“შეუძლებელია იყო ინტელიგენტი და ამავდროულად იყო უინტელექტო კაცის მათხოვარი და მონა.
ინტელექტი შეიცავს ღირსების მნიშვნელოვან თვისებას, რომელიც გამორჩეულ სიმაღლეს იკავებს.
ინტელექტი არ ვითარდება მონობის პროცესში. ინტელექტუალური ადამიანის პირველი მოთხოვნა თავისუფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია თვითგანვითარება.
საქართველო ფსევდო ინტელიგენციის ქვეყანაა, სადაც უკუდო ამპარტავნები კუდიანთა მონები და მათხოვრები არიან
***
“- ამ სამყაროში მხოლოდ უამბიციო ნიჭს შეუძლია იქცეს მარადიულ სიცოცხლედ…
ძნელია ოლიმპოს დაპყრობა და 12 ღმერთის ხილვა, რადგან მათ ირგვლივ, შეუსვენებლად დაძრწის მეფისტოფელი, რომელიც დიდი ვერაგია, დუდუ…
– მაშ ნიჭი რა ნიჭია, თუ სივერაგეს ვერ მოერევა ოტია?
– სივერაგეც თავად ნიჭია. ნიჭი, რომელიც ნიჭშივე სჭვრეტს ამბიციას ღმერთად ყოფნისას. მეფისტომ იცის, რომ ნიჭიერი კაცი ამბიციურია. ისინი ხომ ტაშის თანხლებით აღწევენ მწვერვალს საიდანაც სამყარო ხელისგულივით მოსჩანს. ძნელია გაუძლო, მასზე ბატონობის სურვილს და ლტოლვას…
– და თუ ვერ გაუძლებ?
– მაშინ საკუთარი ხელით დაგანგრევინებს კიბის ყველა საფეხურს, რომლითაც ოლიმპოზე ახვედი…
– თავშიც ქვა უხლია! დაინგრეს კიბე! ჩამოსასვლელი, თუ აღარ იქნება, დარჩება კაცი ოლიმპოს ღმერთებთან…
– ოლიმპოდან არ ჩამოდიან… ოლიმპოდან ძირს ენარცხებიან უსულოდ…”
*მზე რომელიც ღამე ამოდის*
ნუგზარ სულაშვილი