“აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას “

„საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის შეთანხმება“ მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონიის გახსნისას განაცხადა.

“ის მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას: კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობისა და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებასა და გარემოს დაცვას.

ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებას, ასევე, თავისუფალი ბაზრისა და დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. ეტაპობრივად, შესაძლებელი იქნება გრანტის გაზრდა 330 მილიონ დოლარამდე. ჩვენი ქვეყნისადმი, მხოლოდ USAID-ის დახმარება შეადგენს 1 800 000 000 დოლარს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share