დღეს, ოზურგეთს, პოლიტიკაში ახალგადაბარგებული ბიზნესმენი, რაინდად წოდებული ლევან ვასაძე სტუმრობდა. შეხვედრას, რომელიც ჭადრების ბაღში გაიმართა 50-მდე ადამიანი ესწრებოდა – მათ შორის იყო ქართული ოცნების დეპუტატი ლევან6 ნინიძე, ადგილობრივი პოლიტიკოსი კახა კეჭაყმაძე და სამხატვრო გალერიის ხელმძღვანელი ავთო თავართქილაძეც.
შეხვედრაზე მყოფ პირებს შორის ოზურგეთის მერის, კონტანტინე შარაშენიძის გარემოცვის წევრებიც გამოჩდნენ, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარტიების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ შარაშენიძეს ვასაძესთან დაახლოება სურს. ეს ეჭვი ოცნების დეპუტატმა ნინიძემ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა, როცა მედიასთან აღიარა, რომ პირადად იყო შუამავალი შარაშენიძეს და ვასაძეს შორის.
გაირკვა, რომ დღეს ამ ორის შეხვედრაც იყო დაგეგმილი, თუმცა რაინდმა სავარაუდო საჭურველთმტვირთველთან გაბაასება ვერ შეძლო. ჩვენი წყაროს თქმით, ამის მიზეზი შარაშენიძე იყო, რომელიც ამ ეტაპზე კიდევ იტოვებს იმედს, რომ ოცნებასთან დალაგებას შეძლებს და ამ ფონზე ვასაძესთან ღიად შეხვედრა ნამდვილად არ აწყობდა.
თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, არ არის გამორიცხული შარაშენიძემ ეს შეხვედრა თბილისში გამართოს:
“შარაშენიძეს კიდევ აქვს იმედი, რომ ოცნების მხარდაჭერა ექნება. ჯერ კიდევ ინარჩუნებს კავშირებს ოცნების მაღალჩინოსნებთან, თუმცა, ბოლო დროს მმართველ გუნდში გაჩენილი ხანძარი იმდენად დიდია, რომ შარაშენიძეს მფარველების იმედიც ეწურება, რადგან მათ ოზურგეთის მერისთვის ახლა ნამდვილად არ ცხელათ. ამიტომ, მოქმედი მერი, რომელმაც მმართველ პარტიაში მხარდამჭერები კარგა ხანია დაკარგა, სხვადასხვა პარტიებთან ცდილობს მოლაპარაკებებს და არ არის გამორიცხული მან თავშესაფარი ვასაძესთან ნახოს და რაინდის საჭურველმტვირთველი გახდეს. იმ რაინდის, რომელსაც ამ ეტაპზე ფული ნამდვილად აქვს, რაც ოზურგეთის მერს არჩევნებზს ნამდვილად სჭირდება, რადგან როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ყოფილ დამფინანსებლებთან შარაშენიძეს კარგა ხანია ურთიერთობები გაურთულდა” – ამბობს ჩვენი წყარო, რომელიც მერთან დაახლოებული პირია