აჭარის ქედზე, რომელიც გამოყოფს გურიას თურქეთის სამფლობელოებიდან, მრავლადაა ძველ ციხესიმაგრეთა ნანგრევები – ასკანის, ლიხაურის, ბაილეთისა და ა.შ. დგანან უკაცრიელნი აწ უკვე ყაჩაღთა თავშესაფრად ქცეულები. ის რაც ადამიანის ხელმა ვერ მოახერხა შესძლო ჟამთასვლამ: ჩამოშლილია კედლის ქონგურები, კოშკების დაბზარულ კედლებზე ხეები ამოსულა, ხავსს კი ზურმუხტისფერი ხალიჩით გადუფარავს ნანგრევები – წარსულის სამგლოვიარო ძეგლები.
ადამიანი აქ უკვე დიდი ხანია აღარ ცხოვრობს, მხოლოდ ხვლიკები და გველები „ბოროტნი, მაგრამ შეიძლება უფრო ნაკლებად ბოროტმოქმედნი და შხამიანი ქმნილებანი, ვიდრე ამ ციხესიმაგრის ადრინდელნი ბინადარნი“ გამოძვრებიან ხოლმე თავიანთი ხვრელებიდან, კოშკების თავებზე შემომსხდარი ყვავები კი ისე ჩხავიან თითქოს ზეცას შესჩივიან, რომ ძველებურად აღარა აქვთ სისხლიანი საკვები, შესჩივიან რომ აღარ ყრიან ციხესიმაგრის კედლებიდან გვამებს – ყოველდღიური ძალადობისა და ვერაგობის მსხვეპლთ, მზის სხივებს თავისუფლად შეუღწევიათ მიწისქვეშეთის ძველი და დაუნდობელი დროით გატენილ სარდაფებში იქ, სადაც ბორკილებში იჯდნენ ძალაგამოცლილი ტუსაღები და თურქეთის ჰარმემებში გასაყიდად გამზადებული ულამაზესი ქალიშვილები…
გასული საუკუნის ბოლოს ნანგრევები ჯერ კიდევ სიცოცხლით იყო სავსე, ციხესიმაგრეთა პატრონები თავიანთი ბანდებით სწორედ ამ ბუნაგებიდან გამოდიოდნენ გზაზე, მოსახლეობის გასაძარცვად, ლამაზი ქალებისა და გოგო-ბიჭების დასატყვევებლად, რომლებსაც თურქეთში ყიდნენ და ასე აქციეს ეს სამარცხვინო ვაჭრობა სარფიან საქმიანობად.
ქაიხოსრო გურიელმა ვერ შეძლო გულგრილად ეყურებინა მისი სამშობლოს ასეთ ღრმა ზნედაცემულობაზე და გადაწყვიტა აელაგმა ყაჩაღ თავადთა თავნებობა. გურიაში დღემდე ახსოვთ ქაიხოსროს ბრძოლა კანონიერების ორი უბოროტესი მტრის, ორი მოურავის: ასკანის – დავით ასათიანის და ლანჩხუთის ზაბუელ ჟორდანიას წინააღმდეგ.
ხალხურმა თქმულებამ შემოინახა ამბავი ასკანის დაცემის შესახებ, რომელშიც ნათელ ფერებშია ასახული ქაიხოსროს ხასიათი და იმდროინდელი გურიის მდგომარეობა.
ხეობის სიღრმეში, მაღალ კლდეზე დგას მიუდგომელი ასკანა! რომელიც სხვა ციხესიმაგრეებთან შედარებით თავისი ხელსაყრელი მდებარეობით ყაჩაღთა საუკეთესო საყრდენსა და თავშესაფარს წარმოადგენდა. იმ დროს ასკანის ციხეში თავის მშფოთვარე ცხოვრების უკანსკნელ დღეებს ატარებდა მოხუცი დავით ასათიანი, ისეთივე თავნება და დაუმორჩილებელი ნათესავების ბრბოთი და სამშობლოს მიერ გარიყულნი, კანონისაგან დევნაში მყოფი ადამინებით გარშემორტყმული, როგორიც თავად გახლდათ.
