რადგანაც არც აქ და არც მთელ საქართველოში ვაჭრების ადგილი არ არის“ (ვ. პოტო).

ერმოლოვმა, რომელიც იმ დროისათვის დაღესტანში იყო, თეოფილაქტეს მისწერა, რომ იგი ამ ფორმით რეფორმის გატარებას არ ეთანხმებოდა, მაგრამ აქვე უთითებდა, რომ თუ რეფორმა უკვე დაიწყო იგი უნდა დასრულდეს გაცხადებული ფორმით, რადგანაც ნებისმიერი დათმობა მთავრობის სისუტედ ჩაითვლებოდა და შემდეგში მძიმე შედეგებს გამოიწვევდა. ერმოლოვმა იმავდროულად გასცა ბრძანება დაეტყვევებინათ ორი მიტროპოლიტი გაენათელი და ქუთათელი, რომლებიც ხალხს უკვე ღიად მოუწოდებდნენ იარაღით ხელში დაეცვათ სამშობლო და ეკლესია.

გენერალ კურნატოვსკის მოლაპარაკების დაწყება სისუსტედ ჩაუთვალეს, მისი მმართველობა ერმოლოვის სიტყვით, რომ ვთქვათ – თათართა შემოსევაზე უარესი იყო და მის ნაცვლად  იმერეთის მმართველად პოლკოვნიკი პუზირევსკი დანიშნეს, რომელიც ერმოლოვთან დაახლოებული პირი იყო.

პუზირევსკიმ იმერეთში ჩამოსვლისთანავე დაატყვევა  ორი ეპისკოპოსი – ექვთიმე გენათელი და დიონისოს ქუთათელი, სოლომონ I-ის შვილი და ივანე აბაშიძის დედა დარეჯანი და რამდენიმე აჯანყების მოთავე თავადი. დატყვევებულები პუზირევსკის ბრძანებით გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით თბილისში გადაიყვანეს. პოტო უთითებს გადაყვანის შესახებ ბრძანების შინარსს და როგორ „დააპროექტა“ მან დატყვევებულებზე ტომრების ჩამოცმევა –  „იმისათვის, რომ ტყვეები მორჩლად იყვნენ და გაქცევა ვერ შეძლონ, ასევე იმის გამო, რომ გადაყვანისას ხალხმა ვერ იცნოს მე გიბრძანებთ ჩამოაცვათ ჯვალოს ტომრები ღებინების საწინააღმდეგო ნახვრეტებით და შეუკარით ტომრები კისერთან და წელზე“. ასევე ბადრაგს უბრძანა ნებისმიერი საფრთხის დადგომის შემთხვევაში ტყვეები დაეხოცათ და გვამები მდინარეში გადაეყარათ. ქუთათელი მიტროპოლიტი სასტიკი მოპყრობის გამო გზაზე გარდაიცვალა. რუსმა ოფიცრებმა მისი გარდაცვალების ამბავი ბადრაგის ჯარიკაცებსაც კი დაუმალეს, რამდენიმე დღეში თბილისიდან ბრძანება მიიღეს, რომ დაეკრძალათ იგი ყოველგვარი პატივის გარეშე პირველივე შემხვედრ ეკლესიაში, რის შემდეგ იგი ანანურში დაკრძალეს.

ხატი არის – ღირსი ექვთიმე გაენათელის

წარმოშობით გურული შარვაშიძე (ან შარაშიძე) გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე რუსეთში გადაასახლეს, კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში გაენათელ მიტროპოლიტზე ამბობს: „იმპერატორმა დიდი ზეიმითა და პატივით მიიღო იგი, მაგრამ მიტროპოლიტი არ მოერიდა, ემხილებინა იმპერატორი საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისთვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის და მას ახალი ნერონი უწოდა”. სამშობლოდან გაძევებული მიტროპოლიტი გარდაიცვალა 1822 წლის 21 აპრილს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა, ღირსი ექვთიმე გაენათელის ნეშტი 2004 წელს საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძლეს.

ერომოლოვი ზაკრევსკისადმი 05.03.2020 წლის წერილში დატყვევებულებზე წერს – „მე აქ დამაკავა იმერეთში წარმოშობილმა მღელვარებამ. მიუხედავად რომლისა მე გადავწყვიტე იქედან გადმომეყვანა ყველაზე უფრო მღელვარებაში მყოფი რამდენიმე მაღალი სასულიერო პირი, რაზეც მთავრობის ნებართვა მქონდა და ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან თვითნებობას ადგილი არ ჰქონია“. ზაკრევსკისადმი  2020 წლის მაისის წერილი: „პუზირევსკის მიერ გატარებული ღონისძიებები წარმატებით დასრულდა. 1820 წლის 4 მარტს ერთდროულად იქნა შეპყრობილი აჯანყების ლიდერები – ორივე მიტროპოლიტი გელათელი და ქუთაისელი, მეფის ასული დარეჯანი და რამდენიმე გავლენიანი იმერელი თავადი“.

