მასწავლებელი, როგორც ემოციური საყრდენი
ლადო აფხაზავა თვლის, რომ მასწავლებლების პირადი პრობლემები ხშირად სკოლის კედლებშიც აღწევს, რაც კომუნიკაციას კიდევ უფრო ართულებს: “ჩვენი პირადი პრობლემები სკოლის ტერიტორიაზე არ უნდა არსებობდეს. აღზრდილი მოსწავლეები კი არ დაგვხვდებიან, ჩვენ მოგვიწევს მათი აღზრდა და ეს უნდა გავაცნობიეროთ, შეცდომები უნდა ვაპატიოთ, საუბრის გზები გამოვნახოთ, მაგალითები უნდა ვაჩვენოთ”. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მქონე სპეციალისტი იმასაც ამბობს, რომ ის რესურსი, რომელსაც მასწავლებლები პირად პრობლემებზე ხარჯავენ ხოლმე, მოსწავლეების კომპლექსებისა და შიშების გადალახვისკენ უნდა მივმართოთ და ერთმანეთს შორის კონკურენციაც ამ პროცესის ნაწილად შეიძლება ვაქციოთ. “მოზარდობაში ბევრი კომპლექსიც იჩენს თავს, რომელიც ხშირად მათ ვიზუალს უკავშირდება და ეს თიმსში გამართული გაკვეთილებისას უკეთ გამოჩნდა, მოსწავლეებს ხშირად კამერის ჩართვა არ სურდათ, მაგრამ გავმართეთ ფონების კონკურსი და კონკურენციის ნაწილი სწორი კუთხით გამოვიყენეთ. კონკურენცია კრეატიული მხარეების წინ წამოწევის წყაროდ უნდა ვაქციოთ და სხვის მიღწევებს არ უნდა შევადაროთ, მონდომებაა დასაფასებელი და გამოსწორების გზები და ხარვეზებიც ინდივიდუალურად უნდა დავანახოთ და არა კლასის წინაშე”. მოზარდის სწავლისა და განვითარების პროცესში ოჯახის ჩართულობა საკმაოდ მწვავე პრობლემაა, რაც ხშირად მატერიალური პრობლემების ბრალია, მშობლებს ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფისთვის ბევრი დათმობა და მძიმე შრომა უწევთ და მოსწავლეები დამოუკიდებლად სწავლობენ ცხოვრებას. ლადო აფხაზავას მიაჩნია, რომ მასწავლებელი ამ პროცესის ხელშემწყობიც უნდა იყოს. “ხშირად მოსწავლების ოჯახები მატერიალური პრობლემების გამო ვერ არიან მათი აღზრდის პროცესში ჩართული. ჩვენ მოსწავლეები თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის უნდა მოვამზადოთ და ისიც უნდა დავანახოთ, რომ პასუხისმგებლობა საბოლოოდ მაინც მათ ხელშია”,
ასევე . სწავლის ძირიც ტკბილი უნდა იყოს.
სწავლის ძირიც ტკბილი უნდა იყოს სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა დაწყებითი კლასებიდან უნდა მოხდეს, რომელიც ერთგვარი საძირკველია, რომელზეც სწავლის მიმართ სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება უნდა დაშენდეს. ლადო აფხაზავას აზრით, მცირე ასაკში, როდესაც ბავშვი ყველაზე კრეატიულია უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის საშუალება, რათა მიხვდეს, რომ მისი აზრი აინტერესებთ. “ერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ სკოლაში: დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები დავსვით და ორივე ჯგუფს მივეცით ერთი უბრალო სკრეპი და ვთხოვეთ ამ ნივთისთვის სხვადასხვა დანიშნულება მოეძებნათ. მოსწავლეებმა 30-მდე სხვადასხვა ფუნქციით დატვირთეს სკრეპი, მასწავლებლებმა კი 7-8 გამოყენება მოიფიქრეს. მცირე ასაკში ბავშვი მეტად კრეატიულია და ამ პერიოდში მას საშუალება უნდა მივცეთ, რომ დასვას კითხვები, ისაუბრობს პრობლემებზე, მისი გადაჭრის გზებზე. ამ დროს მასწავლებელი ლიდერად აღქიმება, მაგრამ აუცილებელია მოსწავლეების აზრი მეტად მოვისმინოთ” — ამბობს ლადო აფხაზავა და ამატებს — “რატომ უნდა იყოს სწავლის ძირი მწარე, რატომ არ შეიძლება სიტკბოთი და ზრუნვით ვასწავლოთ. ჩვენ მაინც არ ვიცით, როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან როგორი ცხოვრება ექნებათ, სანამ დრო გვაქვს უნდა ვიზრუნოთ, გავათამამოთ. მე ასე ვიქცევი და ამით არასდროს წამიგია, ვიცი რომ მათთვის ბავშვობის გალამაზება ვცადე”. ხშირად მოსწავლე სასწავლო პროცესის მთავარ ფიგურად არ ითვლება, მასწავლებლები დიდი ავტორიტეტები არიან და ხშირად საკუთარი უპირატესობების დამტკიცებას ცდილობენ, რასაც საზიანო შედეგი მოაქვს. ლადო აფხაზავა აღნიშნავს, რომ მოსწავლე უნდა ვაქციოთ სასწავლო პროცესის ცენტრად: “ისწავლე, თუ გინდა მომავალი გქონდეს — ეს ის ფრაზაა, რომელსაც ბევრი მასწავლებელი იყენებს, რაც არასწორია და უფრო ცუდი შედექი მოაქვს. ჩვენ მათ მოიტვირებას უნდა შევუწყოთ ხელი. მოსწავლე ყველა ღონისძიების ცენტრი უნდა იყოს, რადგან ის არის სწავლის პროცესის მთავარი ფიგურა. ვინც ნაკლები მონდომებით სწავლობს, მეტად უნდა დავაკავოთ სხვადასხვა პროექტებში. შეიძლება მას 2-გვერდიანი ტექსტის სწავლა არ უნდა, მაგრამ პროექტებით ბევრად მნიშვნელოვან თვისებებს იძენს: თანამშრომლობის უნარს, კრეატიული მხარის წინ წამოწევას, ინიციატივის აღებას. სწავლის პროცესი ერთფეროვანი არ უნდა იყოს. სკოლა სიამოვნების წყარო უნდა იყოს და მოვალეობად არ უნდა იქცეს, არ უნდა ვაძალებდეთ სწავლას, მათში სურვილი უნდა გავაღვიძოთ”.— ამბობს ლადო აფხაზავა on.ge-სთან.