ბადრი ესებუას მამა ამბობს, რომ ის მისთვის მკვდარია. ტარიელ ესებუას თქმით, მეორე შვილის ამბავი აინტერესებს, რომელიც უდანაშაულოა და ციხეში ზის.
“სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში… ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ – ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით… ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი. ჩაიდინა თუ არა ის დანაშაული, დღეს მის გამო მისი ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია!” – ამბობს “კვირის პალიტრასთან” ტარიელ ესებუა.
ტარიელ ესებუა ამბობს, რომ ძებნილ ბადრი ესებუაზე არაფერი იცის და წარმოდგენა არ აქვს სად შეიძლება იყოს. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ესებუა ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
“ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვანეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს”, – ამბობს ტარიელ ესებუა.