ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ორეგონის შტატში გასული კვირის პარასკევიდან დღემდე სიცხისგან 63 ადამიანი დაიღუპა. სამედიცინო ექსპერტიზამ მათი გარდაცვალების მიზეზად ჰიპერთერმია დაასახელა.
ბრიტანეთის კოლუმბიაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მოულოდნელი გარდაცვალების სულ მცირე 486 შემთხვევა დაფიქსირდა. კანადის სამთავრობო უწყების, „კანადის ბუნებრივი რესურსების“ ხანძრის რუკის თანახმად, ალბერტას უმეტესი ნაწილი და ბრიტანეთის კოლუმბიისა და სასკაჩევანის გარკვეული ტერიტორიები ხანძრის საფრთხის ქვეშ არიან.
“ყველა ინგრედიენტი იქ არის. დენთის კასრი ნაპერწკალს ეძებს”, – განაცხადა ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორმა, ტყის ხანძრების სპეციალისტმა მაიკ ფლანიგანმა.
ლიტონში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ბოლო რამდენიმე დღეში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სამჯერ დაფიქსირდა. სამშაბათს ტემპერატურა 49.6 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.
აშშ-ში, ვაშინგტონსა და ორეგონში, კი ტემპერატურამ 48 და 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.