ცხრა აპრილის ქვეყანა

 

რა მივუტანეთ 9 აპრილს? დიახ, დიახ – რა მოგვიტანა კი არა, რას ელის ჩვენგან 9 აპრილი პარლამენტის წინ მდგარ მონუმენტთნ ყვავილების თაიგულისა და დანთებული სანთლის გარდა? ვიცით, რომ თარიღს თავისთავად არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს. ის ძვირფასი ხდება ჩვენთვის იმ დღეს მომხდარ მოვლენასთან თუ მოქმედ პირებთან ემოციური და მიზეზშედეგობრივი კავშირით.

ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის პიკში, ჯერ კიდევ კომუნისტური საბჭოს და არა პარლამენტის საფეხურებზე მდგარი ქართველი მარადისობას შეეხება, ეპოქების ცვლილების თანამონაწილე გახდება და ყველა გაგებით არაჩვეულებრივი ლიდერის სიტყვებით აღწერს იქ შეკრებილების შინაგან განწყობას: “ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის განმავლობაში, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე”. ასეთი წამი არათუ 70 წლის, საუკუნეების განმავლობაში არ გვქონია. 9 აპრილმა და ამ ღამის გმირებმა ახალი სიცოცხლე მისცეს ქვეყანას, რომლის შვილებსაც საკუთარი ვინაობა ხელახლა უნდა აღმოეჩინათ და დაემკვიდრებინათ. სარკეში საკუთარი თავის დანახვისა და მონობით დაშანთული სხეულის “სილამაზით” ტკბობის ეტაპი წარსულს ჩაბარდა, გაცილებით თვითკრიტიკულები გავხდით და ვაღიარეთ, რომ რაც კარგები ვართ მარტო ქართველები არ ვყოფილვართ.. მეტიც, სანამ ჩვენთვის სასურველი სახელმწიფოს და საზოგადოების მოწყობის ყველა დეტალს გავიაზრებდით და შევთანხმდებოდით, გზაკვალი რომ არ აგვრეოდა, მონღოლური ურდოს მემკვიდრე იმპერიის ყურედან, ახალგაზრდა რესპუბლიკის გემი თამამად და დიდი სისწრაფით გამოვაცურეთ და ევროპის, ანუ თავისუფალი და დემოკრატიული ერების ნავმისადგომისკენ გავწიეთ. მას შემდეგ ბევრი შტორმი გადავიტანეთ, იალქნებიც დაგვეხა, საჭესთან დგომის დაუოკებელი სურვილით დაბრმავებულებს არაერთხელ დაგვავიწყდა, რომ ყველანი – ერთ გემზე ვიყავით და მეტი სიფრთხილე, მოთმინება და ურთიერთგატანა იყო საჭირო. ზოგი მესაჭე ნელ სვლას ამჯობინებდა, ზოგჯერ ისე ნელს, რომ უძრაობაშიც შეიძლება აგრეოდა. ასეც იყო, სანამ ძირიდან წამოსულმა ხავსმა გემბანზე არ ამოაღწია და ყველა მიხვდა, რომ დიდი ცვლილებების დრო დადგა. მერე იყო და ისეთი სისწრაფით ვიარეთ, გემზე მყოფების ნაწილს ზღვის ავადმყოფობა დაემართათ, უკმაყოფილებასაც უფრო ხმაურიანად გამოთქვამდნენ, საჭის მექანიზმის მოქნილობისთვის მოჭერილი ჭანჭიკების შემდეგ, საქმის გასაადვილებლად, ჯერ გემბანიდან უკმაყოფილოების “ჩარეცხვის” იდეა წარმოიშვა. მივხვდით რა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მათი ხმაურის ჩასახშობად უხეში და ლმობიერი მეთოდები ერთმანეთს შევანაცვლეთ. მაგრამ ამ არეულობაში, გემმა სვლაც შეანელა და აქეთ-იქით, ყანყალით წონასწორობა დაკარგულ მესაჭეებს გამოუსწორებელ შეცდომებთან ერთად, წამოწეულ მტერთან გამკლავების უნარიც საგრძნობლად შეუსუსტა. გარშემო ჩამოწოლილ ნისლში კაცი გამოჩნდა, მანამდე რომ არავის ენახა, მაგრამ ყველას სმენოდა. თქვა, რომ მას შეუძლია დაზიანებული გემი და გადაღლილი ხალხი დანიშნულების ნავსადგურში ისე სწრაფად და ნებიერად მიაცუროს, რომ თავად დამხვედრებიც კი გაკვირვებულები შეგვხდნენო… და საჭეც მას ვანდეთ.