ქაიხოსრო ყოველგვარ ღონეს ხმარობდა ასკანის გასანადგურებლად, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო იყო, ეს კი კიდევ უფრო ამრავლებდა ასათიანის თანამზრახველთა რიცხვს. მისი მშვიდობაზე დაყოლიებაზე და თავისივე ნებით ყაჩაღური ცხოვრებისათვის თავის დანებებაზე კი ფიქრიც ზედმეტი იყო.
ქაიხოსროს მიგზავნილი ხალხი უშედეგოდ სთავაზობდა მოხუც დავითს გურიაში საუკეთესო მამულების სანაცვლოდ ჩაებარებინა მიუდგომელი ციხესიმაგრე. ამაყი და ქედმაღალი ციხესიმაგრის მფლობელი კი ჯიუტად უარყოფდა მის ყველა წინადადებას. რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ ასკანის კედლებში მას ვერავინ ვერ დაამარცხებდა და სხვისი მფარველობის არანაირი საჭიროებას არ განიცდიდა, ასათიანს ასევე არც არანაირი სურვილი არ ჰქონდა იმ კაცის ხელში მოხვედრილიყო, რომელიც ძალიან სძულდა. დაუშვებელი ასათიანის იმავე დმგომარეობაში დატოვება, რომელშიც იგი ქვეყნის არევამ და თავადთა ურთიერთ დაპირისპირებამ ჩააყენა. მაშინ ქაიხოსრომ გადაწყვიტა მიემართა ასათიანის ახლობელთა გამყიდველობითა და ღალატით. სწორედ ამ მოვლენას ეძღვნება თქმულება ასკანის შესახებ.
თქმულების მიხედვით – ერთერთი იმ წუთთაგან, როცა აზიელი დიდგვაროვანი გარშემორტყმული უგნური და არაფრისმაქნისი ხალხით საზეიმო პატრიარქალურობით წყვეტს პოლიტიკურ საქმეებს ქაიხოსრომ საუბარი დაიწყო ასკანაზე.
– მე ცოტას კიდევ დავიცდი, – ამბობდა ის, – შევხედავ რა იქნება შემდეგში, მაგრამ თუ საქმეები სასიკეთოდ არ შეიცვლება, მამაჩემის საფლავს ვფიცავ ყველას გავანადგურებ და ბებერ ასათიანს ცოცხლად დავწვავ.
– ღირს კი მხეცი იმად, რომ მასზე ამდენი იდარდოთ, – უპასუხა ერთერთმა იქ მყოფმა. – იცხოვროს თავისთვის კლდეზე ქორივი, სანამ თავით ქარაფიდან არ გადაეშვება. ჩვენ მხოლოდ ის უნდა ვქნათ, რომ ასკანა ალყაში მოვაქციოთ და ყველა გზა გადავუჭრად – და საქმეც დასრულდება.
– ციხე ექვსი კვირა იყო ალყაში, – აღშფოთდა ქაიხოსრო, – და ამით ვერაფერი მოვიგეთ. დავითი ისევე ცხოვრობდა თავისთვის, როგორც ყოველთვის, სამაგიეროს ჩემს ხალხის აგზავნიდა ათეულობით იმ ქვეყნად. ციხესიმაგრეში მიწისქვეშა გვირაბებია და მის ალყა საერთოდ არ ადარდებს თუნდაც საუკუნე იჯექი ასკანის კედლის ძირს. საქმე ასკანაშიც არაა და მთავარია ასათიანი გამოვიტყუოთ იქედან. ავაზაკის განადგურება ღვთის წინაშე ცოდვა არ არის და საერთო კეთლდღეობისათვის მე მზად ვარ თავი გავწირო, ოღონდ მივაღწიო მიზანს, რაზეც გურიის ბედნიერი მომავალია დამოკიდებული.
