რა მნიშვნელობა აქვს ხილ-ბოსტნეულის ბიო პესტიციდებითა და სასუქებით მოყვანას და რამდენად პოპულარულია ის საქართველოში?

კომპანია „აგროქართლი“ ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ შვეიცარული და იტალიური ბიო სასუქები და პესტიციდები შემოაქვს და მათ ის აგროკომპანიები იძენენ, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით არიან დაკავებულები.

„აგროქართლის“ დირექტორი გოგა სიმონიშვილი „ბისნეპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, რომ კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად 30-40%-ით იზრდება.2020 წლის მარტში, „ლოქდაუნის“ პერიოდშიც კი შეძლეს და თანამშრომლებს ანაზღაურება გაუზარდეს.

ბიო პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ შიდა ქართლში 150 ჰექტარ მიწაზე თავადაც გააშენეს ბაღები და სხვადასხვა სახეობის ხილ-ბოსტნეული მოჰყავთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ასევე, „აგროქართლი“ ფლობს სამაცივრე მეურნეობასაც, რაც საშუალებას აძლევს, მომხმარებლამდე უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიიტანოს.

agrokredtii12-1621838542.jpg

„აგროქართლის“ ბაღი ქართლში

„ჩვენ 2005 წლიდან დავიწყეთ ოპერირება, თავდაპირველად, სტანდარტული შესაწამლი საშუალებები შემოგვქონდა, თუმცა ამჟამად ისინი სრულად ჩავანაცვლეთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. შვეიცარული ბრენდი „სინგენტა“-სა და იტალიური ბრენდი „იზაგრო“-ს ექსკლუზიური იმპორტიორები ვართ საქართველოში. გარდა ამისა, ვახორციელებთ პესტიციდების იმპორტს ისრაელიდან. აღსანიშნავია, რომ „სინგენტა“ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებელია ამ მიმართულებით“, – განგვიმარტა გოგა სიმონიშვილმა.

„აგროქართლის“ დირექტორის განმარტებით, უმაღლესი ხარისხის პესტიციდებსა და სასუქებზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, განახორციელეს ახალი ინვესტიცია, რომელმაც პროდუქციის მისაღებ ფასად შეძენის საშუალება მისცათ.

„საქართველოს ბანკი“ დაგვეგხმარა განვითარებაში და მოგვცა 3.5 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია, რაც საიმპორტო პროცესების კიდევ უფრო განვითარებას მოხმარდა. აღნიშნული ინვესტიციის მეშვეობით, პროდუქციის რეალიზაცია წელიწადში 3-5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა“, – განმარტა კომპანიის დირექტორმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ხილ-ბოსტნეულის ბიო პესტიციდებით დამუშავება?

„აგროქართლში“ განგვიმარტეს, რომ შეუმოწმებელი და მავნე ქიმიური პესტიციდები და სასუქები ნაყოფში ტოვებს ნარჩენებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს. არსებობს სპეციალური მოწყობილობები, რომლითაც ნაყოფში პესტიციდების არსებობის დონე განისაზღვრება. მაგალითად, საზოგადოებისთვის განსკუთრებით ცნობილია საზამთროს ნიტრატებზე შემოწმების პრაქტიკა და საგანგაშო შედეგები, რომელიც სწრაფმა ტესტირებამ დადო.

გოგა სიმონიშვილის თქმით, აღნიშნული მეთოდი 60%-იანი სიზუსტით გამოირჩევა და შემოწმების ეს საშუალება ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, თუმცა ხილ-ბოსტნეულის შესაძენად გასულები აპარატურით რომ არ აღვიჭურვოთ, სასურველია, პირდაპირ ბიო პროდუქტზე გავაკეთოთ არჩევანი.

მისივე განმარტებით, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების მსგავსი რეგულაციები, რომლის შესაბამისადაც, თითოეულ მარკეტში განთავსებულ ხილ-ბოსტნეულს მითითებული აქვს, რომელ ფერმაში და რომელ რეგიონშია წარმოებული. პროდუქტზე დატანილი ინფორმაციით კი მყიდველი ხვდება, რასთან აქვს საქმე.

„არსებობს მითი, რომ ჩინური და სხვა დაბალი ხარისხის შესაწამლი საშუალებები უფრო იაფი ჯდება. რეალურად, ასე არ არის. წამლობა იწყება დაახლოებით იანვრიდან და გრძელდება გვიან შემოდგომამდე. ფერმერებს უხარისხო საშუალებებით შეწამვლა იმაზე ხშირად უწევთ, ვიდრე ხარისხიანით და ხარჯი ერთი და იგივე გამოდის. სწორედ ამიტომ მე ვურჩევდი, არჩევანი უფრო ხარისხიან პესტიციდებზე შეაჩერონ“, – აღნიშნა მან.

„აგროქართლში“ ამ ეტაპზე 65 ადამიანია დასაქმებული. კომპანია გეგმავს, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაუწიოს პოპულარიზაცია პრემიუმ ხარისხის პესტიციდებისა და სასუქების გამოყენებას, რათა მოსახლეობას უფრო ჯანსაღი პროდუქტის მოხმარების საშუალება ჰქონდეს და თავადაც გააგრძელონ განვითარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share