ივანე აბაშიძის დატყვევება პუზირევსკიმ ვერ შესძლო, რადგანაც აბაშიძე გურიაში გაიქცა და ქაიხოსრო გურიელთან შემოქმედის ციხესიმაგრეს შეაფარა თავი. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სამხედრო ისტორიკოსი გენერალ-ლეიტენანტი ვასილი პოტო თავისი წიგნის ერთ თავს უთმობს იმერეთის საეკლესიო აჯანყებას, რა დროსაც აღწერს, იმერეთის, სამეგრელოს, რაჭის და გურიის მოვლენებს, ხოლო ამ თავის 2/3 ეძღვნება მხოლოდ გურიას, როგორც ულამაზესი ქვეყნის აღწერას, ამასთანავე იგი დიდი აღფრთოვანებით წერს ქაიხოსრო გურიელზე, როგორც ძალიან ენერგიულ, მახვილგონიერ, უგანათლებულეს და ბრწყინვალე პიროვნებაზე – „იმერეთის აჯანყების მოთავეების დატყვევებისა და თავადი აბაშიძის მიერ ქაიხოსროს ციხესიმაგრეში თავის შეფარების შემდეგ მოქმედებათა ცენტრმა გადაინაცვლა გურიაში და საქმეში ჩართო ამ ქვეყნის უშესანიშნავესი ადამიანი.“

აჯანყებულთა დაკავების შემდეგ იმერეთში სრული სიწყნარე ჩამოვარდა, რამაც პუზირევსკის აფიქრებინა, რომ ივანე აბაშიძე თავისი ნებით ჩაბარებოდა და ხალხი გაუგზავნა მასაც და ქაიხოსროსაც, რომელსაც ასევე მოსთხოვა ჩაებარებინა აბაშიძე. ორივესაგან ურის მიღებამ, განსაკუთრებით კი ქახოსროს უარმა სტუმრის ჩაბარებაზე პუზირევსკი განარისხა, რადგანაც ქაიხოსროს რუს მაღალჩინოსნებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და პუზირევსკისათვის უარი ერთგვარი მოულოდნელობა იყო.

პუზირევსკი ველიამონოვს წერდა: „იგი უნდა განადგურდეს და ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ყაჩაღს, რომლის დანდობა არ შეიძლება“. ასევე ველიამინოვისაგან ითხოვდა ნებართვას თავს დასხმოდა შემოქმედის ციხესიმაგრეს და გაენადგურებინა, როგორც – „ქაიხოსროს ბანდის ბუდე“ „გზების შეკეთებისა და კარანტინის საბაბით“, „მე შევიყვან გურიაში ჯარს ნაწილ-ნაწილ და ბოლო წუთამდე არავის არ ეცოდინება ამის ნამდვილი მიზანი“.

ველიამინოვმა მოითხოვა, რომ ჯერ ქახოსრო დაებარებინათ ქუთაისში ახნა-განმარტებისათვის და თუ არ გამოცხადდებოდა, ამის შემდეგ ემოქმედათ. მართლაც ქახოსრო 1820 წლის 9 აპრილისათვის ქუთაისში დაიბარეს და იგი რათქმა უნდა არ გამოცხადდა. უკვე 13 აპრილს პუზირევსკი ჯარით შემოქმედისაკენ დაიძრა. შემოქმედში მისვლისას ჯარი ციხისაგან მოშორებით დააყენა, თავად კი მცირე ბადრაგით ციხესიმაგრისკენ დაიძრა. ციხესთან მისვლისას გაარკვია, რომ ქაიხოსროს ციხე დაეტოვებინა და მეზობელ სოფელში გადასულიყო.

შემდგომ მოვლენებს პოტო ასე აღწერს – „უკან ჯართან დაბრუნებისას პუზირევსკის მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს, რომელმაც მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა, რამაც მანამდე შედგენილი ყველა გეგმა და გათვლა თავდაყირა დააყენა. ხშირი ხშირი ტყით დაფარული გორიდან ჩამოსვლისას მას შეხვდა სამი გურული, რომლებსაც კითხა – სად არის ქაიხოსრო?