– შენი სიცოცხლე ყველას გვჭირდება, – შეაწყვეტინა მოხუცმა ბერიძემ, – მაგრამ ისეთი კაცის სიცეცხლე კი როგორიც ჩემია, დიდ საჭიროებას არ წარმოადგენს. მე უკვე მოხუცი და საფლავის პირას მდგომი ვარ. მითხარი რა არის გასაკეთებელი და თავს არ დავზოგავ. ოღონდ ერთსა გთხოვ: თუ მე მომკლავენ ცოლშვილი არ მიმიტოვო, ხომ იცი, რომ ღარიბი ვარ.
ქაიხოსრომ მზრუნველად მაგრამ პირუშად შეხედა მოსაუბრეს. – ბერიძეების გვარი, უძველესი აზნაურებთა გვარია გურიაში, – თქვა მან, – ისინი ძველთაგანვე გამოირჩეოდნენ გურიელების ერთგულებით, მე ამას ახლაც ვხედავ შენს სიტყვებში. შენი ოჯახი დღეიდენ უკვე ჩემი ოჯახია, ახლა კი წადი და მოემზადე იმისათვის რასაც მე მოვითხოვ.
მოხუცი ბერიძე მიხვდა, რა სამსახურსაც ითხოვდა მისგან ქაიხოსრო. საშიშრად და უღირსად მიაჩნდა მას დავითის ღალატი, რომელთანაც ერთად გაატარა მან თავისი უზრუნველი ახალგაზრდობის პირველი დღეები. მხოლოდ გამთენიისას მიეცა წუთიერ ძილს, მაგრამ სიზმარშიც კი წარსულის მოგონებები ესაუბრებოდნენ ასათანთან მეგობრობაზე.
იგი დილით მივიდა ქაიხოსროსთან. სადაც იგი გადააწყდა თავად ტ. დ.-ს, რომელიც მბრძანებელთან იმავე საქმეზე სათათბიროდ ღამით მოსულიყო. ბერიძეს, რომელიც ახალგაზრდობიდან პატივსცემდა მშობლიურ წესჩვეულებებს ვერ დაეჯერებინა, რომ თავადი ტ.დ.-ს რომელსაც ნაშვილები ყავდა ასათიანი, შეეძლო ეღალატა მარადიული და წმინდა სულიერი ნათესაური ვალდებულებებისათვის, მაგრამ ნანახი თავადვე ადასტურებდა თავის სინამდვილეს. მძიმე შინაგანი განცდების დათრგუნვის შემდეგ, ბერიძემ მოისმინა რა უნდა მოემოქმედნა, მერე მდუმარედ მოისხა მხრებზე ნაბადი, სახე ყაბალახით დაიფარა და თავის რამდენიმე მეგობართან ერთად დავალების შეასრულებლად წავიდა.
როცა მგზავრები ხეობას მიუახლოვდნენ, სადაც ასათიანი ცხოვრობდა უკვე ბნელი ღამე იყო, კლდეებზე ფრთხილად დაიწყეს დაღმასვლა მდინარისაკენ, რომელიც ხმაურით ეხეთქებოდა ასკანის კლდის ძირს, მერე გველებივით აცოცდნენ ციხისაკენ და ჩაწვნენ ქვებს უკან. არავის არც დაუნახია და არც გაუგონია მათი მისვლა, გათნთიადისას მხოლოდ ბერიძე ავიდა კლდის ქიმზე და ხმამაღალი შეძსძახა. მაგრამ ციხეში ყველას ეძინა და მხოლოდ ექომ გაიმეორა მისი შეძახილი, რომელმაც მთები ყრუ გუგუნით გადაიარა. ბერიძე შეცბუნდა, მერე გაჩუმდა და ნაბადი მაგრად შემოიხვია ტანზე. აი უკვე მზეც ამოვიდა მთებიდან და ციხის კედელებზე იარაღასხმული ხალხიც გამოჩნდა, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ბერიძე.
