ლომჯარიას განცხადებით, ის და მეუფე იაკობი პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს ერთად ჩავლენ, რათა ბავშვებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გაუცხოვება არ ჰქონდეთ.
„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მე მინდა, რომ ჩვენ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და არ იყოს მტრულად განწყობა იქ მყოფი პირების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს და ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები, დაიწყებენ ვითარების შესწავლას.
ეს იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. ეს იყო უფრო მეტად ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ბავშვების გაყვანას რაც შეეხება, ჩვენ შევთანხმდით, რომ სოციალური სამსახური აგრძელებს ბავშვების საჭიროებების შეფასებას და როგორც იქნება გადაწყვეტილი თითოეული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ისე განვითარდება მოვლენები,“ – განაცხადა ლომჯარიამ.