ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს, რომ ვაქცინირებული პირებისთვის მოგზაურობაზე, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნას. ასევე, ცნობილია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინირებული ადამიანები გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ: შეეძლებათ დახურულ სივრცეებსა და სხვა რეკრეაციულ ადგილებში შეზღუდვების გარეშე შესვლა.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას შეძლებენ იმ ვაქცინით აცრილი ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციაა აქვთ გავლილი, გამომდინარე აქედან, საკითხზე – შეძლებენ თუ არა საქართველოში ვაქცინირებული ადამიანები ევროპაში მოგზაურობას და არის თუ არა მოსალონდელი, რომ ვაქცინირებულმა მოსახლეობამ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლოს, „რეზონანსს” ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ესაუბრა. მისი თქმით აღნიშნული პროცესები მოსალონდელი იყო და საქართველოსაც შეეხება.
„ადრე თუ გვიან ეს პროცესები მოსალოდნელი იყო და აუცილებლად მოხდებოდა, ვფიქრობ ეს დროებითი ზომაა, სანამ პანდემია დასრულდება – ალბათ 2023 წლამდე. ეს გარკევული პრივილეგიები, რომელიც, ვფიქრობ, საღი აზრიდან გამომდინარეობს, საგრძნობლად შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს, რადგან ვაქცინირებულ ადამიანებში ვირუსის გავრცელების შანსები თავისთავად ნაკლებია.
„არაფერია ამაში განსაკუთრებული. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს გარკევული სახის დისკრიმინაციაა და დაყოფა ხდება ადამიანების, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ასეა. ადამიანს აქვს არჩევანი – გაიკეთოს ვაქცინა და იმოგზაუროს თავისუფლად, ან არ გაიკეთოს ვაქცინა და მოგზაურობის დროს უფრო მეტი შეზღუდვების გადალახვა მოუწიოს. გარდა ამისა, აღნიშნული ნაბიჯი ვაქცინაციის სანდოობასაც გაზრდის ადამიანებში.
„ეს საქართველოსაც შეეხება, რა თქმა უნდა, ევროკომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მოგზაურობის თაობაზე. ის ვაქცინები, რომლებიც ევროპის მარეგულირებლების მიერ არის დამტკიცებული – „ფაიზერის” და „ასტრაზენეკას” ვაქცინებით აცრილ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს თავისუფლად იმოგზაურონ ევროპაში.
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში იგივე შეეხება „სინოფარმის” და „სინოვაკის” ვაქცინებს, რადგან ამ კვირის ბოლოს მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას და დიდი ალბათობით გაივლიან ეს ვაქცინები ავტორიზაციას,”- ამბობს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან” საუბრისას.
ცნობილია, რომ დღეს ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არააუცილებელ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქონ, რათა მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის პროგრესი და ეპიდემიოლოგიური ვითარება გაითვალისწინონ.
„ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეს არა მხოლოდ იმ ქვეყნიდან მომავალ პირებს, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირსაც, ვისაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინის ბოლო დოზა აქვს მიღებული,”- ნათქვმია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ „ციფრული მწვანე სერთიფიკატის” ამოქმედებამდე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ არაწევრი ქვეყნებიდან ეროვნულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული ვაქცინაციის სერთიფიკატების მიღება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სერთიფიკატის ნამდვილობა, მოქმედება და სამართლიანობა გადამოწმდეს.
ბავშვებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ ეხებათ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ვაქცინირებულ მშბლებთან ერთად იმგზავრონ, თუ მგაზვრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უარყოფითია. ამ შემთხვევაში, წევრმა ქვეყნებმა შეიძლება დამატებითი ტესტირების ჩატარება მოითხოვონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს.
საფრანგერთში დღეიდან ქვეყნის შიდა მოგზაურობის დაწესებული აკრძალვა გაუქმდა, საშუალო სკოლის მოსწავლეები კი საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში კაფეების, რესტორნების ღია ტეარსების, მუზეუმების, კინოთეატრების, თეატრების და საკონცერტო დარბაზების გახსნა 19 მაისამდე არ იგეგმება. ძალაში რჩება ღამის „კომენდანტის საათიც”.
საბერძნეტში რესტორნებსა და კაფეებს უფლება მიეცათ მომხმარებლებს ღია სივრცეებში მოემსახურონ, ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს კი ხელახლა ამუშავების საშულება 15 მაისიდან ექნება.
შაბათიდან გარკვეული შეზღუდვები გაუქმდა უნგრეთშიც. იმ ადამიანებს, რომლებსაც მთავრობისგან გაცემული ე.წ „იმუნიტეტის ბარათები” აქვთ, შეუძლიათ დახურულ სასადილო ოთახებში, სასტუმროებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუბემსა და სხვა რეკრეაციულ ადგილებში შეზღუდვების გარეშე შევიდნენ. ბიზნეს ობიექტების სამუშაო საათები კი 23:00 საათამდე გახანგრძლივდა.
გასულ კვირას შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო იტალიაშიც. მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდნენ, გაიხსნა მუზეუმები და კინოთეატრები.
იანვარში დაწესებული „ღამის კომენდანტის” საათი გაუქმდა ნიდერლანდებში, ხოლო ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველად ბარებსა და კაფეებს გარე ტერასების გახსნის საშუალება მიეცათ, თუმცა შეზღუდული დროით, საღამოს 6:00 საათამდე. ამასთან, ერთ მაგიდასთან დასხდომის უფლება მხოლოდ ორ ადამიანს აქვს, გამონაკლისი მხოლოდ ერთი და იმავე ოჯახის წარმომადგენლებს შეეხებათ.