– ვინ ხარ შენ? – გამოეძახნენ ციხესიმაგრიდან
– ბოჟარ ბერიძე. უთხარით გავით ასათიანს, რომ უარაღოდ ვარ მოსული და მისი ნახვა მინდა. საშიში კი მას არაფერი აქვს, მე აქ მარტო ვარ თქვენ კი ასნი ხართ.
– ვინ გამოგაზავნა?
– თავადმა ტ.დ.-მ
გავიდა რამდენიმე წუთი და მიუდგომელი ციხის კარებთან თავად ასათიანი გამოჩნდა.
– ბოჟარ რა გინდა? – შეეკითხა მან, სახეზე ეტყობოდა, რომ მას საფრთხის განცდა ერთი წამითაც არ ტოვებდა. – თუ შენ ჩემი დაღუპვა გინდა, იცოდე ეს საქმე საფლავშიაც არ მოსვენებს და მეგობარო ხელობა, რომელიც დაგიწყია ძალიან მძიმეა და არ გეკადრება, თუ ჯერ კიდევ გახსოვს ჩვენი ახალგაზრდობა.
– დავით! – უპასუხა ბერიძემ, – ჩემს გვარში გამყიდველები არასოდეს არ ყოფილან. ოცდაათი წელია, რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, შენ ცხოვრობ კლდეებზე არწივებთან ერთად, მე კი ძველებურად, ისე ისე ცხენს დავაჭენებ ჩემი ქვეყნის ველმინდვრებსა და ტყეებში.
– რატომ მოდი შენ ჩემთან?
– შენ რომ გიშვილა იმ თავადის თხოვნით მოვედი იმიტომ, რომ გითხრა მას როგორც მამას, გულთან მიაქვს შენი დაპირისპირება სამშობლოსთან და სურს გიხილოს, როგორც მისი კეთილი აზნაური ასათიანი და სამშობლოს ერთგული შვილი. ამის გარდა მე ბევრს გეტყოდი, მაგრამ აქედან საუბარი მოუხერხებელია. ჩამოდი და დავილაპარაკოთ ერთი ერთზე, თუ გეშინია იარაღი აიღე და ხალხი გამოიყოლე.
– ასათიანებს არც შენი და არც შენი ბატონის არასდროს არ ეშინოდათ, – ამაყად უპასუხა დავითმა ძველი მეგობრის ვერაგულ სიტყვებს. – ერთ ერთმა ჩემმა წინაპარმა ააგო ეს ციხე და იგი მე დამიტოვა მამაჩემმა მისი გარდაცვალების შემდეგ, ისევე როგორც მას დაუტოვა მისმა წინაპრებმა. ჩემგან კი ჩემს მემკვიდრეზე გადავა. ასე, რომ თუ კი მე ამქვეყნად აღარ ვიქნები ვერცერთი თგვენგანი ამით სარგებელს ვერ მიიღებს, ციხესიმაგრეს დაიცავენ მანამ სანამ ერთი ასათიანიც კი იქნება ამ ქვეყნად.
ორივენი გაჩუმდნენ, ასათიანი სახლში შებრუნდა.
ყველგან სიჩუმე გამეფდა და მხოლოდ ქარს მოჰქონდა მდინარის გუგუნი, რომელიც ცოფიანივით ეხეთქებოდა კლდეებს ღრმა უფრსკულში. შორს ჩანდა პირამიდის მსგავსი მთების წვერთაგან ჩამომავალი ჩრდილები, რომელთა შორის ამოდიოდა განთიადის მზის ბრწყინვალება.
– გახსოვს თუ არა შენ სიზმარი, რომელიც მე გუშინ მოგიყევი? – უთხრა ასათაინმა ცოლს – აი შეხედე ხეობაში მდინარის მაჯვნივ დაავრდნილ ჩრდილს, ხომ არა აქვს მას საოცარი მსგავსება იმ შავ ჯვართან, რომელიც მე მესიზმრა გასულ კვირაში? და ეს ადგილი დანიშნული მაქვს მე შეხვედრისათვის! ნუთუ მე იქ ღალატი მელოდება? ნუთუ იმან ვინც მე მიშვილა, გადაწყვეტა დაიდოს ჩემი დაღუპვის ცოდვა?
