გურიელებმა ქვემო გურიაზე ანუ ქობულეთზე კონტროლი საბოლაოდ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში დაკარგა, რაც შედეგი გახლდათ გურიელებისა და თავდგირიძეების დაპირისპირებისა. დაპირისპირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა თავდგირიძეების ნაწილის მიერ ისლამის მიღებამ ოსმალთაგან სამხედრო დახმარების მიღების სანაცვლოდ. შედეგად გურიამ – ქვემო გურიის სახით დაკარგა მისი სასულიერო, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი. გურიის საეკლესიო და საერო არქივის ნაწილი ამ დაპირისპირებას გადაყვა, ხოლო მეორე ნაწილი გურიაში რუსების შემოსვლისა და გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ ოზურგეთის სამაზრო სამართველოს არქივში მოხვდა, სადაც ამ მასალებს ყურადღებას არავინ არ აქცევდა, ზაალ ჭიჭინაძის გადმოცემით გურიელების არქივის 120 ფუთი ქაღალდები ვაჭრებზე გაიყიდა არქივის ჩინოვნიკებმა. ამის შემდედ პრაქტიკულად აღარ არსებობს გურიის ისტორიის ამსახველი საარქივო მასალები. ზაალ ჭიჭნაძე თავის ნაშრომში – „თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი ფაშა თავდგირიძე“ (1895 წელი) წერს: „მემედ ბეგი თავდგირიძე მამამ ადრიდგანვე შეაჩვია მუსლიმანობას, ქართველთა მტრობას, სისხლის სმას და ბოროტებას; მამა შვილს ავალებდა, რომ შვილს ისეთი ერთგულება აღმოეჩინა ოსმალეთის მთავრობის წინაშე, რომ მის მეოხებით ოდესმე ფაშობა მიეღო. მემედ ბეგს მამამ ადრიდგანვე მიუჩინა მოლა ხოჯები მასწავლებლათ, მოლა ხოჯები სწვრთნიდნენ მას თათრულ წერა-კითხვაში, სჯულის შესწავლაში. ამ პირებმა მემედ ბეგს სასტიკათ ჩაუნერგეს ფანატიზმი. მემედ ბეგს ქართული წერა კითხვაც სცოდნია. ამისგან და ამის მამისაგან ქართულათ დაწერილი წერილები მე თვით ვნახე. ესენი თავიანთ თავებს ქობულეთის ბეგებად უწოდებენ და წერილის ბოლოს თათრულს ბეჭედს ასომენ. წერილებიდამ სჩანს, რომ მამაცა და შვილიც დიდი მოდავენი, მოქიშპენი და მოღალატე ყოფილან გურიელებისა. ეს მასალები მე მოვიპოვე ოზურგეთის სამაზრო სამართველოს ძველს არხივის ქაღალდებში, რომელ არხივის 120 ფუთი ქაღალდები ოზურგეთის ვაჭრებზე იქმნა დაყიდული. მე აქა იქ მეწვრიმლის დუქნებში შევკრიბე ესენი და „წერა-კითხვის სამართველოს“ გარდავეცი. გურიამ ამით დიდი ძალი მასალები დაკარგა და ნამეტურ გლეხკაცობამ თავის წინაპართა თავგადასავალთა მრავალ ძვირფასი ცნობები.“
ესაა ქობულეთი 1854 წელი, ოტომანთა საიმპერიო არქივიდან