აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, რომელსაც კარიერის მანძილზე ამერიკის 7 პრეზიდენტთან მუშაობის გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით პოპულარულარობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოიხვეჭა.
კორონავირუსთან ბრძოლისა და პანდემიაზე რეაგირების მთავარი სახე ამ პერიოდში არაერთხელ გამხდარა როგორც დიდების, ასევე სასტიკი კრიტიკის ობიექტი.
ბოლო პერიოდში ფაუჩიმ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიპყრო, რაც Washington Post-მა, Buzzfeed News-მა და CNN-მა, აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე, ენტონი ფაუჩის პირადი ელექტრონული შეტყობინებები მოიპოვეს, რომელთა რაოდენობაც 3 000-გვერდია და ის 2020 წლის იანვარ-ივნისის პერიოდით თარიღდება.
ელექტრონულ წერილებში ჩანს ის, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკის მთავარ ეპიდემიოლოგს, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, კორონავირუსთან დაკავშირებით.
|რა წერია ფაუჩის იმეილებში
უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის თეორიის შესახებ:
ენტონი ფაუჩის პირადი მიმოწერებიდან ჩანს, რომ ის და მისი კოლეგები კოვიდ-19-ის უჰანის ლაბორატორიიდან შესაძლო გაჟონვის თეორიას, პანდემიის დასაწყისშიც განიხილავდნენ.
კერძოდ, 2020 წელს ენტონი ფაუჩიმ ქვეყნის უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი დაწესებულების დირექტორისგან წერილი მიიღო, რომელშიც ვირუსის „უჩვეულო მახასიათებლებზეა“ საუბარი და აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა, იმის ინდიკატორი იყოს, რომ ვირუსი „შექმნილია“. ენტონი ფაუჩი საპასუხო წერილში წერს, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდება.
2020 წლის აპრილში, ფაუჩიმ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორია უარყო. თუმცა, მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მოსაზრება კიდევ ერთხელ შეიცვალა და განაცხადა, რომ ის დარწმუნებული არ არის, რომ კორონავირუსი ბუნებრივად განვითარდა და ჩინეთს უჰანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ისტორიების გასაჯოებისაკენ მოუწოდა.
ასევე, გამოქვეყნდა აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მკვლევარი, Covid-19 ის მსგავსი სიმპტომებით, პანდემიის დაწყებამდე – 2019 წლის ნოემბერში საავადმყოფოში იმყოფებოდა.