ცუდი წინათგრძნობის გამო ცოლსა და შვილებს მისი გაშვება არ უნდოდათ, მაგრამ იგი საკუთარი თავის რწმენით აღვსილი და ბედის მორჩლებით მაინც გამოვიდა ციხესიმაგრიდან და ხეობისკენ დაეშვა სადაც ბერიძე დახვდა.
– თავადი ტ.დ. სადღაა? – შეეკითხა ასათიანი.
– თავადი ახლავე მოვა, ამასობაში კი ჩვენ აი იქ ვილაპარაკოთ, – და დაანახა მთიდან გზაზე ჩამოგორებული უზარმაზარი ლოდი. ისინი წყნარად გაეშურნენ მითითებული ადგილისაკენ, მაგრამ ავიდა თუ არა დავითი კლდის ნატეხზე თოფმა იგრიალა და სასიკვდილო ტყვიით დაჭრილი მოხუცი კლდიდან სწორედ იმ ადგილზე გადავარდა, სადაც ჩრდილისაგან ჯვარი გამოსახულიყო. კლიდან გადავარდნილმა დავითმა ბოჟარს დამბაჩიდან ესროლა და დაჭრა.
ციხესიმაგრეში სროლა გაიგონეს და შეარაღებული ხალხი ქვემოთ ხეობისკენ გამოექანა. მაგრამ მათ ჩამოსვლამდე ბერიძე მიმალვა მოასწრო. ქახოსრო და თავადი ტ.დ. ამ დროს უკვე ციხესიმაგრესთან იყვნენ მისული, დაინახეს თუ არა ეს სცენა პირველი გასროლისთაანვე მკვლელობის ადგილიკენ გააჭენეს ცხენები, მაგრამ იქ უკვე არავინ აღარ იყო და ისეთივე სრული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, როგორც მომხდარის წინა დღეს იყო, მხოლოდ ახალად დაღვრილი თბილი სისხლით იყო მონიშნული ღალატის ადგილი. სასიკვდილოდ დაჭრილი ასათიანი კი უკვე ციხეში შეეყვანათ.
საქმის იღბლიანი დასაწყისი წარმატების საწინდარი იყო და ქაიხოსრო იმედოვნებდა, რომ თავისი პატრონის გარეშე დარჩენილი ასკანა, ვერ გაუწევდა მას სერიოზულ წინააღმდეგობას და დაუყოვნებლივ შეუტია ციხეს, მაგრამ უკუაგდეს და გამარჯვების ზეიმი ისევ სიკვდილის პირას მყოფი ასათინის მხარეს დარჩა. მაგრამ ციხესიმაგრე არ ზეიმობდა გამარჯვებას. იმავე დღის საღამოს სასიკვდილო ჭრილობით დასუსტებული და სულიერ ტანჯვაში მყოფი ასათიანი გარდაიცვალა, გარდაცვალების წინ კი დააფიცებინა მის შვილებსა და ნათესავებს დაეცვათ მისი ასკანა.
მაგრამა ასკანის ბოლო საათი უკვე ახლოს იყო, მოხუცმა, რომელმაც სიკვდილის წინ შვილებს ყველაფერი დაუტოვა რაც სიცოცხლეში გააჩნდა, ვერ შესძლო მათთვის გადაეცა თავისი ჭკუა და გამოცდილება, არადა მხოლოდ ამაზე იდგა ბოლო ორმოცი წლის განავლობაში ასკანის მრისხანე დიდება, რომელიც ამავე დროის განმავლობაში არყევდა სამშობლოს. ყველაფერ ამას ხვდებოდა ასათიანის გარშემო მყოფი ხალხიც. ხვდებოდნენ რა, რომ ასკანაში დარჩენა მათ უცილობელ განადგურებას ნიშნავდა გადაიხვეწნენ ზოგი თურქეთში, ზოგმაც კი მისივე ქვეყნის მთებსა და ველებს მისცენ თავი, ასათაინები კი მარტონი დარჩნენ თავიანთ დასუსტებულ ძალებთან ერთად. ქაიხოსრო კი ცდილობდა დანაკარგების გარეშე აესრულებინა წადილი და დავითის შვილებს სთხოვდა მშვიდობიანად გადაეცათ ციხესიმაგრე, მაგრამ ყველა მისი წინადადება ისევე იქნა უარყოფილი, როგორც ადრე. რადგანაც ასათაინის შთამომავლები უფრთხოდნენ მოსალოდნელ სასტიკ სასჯელს.
