როგორც ამბობენ, გიორგი გახარიას პოლიტიკაში მობრუნების შემდეგ, “ქართულ ოცნებას” ახალი თავსატეხი ლევან ვასაძის სახით გამოუჩნდა. ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე ბიზნესმენმა 6 მაისს საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” დააფუძნა. როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მოულოდნელობა იყო. არის მითქმა-მოთქმა და ეჭვი, რომ ვასაძე კრემლმა გაააქტიურა და არ გამორიცხავენ, სერიოზული პრორუსული ძალაც შეკრას. კულუარული ინფორმაციით, თავის მხრივ, გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას თვის ბოლოს აპირებს და არ გამორიცხავენ, რომ ამ დღეს უმრავლესობიდან მასთან გადაბარგებული რამდენიმე დეპუტატი კიდევ ვიხილოთ. მითქმა-მოთქმა არ წყდება იმაზეც, რომ “ოცნებაში” ლიდერები ვერ თანხმდებიან და მათ შორის დაპირისპირება ღრმავდება. სანდო წყაროს თქმით, ლიდერები ღიად ერთმანეთს ვერც უპირისპირდებიან და ვერც წირავენ, “რადგან თოკის გადაჭრას შესაძლოა ყველას ჩაყოლა-დაღუპვა მოჰყვეს”.
“დიდი ალბათობით, ივნისში “ოცნების” ყრილობა ჩატარდება და კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს, მის შეფობას კი ღარიბაშვილი ითავებს. კობახიძეს დეპუტატების მხარდაჭერა თითქმის დაკარგული აქვს. ჩემი ინფორმაციით, სულ მალე რამდენიმე დეპუტატი გახარიასთან გადაბარგებას აპირებს. გახარია თვის ბოლოს აფუძნებს პარტიას და “ოცნება” მანამდე ეცდება დაპირებებით “საეჭვო” დეპუტატების გადმობირებას. გახარია ჯერ იცდის, პროცესებს აკვირდება. ვასაძის გამოჩენას არც ეგ ელოდა”, – გვეუბნება წყარო.
კვალავ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, ესეც გაურკვეველია, თუმცა “ოცნების” შიგნით ლაპარაკობენ იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც თითქოს მერს ღარიბაშვილსა და კობახიძესთან აქვს.
“კობახიძე კალაძეს ვერ იტანს და იმედი ჰქონდა, რომ მას ღარიბაშვილის ხელით ჩამოიცილებდა. ღარიბაშვილი ღიად ერიდება კობახიძესთან ომს, თუმცა მათი დამოკიდებულების შესახებ ყველასთვის ცნობილია. კალაძის წასვლა ყველას უნდა, მაგრამ თან არა, ვინაიდან ანგარიშგასაწევი ძალაა და მისი მოშორება არაა მარტივი საქმე. კახი რომც გავიდეს გუნდიდან, მას ელექტორატის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გაჰყვება, რასაც კობახიძეზე ვერ ვიტყვით. ის და მდინარაძე რომც გაუშვან და ოხანაშვილიც ზედ მიაყოლონ, “ოცნებას” ამით არაფერი დააკლდება.
კობახიძე ამბობს, “ოცნებას” 43% ექნება და მე ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობასო, მაგრამ ვერ მიიღებს – იქით გახარია, აქეთ ვასაძე წაართმევს ელექტორატს. ახლა ის მომენტია, როცა ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული, ღიად რომ დაეჯახონ, შეიძლება გადაჭრილი თოკის ეფექტი იყოს და ყველა დაიღუპოს. სუს-ის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომლის სიმპათიაც ღარიბაშვილისკენ იხრება. ლილუაშვილს და გომელაურს გულზე არც კობახიძე ეხატებათ და არც კალაძე”.
“ქართული ოცნებისთვის” კახა კალაძის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს ექსპერტი გია ხუხაშვილიც და აღნიშნავს, რომ თუ კალაძე დარჩა ამ პარტიში, მაშინ მას თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია ექნება.
https://www.kvirispalitra.ge/