საპასუხოდ კი გაისმა სამი გასროლა და სასიკვდილოდ დაჭრილი პუზირევსკი ცხენიდან გვერდზე გადავარდა, მისი თანმხლები კაზაკი კანვოიერებიდან ერთი  დაჭრეს და შემდეგ ხანჯლებით მოკლეს, მეორე კაზაკი და ოფიცერი შეიპყრეს და ქაიხოსროს მიჰგვარეს, რომელმაც თითქოს  პუზირევსკის მკვლელს თოფი და ხმალი აჩუქა.

მოშორებით მდგარ რაზმს ესმოდა სროლის ხმა მაგრამ ვერ გაბედეს უღრან ტყეში შესვლა და ოზურგეთისაკენ დაიხიეს.

პოტოს მიხედვით ესაა ოფიციალური ვერსია და აქვე უთითებს მეორე ვერსიასაც, რომელიც მისი აზრით უფრო სარწმუნოა:

„ამბობენ რომ არაფერი ჩასაფრების მსგავსი არ ყოფილა, მაგრამ მოხდა ის, რომ პუზირევსკიმ გამოკითხა 15 წლის ბიჭი, რომელსაც ეკითხებოდა სად იყო ქაიხოსროს ადგილსამყოფელი, ბიჭი ამბობდა, რომ არ იცოდა ქაიხოსრო სად იყო, რისთვისაც პუზირევსკიმ მას მათრახი დაარტყა, ახალგაზრდამ ვერ მოითმინა შეურაცყოფა, დარტყმისთანავე გამოაძრო საფარველიდან თოფი და  ადგილზევე დააგდო იგი. ახლა ცნობილია ისიც, რომ ქაიხოსროს პუზირევსკის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და ძალიან შეწუხებული იყო მისი სიკვდილით.“ პოტოს აზრით მამია გურიელმა იმის გამო, რომ იგი რუსებს არ დაესაჯათ, პუზირევსკის მკვლელობა მის გამზრდელ ბიძას გადააბრალა, პუზირევსკის მკვლელობის ოფიალური ვერსიაც ამ ფორმით წარსდგა ერმოლოვთან.

ერომოლოვის წერილი ალექსანდრე პირველს 1820 წლის აპრილი:  „გურიის მფლობელის გენერალ-მაიორი თავადი გურიელის ბიძა, იგივე გვარისა, არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უბოროტესი ყაჩაღთა შორის, რომელიც აძლევს თავშესაფარს ყველა აშკარა მოღალატეს, გრძობდა რა მთავრობის მიმართ მის დანაშაულს და ეშინოდა პოლკოვნიკ პუზირევსკის მკაცრი ზედამხედველობის, იგი შეიპყრო ქაიხოსროს გარშემო მყოფთა ბანდამ, იგი წაიყვანეს მის საცხოვრისში და მოუსწრაფეს სიცოცხლე. სამწუხაროდ ეს არ გახლავთ უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც უნდა გავიღოთ აუცილებელი წესრიგის დასამყარებლად და მათი ხელისუფლებისადმი დამორჩილებისათვის“.

ადგილობრივი ვერსიის მიხედვით –  1820 წლის 13 აპრილს შემოქმედში მიმავალ პუზირევსკის ქაიხოსრო გურიელის ნათლული აზნაური იოთამ ბოლქვაძე და მისი ორი თანხმლები შეხვდა,  პუზირევსკიმ შემხვედრებს ჰკითხა – „სად არის ძაღლისშვილი ქაოხოსრო“ და ბოლქვაძეს მათრახი გადაჰკრა. რასაც ბოლქვაძის გასროლა და პუზირევსკის სიკვდილი მოყვა, რისთვისაც  ქაიხოსრომ თოფითა და ხმლით დააჯილდოვა ბოლქვაძე.

შემოქმედში სროლის ხმის გაგონებით შეშინებული რუსები ოზურგეთში დაბრუნდნენ, სადაც პუზირევსკის ჯარის ნაწილების გარდა სამეგრელოს პოლკი იდგა ორი ზარბაზნით, მაგრამ ისინი შემოქმედისკენ არ დაძრულან. პუზირევსკის დაღუპვის შესახებ ცნობის მიღებისთანავე პოდპოლკოვნიკმა ზაგორელსკიმ გურიაში ჯარით შესვლა გადაწყვიტა, სამხედროები ურჩევდნენ, რომ გურიაში მოუმზადებელი შეჭრა კარგს არაფერს მოუტანდათ და თავი შეეკავებინა. ზაგორელსკი ცნობილი ოფიცერი იყო, რომელმაც სახელი გაითქვა გუმრისთან სპარსელებთან სამდღიან ომში, რისთვისაც წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მაგრამ მას შემდეგ რაიმე განსაკუთრებული მიღწევა არ ჰქონია და ერმოლოვიც არ სწყალობდა, ეს შემთხვევა კი თავის გამოჩენის შესაძლებლობად აღიქვა და გურიისკენ სწრაფად დაიძრა.