მაშინ ქაიხოსრომ გადაწყვიტა მოულოდნელი თავდასხმით დაუფლებოდა ასკანას. ერთხელ განთიადზე, კლდეში ამოჭრილი საფეხურებით რამდენიმე ათეულ მამაც გურულთან ერთად იგი ასკანას დაეცა, სწრაფადვე ავიდნენ ციხის კედელებზე. განუწყვეტლივი ორმხრივი ცეცხლი მზის ჩასვლამდე არ შეწყვეტილა, მაგრამ საღამოს სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ციხესიმაგრეში უკვე აღარავინ იყო ცოცხალი. ასკანის ციხე მთლიანად დენთის კვამლში იყო გახვეული, ცოტა ხანში კვამლი გაიფანტა და მაღალ კლდეებზე აღმართული ასკანის ციხე ჩამავალი მზის სხივებში ცის კაბადონზე ისე გაბრწყინდა თითქოს ცოდვილი დედამიწიდან ცეცხლის ტალღებით მიდოდა: ის დაეცა, დაეცა თავისივე მსგავათა შორის ისე, როგორც გასისხლიანებული ყაჩაღი მშფოთვარე და გაუბედურებული ცხოვრების სცენაზე.
წარმატებაში დამნაშავე ბერიძემ სასიხარულო ცნობამდე ვეღარ იცოცხლა, იგი ასკანის დაცემის წინა დღით მოკვდა „ქაიხოსროს მიერ მის მიმართ გამოჩენილი სიუხვითა და წყალობით მადლობელი“.
ასკანის კვალდაკვალ ლანჩხუთის ციხეც დაეცა და მას მერე შეწყდა ყველა უწესრიგობა, რომელიც ამ მხარეს აწუხებდა.
ქაიხოსრო გახდა დაუმორჩილებელი აზნაურების რისხვა. იგი მამიას მთავრად გახდომამდე მართავდა ქვეყანას, გურიაში ქაიხოსროს ენერგიული მოქმედებების შედეგად სიმშვიდე ჩამოვარდა და ქვეყანამ დაისვენა მასზე თავდამტყდარი უბედურებისაგან.
ვასილი პოტო
P.S. – რუსი სამხედრო ისტორიკოსი გენერალ-ლეიტანანტი ვასილი პოტო თავის ნაშრომში დაწვრილებით ყვება იმერეთსა და გურიაში 1819-20 წლებში მომხდარ საეკლესიო აჯანყებაზე, მათ შორის პოლკოვნიკ პუზირევსკის მკვლელობაზე, რომელშიც ქაიხოსრო გურიელი (ქაიხოსრო IV გურიელი, გურიის მთავარი 1797 წლიდან გადადგა 1809 წელს) დაადანაშაულეს. პოტო პუზირევსკის მკვლელობის რამდენიმე ვერსიას უთითებს, მათ შორის თავად განმატავს, რომ ქაიხოსროს ბრალი არ მიუძვოდა მკვლელოებაში, იგი ყველანაირად ცდილობს ქაიხოსროს დადებითად წარმოდგენას. ზემოხსენებული მოთხრობაც ნაწილობრივ ამ მიზანს ემსახურება, მიუხედავად ამისა ისტორია ჩემი აზრით სინამდვილთან ძალიან ახლოსაა.
მოამზადა – კახა ჩავლეშვილმა