(ტაბულა)საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ, ხოლო პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.
“გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით: ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო და აღნიშნავს, რომ შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება.
საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეუძლიათ. სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მუშაობა კვირაში 5-6 დღე მოუწევდათ, დღეში 8-10 საათი, მინიმალური ხელფასი კი საათში 9.5 ევროა.
დარეგისტრირებული მოქალაქეების გამგზავრების შემდეგ ისინი შეუსაბამო პირობებზე და შეთანხმების დარღვევაზე საუბრობდნენ.