15 აპრილის ღამეს ზაგორელსკიმ ჩოხატაურამდე მიაღწია, სადაც პოდპორუჩიკი კლუგენის მეთაურობით 44-ე ეგერთა პოლკის ორი ასეულისაგან შემდგარი გაძლიერებული პოსტი დატოვა და შემოქმედისაკენ გზა გააგრძელა. ოზურგეთიდან შემოქმედისაკენ მიმავალ გზაზე სამი ვერსტის შემდეგ უღრანი ტყე იწყებოდა, რომელშიც ზაგორელსკიმ ჯარი გაუფრთხილებლად შეიყვანა და უმალვე გურულების ალყაში მოხვდა,  ხანგრძლივი ხელჩართული ბრძოლითა და დიდი დანაკარგით შებინდებისას რუსებმა ძვლივს გააღწიეს  მდინარე ბჟუჟის ნაპირზე სადაც გამარდნენ და მთელი ღამე გურულების შეტევებს იგერიებდნენ, იმ იმედით რომ დილით ბჟუჟს გადალახავდნენ.

დილისთვის გურულებმა ბჟუჟის მეორე ნაპირი ჩახერგილი და გამარებული დაახვედრეს, ასეთ პირობებში ფონის ბრძოლით გადალახვა რუსებმა ვეღარ გაბედეს და უკან ოზურგეთისაკენ დაიხიეს. დადევნებულ გურულებს რუსებმა ძვლივს დააღწიეს თავი და როგორც იქნა ოზურგეთამდე ჩააღწიეს. სადაც მისვლისთანავე უკან დაეწიათ სამი უნტეროფიცერი ოციოდე ჯარისკაცით, რომელიც იმ ორი ასულის ნარჩენები გახლდათ, რომელიც ზაგორელსკიმ ჩოხატაურის დასაცავად დატოვა.

18 აპრილს მაშინ როდესაც ზაგორელსკი შემოქმედიდან  ბრძოლით უკან იხევდა, დავით ერისთავი თავისი რაზმით თავს დაესხა ჩოხატაურში გამაგრებულ ეგერთა ორ  ასეულს. ბრძოლის შედეგად რუსებმა უკან დაიხიეს,  ჩოხატაურის ბრძოლის ფინალში პოდპორუჩიკი კლუგენი მის გადარჩენილ ჯარისკაცებთან ერთად გურულებმა ხისგან აგებულ დუქანში შეიმწყვდიეს, მიუხედავად ამისა კლუგენი არ დანებდა, თავდამსხმელებმა დუქანს ცეცხლი წაუკიდეს და იქედან თავის გადასარჩენად გამოვადნილ რუსებს ტყვიები დაუშინეს. გურულებმა მოკლეს რუსი ჯარისკაცების დიდი უმრავლესობა, ტყვედ აიყვანეს დაჭრილი პოდპორუჩიკი კლუგენი ოცამდე ჯარისკაცთან ერთად, ოციოდე რუსმა ჯარისკაცმა კი გაქცევით ტყეს შეაფარა თავი და ძვლივს ჩააღწია ოზურგეთამდე.

ჩოხატაურისა და შემოქმედის ბრძოლების შემდეგ ივანე აბაშიძე იმერეთში გადავიდა, ხალხი შეკრიბა რუსების ერთერთ პოსტს დაეცა და გაანადგურა. მაგრამ იმერეთში აჯანყებულთა შორის სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ ივანე ბაშიძის გარდა მეორე მეფეც გამოჩნდა, კერძოდ იმერელი თავადაზნაურობის ნაწილი საზანოში შეიკრიბა და იმერეთის მეფედ  დავით ბატონიშვილის უკანონო შვილი ვახტანგი გამოაცხადა და მასთან ერთად ქუთაისისაკენ დაიძრნენ, ვახტანგის მეფედ კურთხევისა და გვირგვინის დასადგმელად, თუმცა იქამდე ვეღარ ჩააღწიეს.