მალე, გარშემო მყოფი ბოცმანების მოშორებაზეც თვალი დავხუჭეთ და ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ 9 აპრილს გეზაღებულ დანიშნულების ადგილს უფრო მეტად დავშორდით, ხოლო თავად მესაჭე გემზე შემოსკუპებული გიგანტური ხეების ხელახალ ყვავილობაზე უფრო მეტად ზრუნავდა, ვიდრე ხომალდზე მყოფი ხალხის ბედზე. ასე მოვცურდით დღემდე. რომ შეგვატყვეს, რა გზაარეულებიც აღმოვჩნდით, დასავლეთის ნავმისადგომიდან მაშველი კატარღა გამოგვიგზავნეს, თან ჩირაღდნით დანიელსონიც მოაყოლეს გზის უკეთ მისანიშნებლად: აქეთ მოგვყევით, ეს არის თქვენი წინაპრების არჩეული მარშრუტი და ეტყობა გვერდი გეცვალათო. და ასე მივუახლოვდით მომენტს, რომელიც შესაძლოა ისეთი მონუმენტურად დრამატული არ იყოს, როგორც 32 წლის, ან ისეთი აღმაფრთოვანებელი, როგორც 30 წლის წინანდელი, მაგრამ ისეთივე მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების და თანამედროვე ერად ჩამოყალიბებისთვის: დადგა მომენტი, როცა უნდა გავაცნობიეროდ, რომ გემის უსაშველო რყევა და მით უმეტეს გახერხვა, ორივე ნაწილის და მასზე მყოფი ხალხის ჩაძირვას ნიშნავს.

ყველა ერთ გემზე ვართ, არჩევანიც ერთად გვაქვს გაკეთებული ჯერ რეფერენდუმზე – თავისუფლების სასარგებლოდ და შემდეგ კიდევ ერთ რეფერენდუმზე, როცა საცხოვრებლად ის ოჯახი ავირჩიეთ, სადაც თავისუფალი ერები და საზოგადოებები სახლობენ. იქამდე ან ერთად მივაღწევთ, ან ერთად ჩავიძირებით. ამას მგონი უკვე ყველა ვხვდებით, რომელ არხსაც და მით უმეტეს, რომელ პოლიტიკოსსაც არ უნდა ვუსმენდეთ. იმასაც მივხვდით, რომ ერთი კაცის მიშვება საჭესთან სახიფათოა, გემბანის ფლანგებზე სიმძიმე ისე უნდა გადავანაწილოთ, სულ ამოყირავების ზღვარზე რომ არ ვიმყოფებოდეთ. აი ამის დანახვას, გათვითცნობიერებას და აღიარებას ელის ჩვენგან 9 აპრილი. იმ გაკვეთილების გახსენებას და გააზრებას, რომელმაც რამდენჯერმე მწარედ გვაჩვენა, რომ 40 წლის სავალ გზაზე, მანამ სანამ თავისუფლებაში დაბადებულები მთლიანად ჩაგვენაცვლებიან, 2 მთავარი მისია და მოვალეობა გვაკისრია: აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ, განსაცდელით სავსე გზას არ გადავუხვიოთ და ამ გზაზე, რამენაირად ერთმანეთი თუ ვერ ავიტანეთ, გავიტანოთ მაინც. ამდენი კლოუნის, უპასუხისმგებლოს და ცეცხლზე ნავთის დამსხმელის შემყურე – ვიცი, რომ ძნელია, თუმცა არაფერია იმ სიძნელესთან შედარებით, რაც იმ გმირებმა იტვირთეს, რომლებმაც 9 აპრილისთვის იბრძოლეს და თავისი სიცოცხლის ფასად ბიძგი და მიმართულება მისცეს რთულ მოგზაურობას, რომელიც ასე ახლოა მიზანთან, მშვიდ ნავსაყუდელთან, სადაც ხომალდი “საქართველო” მყარად ჩაუშვებს ღუზას.

გიორგი თარგამაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share