ქართული სამთავროების ერთობლივი საზღვაო ბრძოლები

1715-16 წლებში აფხაზთა საბრძოლო გემები ფაქტიურად სრულად აკონტროლებდნენ აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპირო წყლებს. მაგალითად 1716 წელს სულხან საბას მიერ სტამბულში დაქირავებული გემის კაპიტანმა შევიდა რა ჭანეთში არსებული ათინის ნავსადგურში უარი განაცხადა წაეყვანა მისი გემი ქობულეთისაკენ, რაც მან სულხან საბას ამ სიტყვებით აუხსნა – „მე არ შემიძლია წავიყვანო ხომალდი საქართველოს ნაპირებისაკენ, რადგანაც აბხაზები გამოვიდნენ მორჩილებიდან და მე ძალიან მეშინია მათთან შეხვედრის“. იმავე 1716 წელს ანაკლიის და გონიოს ციხესიმაგრეების თურქული გარნიზონების ჯარისკაცების მიერ სტამბულში გაგზავნილი ცნობების მიხედვით – „აბხაზმა და მეგრელმა გიაურებმა შეგვიქმნეს დიდი სიძნელეები, მოკლეს ისლამის ხალხი, რომლებსაც სურსათი გადაჰქონდათ“.

1721-22 წლებში საქართველოს ზღვისპირა სამთავროებმა ერთდროულად ერთიანი ფრონტით შეუტიეს თურქებს. აბხაზეთის, სამეგრელოს და შესაძლოა გურიის საბრძოლო გემებმა შეუტიეს თურქების გარნიზონების მიერ დაკავებული ანაკლიის, ბათუმის და გონიოს სიმაგრეებს და დაიწყეს მათ მიმდებარედ არსებული თურქული დასახლებების დარბევა და ისევე როგორც მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში შეეცადეს გაედევნათ თურქები გონიოს სანჯაყისაგან.

ტრაპიზონის ფაშის მიერ თავმოყრილმა სახმელეთო ძალებმა ვერ შეძლეს შემოტევის მოგერიება და ქართველებმა ზღვაზე სრულ უპირატესობას მიაღწიეს. ქართველთა საბრძოლო გემები დაუსჯელად თავს ესხმოდნენ თურქების ზღვისპირა დასახლებებს და მთლიანად ანადგურებდნენ და არბევდნენ მათ. თურქეთის ხელისუფლება იძლებული გახდა მიეღო განსაკუთრებული ზომები და 1722 წლის აგვისტოში ოსმალეთის ფლოტის მთავარსარდალს კაპუდან-ფაშას უბრძანეს გაეგზავნა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ძლიერი საზღვაო შენაერთი 10 ფირკატის (ფრეგატი) შემადგენლობით. ამავე ბრძანების მიხედვით პირადად კაპუდან-ფაშის მეთვალყურების ქვეშ სულთანის გემსაშენში საჩქაროდ უნდა აშენებულიყო ზარბაზნებით შეიარაღებული ხუთი ეშკაფუა, თითოეული 29 კაციანი ეკიპაჟით. ასევე სასწრაფოდ დანიშნულიყო მთელი შენაერთის საბრძოლო მეთაურები, სულთანის ეს ბრძანება უმოკლეს ვადაში იქნა შესრულებული და უკვე 1722 წლის ბოლოს გემები საქართველოს ნაპირებისკენ გაიგზავნა. უკვე 1723 წელს თურქებმა მთლიანად დაიკავეს საქართველოს საზღვაო სანაპირო და ქართველ მეზღვაურები მათი ბაზების გარეშე დატოვეს, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ ზღვაოსნობას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ კიდევ დიდხანს გაგრძლედა, რის გამო 10 წლის შემდეგაც კი 1732-1734 წლებში თურქები იძულებულნი იყვნენ საქართველოს ნაპირებთან მუდმივად ყოლოდათ თვაიანთი ფლოტის ნაწილი. ამ წლებიდან მოყოლებული 1750-იან წლებამდე თურქული ეშკაფიები ძველებურად იდგნენ ანაკლიის, ფოთის და სოხუმის სიმაგრებთან, რომლებსაც იცავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის საზღვაო თავდასხმებისაგან.

 

(მასალა აღებულია ტ. ბერაძის ნაშრომიდან – „საქართველოს ზღვაოსნობა და საზღვაო ვაჭრობა შუა საუკუნეებში)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share