აჯანყება დაიწყო სამგერელოშიც, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მთავრის ლევან დადიანის ძმა გიორგი, რომელიც ელიტარული პრეობრეჟენსკის პოლკის ოფიცერი იყო და აჯანყების დაწყებისას სამეგრელოში შვებულებით იმყოფებოდა. მისი მეთაურობით მეგრელები თავს დაესხნენ ჭალადიდში მდგარ რუსულ ასეულს და გააქციეს. თუმცა მალევე ლევან დადიანმა თავისი მილიციით აიძულა გიორგი და მისი მომხრეები აფხაზეთში გადახვეწილიყვნენ. მოკლედ, რომ ვთქვათ გურულების საბრძოლო წარმატების შემდეგ აჯანყებამ ძალიან სერიოზული მასშტაბები მიიღო.

პუზირევსკის მოკვლისა და ზაგორელსკის მარცხისათვის შურისძიება რუსებისათვის მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენდა, ამ მიზნით იმერეთში გამოაგზავნეს პოლკოვნიკი გორჩაკოვი და გენერალ-მაიორი ველიამინოვი, ასევე იმერეთში შეიყვანეს რუსული არმიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილები. ივანე აბაშიძე და ქაიხოსრო გურიელი მოღალტეებად გამოაცხადეს, მეორე მეფედ გამოცხადებული ვახტანგის დახვრეტისა და ყველა შეიარაღებული პირის განადგურების ბრძანება გასცეს.

გორჩაკოვმა იმერეთში აჯანყებულების წინააღმდეგ წარმატებით დაიწყო მოქმედება. რა დროსაც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. გორჩაკოვი ესწრებოდა თავად წულუკიძის სახლის გაჩხრეკას, რა დროსაც წულიკიძემ ხანჯალი იშიშვლა გორჩაკოვის მოკვლის მიზნით, გორჩაკოვი სიკვდილს გადაარჩინა მისმა სომეხმა თარჯიმანმა, რომელმაც უკნიდან ხმალი ჩაარტყა წულუკიძეს, მძიმედ დაჭრილი წულიკიძე გორჩაკოვმა სახლში წაიყვანა და უმკურნალა, ამასთანავე გორჩაკოვმა წულუკიძისაგან აჯანყების ყველა დეტალიც შეიტყო.  რასაც შედეგად ის მოყვა, რომ ყველა ის თავადი დაატყვევეს, რომელიც ღიად აჯანყებაში ჯერ ჩართული არ იყო, მაგრამ ეხმარებოდა და თანაუგრძნობდა აჯანყებულებს, მათ დაძახილზე კი საბრძოლველად გამოცხადებას აპირებდნენ. შედეგად რუსებმა რაჭასა და იმერეთში აჯანყება ჩააცხრეს, აბაშიძე კი თურქეთში გაიქცა, იმერეთის მოსახლეობამ და თავადაზნაურობამ კი რუსებს მორჩილება აღუთქვა.

იმერეთის დაწყნარების შემდეგ ჯერი უკვე გურიაზე მიდგა და 24 ივნისს ველიამინოვი 3200 ჯარისკაცით შემოქმედის ციხე სიმაგრისაკენ დაიძრა. ადგილზე მისულ რუსებს შემოქმედის ციხე ბრძოლისათვის სრულ მზადყოფნაში დახვდა. პირველი შეტევა მაიორი მიხინის მეთაურობით ეგერთა პოლკის სამმა ასეულმა დაიწყო, რომელმაც გურულების 4 სათიანი განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ ტყიან გორზე ასვლა და ციხესიმაგრის მთავარ კართან გამაგრება მოახერხა. ბრძოლის მინელების შემდეგ შტაბს კაპიტან ბობრიკის მეთაურობით რუსების სხვა ნაწილებმა  ციხეს უკნიდან მოუარეს და იქ პატარა კარებს მიაგნეს, საიდანაც ციხეში შევიდნენ, მაგრამ იქ უკვე აღარავინ აღარ დახვდათ.

რუსებმა ერმოლოვის ბრძანებით შემოქმედის ციხე ააფეთქეს და საძირკვლიანად დაანგრიეს, ხელშეუხებელი დატოვეს მხოლოდ ციხის ეზოში არსებული შემოქმედის მონასტერი, რომლის ეზოში პუზირევსკის აკლდამა გაუკეთეს. რუსებმა შემოქმედის მოსახლეობა გაძარცვეს, სახლები გადაწვეს და ბაღვენახები მთლიანად გაანადგურეს.

