საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მიმართვა გაუგზავნა, სადაც ის დეპუტატებს მოუწოდებს გადახედონ პოლიტიკური პარტიების კანონსა და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.
საკანონმდებლო ინიციატივა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ან შეჩერებას, ასევე უფასო საეთერო დროის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ამ კანონპროექტებზე მიმდინარე წლის მარტში ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივი დასკვნა მიიღეს, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკეს ის. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის მათი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და, ზოგადად, პარტიულ პლურალიზმს. ამ ინიციატივაზე საია-მაც წარუდგინა პარლამენტს დასკვნა, რომელშიც ის საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებათა გათვალისწინებით, აკრიტიკებდა კანონპროექტებით შემოთავაზებულ რეგულირებებს. საკითხის გარშემო აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, სადავო პროექტები პარტიების მიერ ხელმოწერილ, ე. წ. „შარლ მიშელის დოკუმენტში“ მოხვდა, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტები ზემოაღნიშნული დასკვნის შესაბამისად უნდა გადაიხედოს.
მიუხედავად ამისა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისას მასში შესაბამისი ცვლილებები არ შეიტანა და შეინარჩუნა ყველა ის კომპონენტი, რომელიც დასკვნებში უარყოფითად არის შეფასებული. საია მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება შეთანხმების შედეგად აღებულ ვალდებულებას. ახლებური რედაქცია ისევ წინააღმდეგობაშია იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რაზეც ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი საუბრობს. ორგანიზაცია მოუწოდებს დეპუტატებს, არ დაუშვან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშემშლელი ნორმების გაჩენა კანონმდებლობაში.” – ნათქვამია საიას ინფორმაციაში.