არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ღომის ციხე (ზოტის მახლობლად), ბუკის ციხე და ასკანის ციხე წარმოადგენდა იმ სასიგნალო-დამცავი ნაგებობის ჯაჭვის ნაწილს, რომელიც დასავლეთ საქართველოსათვის ბიზანტიელებისა და სპარსელების დაპირისიპირების დროს ამ უაკანასკნელთა მოსალოდნელი შემოჭრის თავიდან ასაცილებლად აიგო. ამის დაზუტებით თქმა შეუძლებელია თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ციხესიმაგრები კეტავდნენ იმ ხეობებს, საიდანაც შესაძლებელი იყო აღმოსავლეთი მხრიდან გურიაში ანუ დასავლეთ საქართველოში შესვლა და ასევე ფაქტია, რომ საფრთხესაც ამ მხრიდან ელოდნენ და იმიტომაც აშენებდნენ ციხესიმაგრეებს, რომელთა თანმიმდევრულ განლაგებასაც მაშინ აქვს აზრი თუ ერთობლიობაში იცავენ გარკვეულ ტერიტორიას.
როგორც ირკვევა სოფელ ზოტის მიმდებარედ არსებულ „ღომის ციხეს“ და ზოგადად ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს გურიის ისტორიისათვის. ამჟამად ციხესიმაგრე დანგრეულია და შემორჩენილია დიდი ფლეთილი ქვებით ნაშენი მისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ორი სამი მეტრის სიმაღლის კედლის ნაწილი. ჩრდილოეთის მხარეს გალავნის ცენტრალური ნაწილის კედელი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთით გალავანს კი მიშენებული აქვს კედლის სამაგრი ბურჯი საიდანაც ციხეს შესასვლელი უნდა ჰქონოდა.
მთა რომელზეც დგას „ღომის ციხე“ 1932 წელს დაუთვალიერებია პროფესორ ი. მეგრელიძეს, რომელიც თავის ნაშრომში ყურადღებას ამახვილებს არა ციხესიმაგრის ნანგრევებზე არამედ ციხესიმაგრესთან არსებული ციკლოპური წყობით (დუღაბის გარეშე ქვების წყობა) აგებულ მიწისქვეშა ნაგებობებზე, რომელიც ციხეზე გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული, მეგრელიძე ამ ადგილს ასე აღწერს:
„აღმოსავლეთ გურიაში ასევე აღსანიშნავია ერთი ნაგებობა, რომელიც მდებარეობს გურიისა და ახლციხის საზღვართან ახლოს მთაზე სახელად „ღომის ციხე“, მთაზე არის სამი პრიმიტიული მიწისქვეშა ნაგებობა, რომლებიც აშენებულია უზარმაზარი დაუმუშავებელი ქვის ლოდებით, კედლის წყობა ციკლოპური ტიპისაა. მწყემსები ამ ნაგებობებს „ოდიებს“ (სასახლე, სახლი) უწოდებენ.
მიწისქვეშა ნაგებობები ძალიან საინტერესოა და განთავსებულია მთლიანად მიწის ქვეშ, მათ შესასვლელი აქვთ გვერიდან, საიდანაც ვიწრო გვირაბების გავლით შევდივართ შიდა სათავსოებში, რომელთაც აქვთ გუმბათისებრი ზემოთ შეკრული ჭერი. ეს ძეგლი ჯერ არავის არ შეუსწავლია, მაგრამ მათი გათვალისწინებით შეიძლება დავადგინოთ, რომ გურიის ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული იყო ავტოქთონური მოსახლეობით.
მწყემსები ამბობენ, რომ „ღომის ციხიდან“ ახლოს არის ერთი ადგილი, რომელსაც „ვარდიან ქვას“ უწოდებენ. მათივე თქმით ამ ადგილზე არის ქვასვეტი რომელზეც ჩამოკიდებულია რკინის ჯაჭვი. მე ვერ შევძელი ამ ადგილის მონახულება, რადგანაც იგი ისეთ სიმაღლეზეა, რომ 1932 წლის 4 ივლისს, როდესაც მე ღომის ციხეზე ვიყავი იქ უკვე თოვლი მოსულიყო, რაც შეუძლებელს ხდიდა მის დათვალიერებას. თუ ეს ინფორმაცია შეეფერება სინამდვილეს ამ ძეგლს ჭეშმარიტად მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ძეგლის შესწავლა შევთავაზე პროფესორ მელპკსეტ-ბეკოვს, მაგრამ მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა მისი ადგილზე ნახვა.
თანამედროვე გურიის მოსახლეობაში არსებული თქმულების მიხედვით ღომის ციხის მიწისქვეშა ნაგებობები ადგილობრივმა მოსახლეობამ ააშენა თავდაცვის მიზნით იმ პერიოდში, როცა გურიაში ალექსანდრე მაკედონელი შემოიჭრა. რა თქმა უნდა ამ თქმულებას არ გააჩნია ისტორიული საფუძველი და არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც სარწმუნო წყარო იმისათვის, რომ დადგინდეს ნაგებობის შექმნასთან დაკავშირებული გარემოებები.“
ფოტოების ავტორი ბესო ქათამაძე;
მოამზადა – კახა ჩავლეშვილმა;