შემოქმედის ციხის იმიტაციაა

შეშინებულმა მამია V გურიელმა ველიამინოვს პუზირევსკის მკვლელი 15 წლის ბიჭი მიგვარა, რომელმაც აღიარა, რომ მან ქაიხოსროს ბრძანებით მოკლა პუზირევსკი, გურიელის მიერ მიგვრილი ბიჭი რუსებმა სამხედრო მწკრივებს შორის გაატარეს და ცემით მოკლეს. რუსებმა  გურული აჯანყებულებიდან ნაწილი მოკლეს,  ნაწილი კი გადაასახლეს, მათი მცირეწლოვანი შვილები უპატრონო ბავშვთათვის განკუთვნილ რუსულ სააღმზრდელო სამხედრო ნაწილებში წაიყვანეს.

ერმოლოვის 1820 წლის მაისის წერილი: „აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილი იქნა გენერალი ველიამინოვი, რომელიც ჯარებთან ერთად ქუთაისში შევიდა 25 აპრილს. იმერეთში აჯანყების გამკლავების შემდეგ ივნისის დასასრულში გურიის აჯანყებაც ლიკვიდრებული იქნა. ციხესიმაგრე სადაც პუზირევსკი მოკლეს დანგრეული იქნა, ხოლო პირადად მკვლელი სასტიკად იქნა დასჯილი“.

„საქართველო რომელიც რამდენჯერმე იყო ვერაგი ღალატის მაგალითი და რა თქმა უნდა მხარს უჭერდა ამ დანაშაულს ყურადღებით აკვირდებოდა მღელვარების წარმატებებს. ასე რომ იმერეთსა და გურიაში მაგალითი მინდოდა მეჩვენებინა მთელი აქაური ქვეყნისათვის. შეიძლება სისატიკედ მოგეჩვენოთ, რომ აჯანყებულთა მცირეწლოვანი შვილები მე გავუშვი სამხედრო-ობოლთა განყოფილებაში, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა მათი სამომავლო მორჩილებისათვის“.

მამია გურიელმა და მასთან დაახლოებულმა თავად აზნაურობამ რუსებს შეწყალება სთხოვეს და მორჩილება აღუთქვეს, ქაიხოსრო გურიელი მის თანამოაზრეებთან ერთად თურქეთში გადავიდა და ამით საეკლესიო აჯანყებაც დასრულდა. ამის შემდეგ ეგზარხოსმა თეოფილაქტემ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაანხორციელა ქართული ეკლესიის ე.წ რეფორმა, რომელიც მისი ლიკვიდაციის ტოლფასი იყო და რის შემდეგაც 1500 წლიანი ქართული ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია რუსეთის საეგზარხოსო გახდა.

საეკლესიო რეფორმამ არამარტო საქართველოს სასულიერო ცხოვრება შეცვალა, არამედ რადიკალურად შეიცვალა ქვეუნის პოლიტკური, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობა, რის თაობაზეც დურნოვო წერდა – „სამცხის ქართული მაზრებში იმდენი სომეხი ჩაასახლეს, რომ უკვე 1897 წლის მოსახლეობის აღწერისას მაზრების სომხური მოსახლეობა შეადგენდა: ბორჩალოში 29%, ახლქალაქში 75% და ახალციხეში 30%, თვით ტიფლისშიც კი ისინი 30% შეადგენდნენ, ახლა კი გაცილებით მეტნი არიან. იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროიდან მართლმადიდებლურ საქართველოში დაასახლეს გერმანელები, რუსი სექტანტები: მოლოკნები, სუბოტნიკები, დუხობორები, შტუნდისტები, ბაპტისტები და სხვები.“

საეკლესიო რეფორმამ ქართული ეკელსია სრულიად გაანადგურა, ამას მოწმობს დურნოვოს მიერ შეგროვებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც – გაუქმდა ქართული მართლმადიდებ­ლური ეკლესიის 25 ეპარქია; დაიხურა 15 მონატერი; დაუხურა 860 ეკლესია; მღვდელმსახურებას ჩამოშორეს 1500 ზე მეტი მღვდელი; 15 000-დე გლეხის ოჯახი რუსეთის ხაზინის საკუთრება გახდა; რუსეთის ხაზინაში ამოღებული იქნა 150 000 000 რუბლის ღირებულების საეკლესიო ქონება, რომლის წლიური შემოსავალი 10 000 000 რუბლი გახლდათ.

 

საეკლესიო რეფორმის შედეგები – ფრაგმენტები ნიკოლაი დურნოვოს ნაშრომიდან – „საქართველოს ეკლესიის ბედი“  (1907 წელი)

 

„ცნო რა საკუთარ თავზე რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება, და დადგა აღმოსავლეთის საზღვრებზე რუსეთის ინტერესების დასაცავად, ქართველი ხალხი ჩვენგან ერთ რამეს ითხოვდა, ითხოვდა იმას რაც მისთვის ძვირფასი და წმინდა არის, იმას რაც ჩვენთვის რუსებისთვისაც წმინდაა, ითხოვდა: წმინდა რწმენას, ეკლესიას და ენას“.

