გავრილოვის ღამეს დაშავებულმა მშვიდობიანმა მომიტინგეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ღია წერილით მიმართეს. წერილის 10 ხელმომწერი მადლობას უხდის პრეზიდენტს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეს.
ამავდროულად, დაზარალებულები წერილში იხსენებენ 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს და წერენ, რომ ევროკავშირის მიერ შედგენილი შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები ამნისტია “მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას”. ამავდროულად, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ თუ ევროპის ეგიდით მოხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა, ეს დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის.
დაშავებული მომიტინგეები და ჟურნალისტები მოუწოდებენ შარლ მიშელს, ისე დაეხმაროს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, რომ მათი შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება გვქონდეს.
“პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის.
მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას პატრიოტული მოტივით ვაპროტესტებდით.
ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი(ხელისუფლების ცნობით 240 ადამიანი) მათ შორის 38 ჟურნალისტი, რამდენიმე დემონსტრანტმა დაკარგა მხედველობა და თვალი.
დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია რომ თვალდათხრილ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხირდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 5 დემონსტრანტი ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას.
ამ ყველაფრის ფონზე მიგვაჩნია, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა სამართლებრივი განხილვა 19-21 ივნისის საქმეების, რადგან ერთი მხრივ ხელისუფლებას ჩადენილი ძალადობის ფონზე ვერ მივცემთ პასუხისმგებლობის არიდების ფუფუნებას და მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩვენი სახელით ვერ ისაუბრებენ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ამნისტიაზე.
ხაზგასმელია რომ 19-21 ივნისის საქმეების დიდ ნაწილში იკვეთება არასათანადო მოპყრობის ნიშნები. საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკით კი როგორც მოგეხსენებათ ამნისტია ვერ ვრცელდება არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე. ამნისტიის მიზანშეუწონლობა იკვეთება განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 4 თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.
აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ამნისტია მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია, რომ თუკი ევროპის ეგიდით მოხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა, ეს დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს.
გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე, რომ ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის სამართლებრივი საშუალება გვქონდეს”.
წერილს ხელს აწერენ:
- მაკო გომური
- გიორგი სულაშვილი
- კობა ლეთოდიანი
- ირაკლი ხვადაგიანი
- ირაკლი ფავლენიშვილი
- ვახტანგ ბერიკაშვილი
- გელა ჭიღლაძე
- ზაზა მღებრიშვილი
- გიორგი ბულესკირია
- ლუკა პეტრიაშვილი
- თამარ ბაღაშვილი
20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად – რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 260-ზე მეტი ადამიანი. პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავსა და მხოლოდ 4 მოქალაქეს მიანიჭა.
ამ საქმეზე სულ სამ სამართალდამცველს წაუყენეს ბრალი და მათგან არცერთი არ არის დაკავებული. ეს მაშინ, როდესაც ამავე საქმეზე აქციის 19 მონაწილეს აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, მათ შორის ნიკა მელიას.