„ყოველი ავტოკეფალური ეკლესიას, რა თქმა უნდა შეუძლია უარი თქვას ავტოკეფალიაზე, მაგრამ არა ძალადობით, არამედ თავიანთი იერარქების თავყრილობის გადაწყვეტილებით. რადგანაც იგი 1394 წელს მიერთებული იყო კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან.“

„ივერიის ეკლესია ავტოკეფალიას არ დაუკარგავს, რადგანაც დღემდე არ არსებობს ქართული ეკლესიის უმაღლესი იერარქების განჩინება მათი რუსეთის ეკლესიაზე მიერთებასთან დაკავშირებით, ხსენებულის ძალით ქართული ეკლესია ამაჟამადაც ავტოკეფალურია.

ჩვენს მმართველ სინოდს არ გააჩნდა კანონიკური საფუძველი შეიერთოს ქართული ეკლესია, აქედან გამომდინარე უფლება არ ჰქონდა 1811 წლიდან მასზე განხორციელებული ძალადობის საფუძველზე ემართა იგი. აი სწორედ ეს აძლევს ქართველ ეპისკოპოსებს უფლებას მოითხოვონ, რომ რუსეთის სასულიერო ხელმძღვანელობითმა იერარქიამ აღიაროს ქართული ეკლესია თვითმყოფადად და ავტოკეფალურად.

1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში, 2 გურიაში. ამჟამად ქართველებს აქვთ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში. რუსი ეგზარხოსი, რომელმაც არ იცის მრევლის ენა 1818 წლიდან მართავს ქართლის, კახეთის და სამცხის ეპარქიას.

1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. აი ეს გახლავთ  საქართველოში რუსული სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი.

ამას თან სდევდა ათეულობით მილიონი რუბლის ღირებულების ქონების დატაცება ქართული მონასტრებისა და სიწმინდეების ძარცვა. მარტო ხაზინაში ამოღებულია 150 000 რუბლის ღირებულების საეკლესიო ქონება“.

„აღსანიშნავია ის, რომ სომხურ ეკლესიას 1905 წელს დაუბრუნეს ქონება. ხოლო გამოთვლების მცოდნეთა განმარტებით ქართული ეკლესიის ქონების სარგებლობის შედეგად მიღებული შემოსავალი 10 მილიონ რუბლამდეა, რომელიც მთლიანად ხაზინაში მიდის და საქართველოს ეკლესიების დაფინანსება ამ თანხის 3-4% შეადგენს.“

„მმართველი სინოდის წარმომადგენლებმა წაართვეს ავტოკეფალია საქართველოს და იმერეთის ეკლესიებს, გააუქმეს 25 ეპარქია, რომელთაგან რამდენიმე არსებობდა საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლიდან ანუ 15 საუკუნე, გაანადგურეს ბევრი უძველესი მონასტერი, ხაზინას გადასცეს ქართული ეკელსიის მამულები და მიიყვანეს ქართული ეკლესია სავალალო მდგომარეობამდე, ამჟამად 860 ტაძარზე მეტი ღვთისმსახურების გარეშეა დარჩენილი“

„1894 წელს ქართველებმა მიმართეს წმინდა სინოდს იმის თაობაზე, რომ რუსმა ეგზარხოსებმა და ჩინოვნიკებმა საქართველოს ეკლესია და საეკლესიო საგანძური შემოსავლის წყაროდ გადააქციეს. სომხურ ეკლესიას დაუტოვეს კათალიკოსი და სრული თვითმმართველობა, არ ამცირებენ სომხური ეკლესიების რიცხვს, უწევენ ყოველგვარ მფარველობას სომეხ ხალხს“. როგორც ცნობილია სომხურ ეკლესიას 1905 წელს დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება, მაგრამ ქართულ სამოციქულო ეკლესია სრულიად გაანადგურეს“

„რუსი ბიუროკრატიის მიერ ქართველი ხალხის ასწლიანმა მმართველობამ მისი სრული უვარგისობა დაადასტურა. იმპერატორ ნიკოლოზ პირველამდე რუსული ბიუროკრატია ცდილობდა დაეგირავებინა ქართული მიწები, რაც გრძელდებოდა კავკასიაში თავად გოლიცინის მმართველობის დროსაც. სამცხის ქართული მაზრებში იმდენი სომეხი ჩაასახლეს, რომ უკვე 1897 წლის მოსახლეობის აღწერისას მაზრების სომხური მოსახლეობა შეადგენდა: ბორჩალოში 29%, ახლქალაქში 75% და ახალციხეში 30%, თვით ტიფლისშიც კი ისინი 30% შეადგენდნენ, ახლა კი გაცილებით მეტნი არიან.

იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროიდან მართლმადიდებლურ საქართველოში დაასახლეს გერმანელები, რუსი სექტანტები: მოლოკნები, სუბოტნიკები, დუხობორები, შტუნდისტები, ბაპტისტები და სხვები. რისთვის კეთდებოდა ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს ყველაფერი არ წარმოადგენდა სასარგებლო რამეს არ ქართველი ხალხისათვის და არც რუსეთისათვის. საქართველოში არა მართლმადიდებლების ჩასახლება, რომლებიც ქართველი ხალხის თვალში ერეტიკოსები და ცრუმორწმუნეები არიან, მათი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფაა და მათში ნერგავს რუსეთისადმი სიძულვილსა და უკმაყოფილებას.“

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    "ეკლესიაში გულმხურვალე ლოცვასთან ერთად გურულს იქვე შეუძლია შეუთანხმდეს რამდენიმე ამხანაგს ძარცვასა და ყაჩაღობაზე" რუსი მოგზაური გურულებზეგაზეთ კავკაზის ჟურნალისტმა ნიკოლოზ დუნკელ-ველინგმა (ვენგერი) გურიაში სავარაუდოდ იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს. უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთი „კავკაზი“ კავკასიის სამხედრო ტიპოგრაფიული განყოფილების გამოცემა გახლდათ და მასზე ზედამხედველობას ახორციელებდა კავკასიის მთავარმართებლის კანცელარია. მისი დანიშნულება გახლდათ კავკასიაში მყოფი რუსული სამხედრო ელიტის ინფორმირება. წერილები გაზეთ კავკასის 1853-54 წლების ხუთ ნომერში გამოქვეყნდა, აქედან ოთხი…
    Tags: და, ისტორია
  • 100
    თურქების თავდასხმა შეკვეთილის სიმაგრეზე და „გზააბნეული“ რუსული ფრეგატიყირიმის ომი 1853 წელს 11 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს დაესხა თურქები რუსულ საგუშაგოებს დუნაის შესართავთან. რამდენიმე დღის შემდეგ 15-16 ოქტომბრის ღამეს, თურქების ხუთი ბატალიონი დაახლოებით 5000 ჯარისკაცი ჩურუკსუელი (ქობულეთი) ჰასან და ალი ბეგ თავდგირიძეებისა და დედე აღას მეთაურობით თავს დაესხა შეკვეთილში მდინარე ნატანების ზღვის შესართავთან არსებულ წმინდა ნიკოლოზის ფორტს.…
    Tags: და, ისტორია
  • 100
    "იაკობ მარი გურიის ცოცხალი ქრონიკაა, მისი მონათხრობი ძალიან შთამბეჭდავია და გაჯერებული იუმორით" - ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგი 1851 წელინიკოლოზ დუნკელ-ველლინგი - გურიის შესახებ ჩანაწერებიდან დასასრული; დასაწყისი იხილთ კატეგორია ისტორიაში;  როგორ აღწერს 1850 წელს უცხოელი ჟურნალისტი რუსეთ თურქეთის მაშინდელ საზღვართან მოგზაურობას და სტუმრობას ბუკისციხეში მარის მეურნეობაში. (დუნკელ-ველინგმა გურიაში სავარაუდოდო იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს, წერილი გამოქვეყნდა 1853 წელს. 4) სასაზღვრო ზოლი, მართან სტუმრობა ასე და ამგვარად მე დავათვალიერე ოზურგეთის…
    Tags: და, ისტორია
  • 98
    რატომ იყო გურიაში ცხენის თავის ქალებისა და ნალების სიმრავლეთედორობა თედორე საქართველოში წარმართობისას გავრცელებული რწმენით იყო მფრაველი და შემწე გლეხობისა, ამიტომაც მას ხალხი დიდ პატივს მიაგებდა, მას მოიხსენიებდნენ როგორც "დიდ მშრომელ მიწათმოქმედს" და ასევე როგორც "დიდ ბატონს".  ასევე იგი ითვლებოდა შინაური ცხოველების განსაკუთრებით კი ცხენების მფარველად,  წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლის პერიოდში  ძველი კულტები ახალ, თანამოსახელე ქრისტიანულ წმინდანებთან დააკავშირეს და ხალხმა…
    Tags: და, ისტორია