5 ივლისის ძალადობა გაცდა პრაიდსაც, დასახიჩრებულ ჟურნალისტებსაც, ლიბერალებისა და კონსერვატორების მსოფლიო ჭიდილსაც და ოცნების საარჩევნო კამპანიასაც. ძალადობრივმა ჯგუფებმა ირწმუნეს, რომ მათ ხელშია ძალაუფლება, ისინი მართავენ ქუჩას და ამყარებენ წესრიგს, რომ მათ დროებითი კონტრაქტი კი არ აქვთ ძალასთან, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს – ისინი არიან თავად სახელმწიფო. ბევრის შვილს, მათ შორის ოცნების მხარდამჭერებისას, მოხვდა ფურთხი, წიხლი თუ ხელკეტი, და ვისაც არ მოხვდა ადვილად შეიძლებოდა მოხვედროდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების დადგენილ დრესკოდსა და ვიზუალურ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდნენ. ყველას, მათ შორის ოცნების მხარდამჭერებს მხოლოდ კი არ გაახსენდათ 90-იანი წლების ქაოსი, ე.წ. “ბესპრიძელშინა”, არამედ იხილეს და დღესაც უყურებენ თბილისის ქუჩებში, სადაც კადიროვის ჩეჩნეთის მსგავსად დაცული უკვე აღარავინაა.
ყველაზე რთულ მდგომარეობაში და ამავე დროს მსხვერპლის როლში კი, ალბათ, პოლიცია აღმოჩნდა. რეგიონში და მის გარეთაც ერთ დროს თითით საჩვენებელი, რეფორმირებული ქართული პოლიცია, რომელსაც გავეშებული ბრბო თავზე ჯოხებს ამტვრევდა, მათ თვალწინ კი უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ სცემდა. პოლიცია კი მხოლოდ რაგბის შერკინების წესებს იქით ვერ მიდიოდა და მის ხელთ არსებული კანონიერი მექანიზმების მინიმუმიც კი არ გამოაყენებინეს არც მშვიდობიანი, კანონმორჩილი მოქალაქეების და არც საკუთარი თავების დასაცავად. 5 და 6 ივლისს ოცნებამ კონსტიტუცია მათ შორის ქართულ პოლიციასაც თავზე გადაახია.
ივანიშვილსა და ოცნებას ჯერ ისევ შეიძლება ჰგონიათ, რომ გაიმარჯვეს და ყველაფერი მათი სცენარით მიდის, თუმცა თუ ასე გაგრძელდა 5 ივლისის მოვლენის ყველაზე დიდი მსხვერპლი, მაღალი ალბათობით, თავად ხელისუფლება გახდება. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყება ყველა მეტნაკლებად მოაზროვნე ადამიანის გადინება ოცნების მხარდამჭერთა რიგებიდან, რითაც მმართველი გუნდი მხოლოდ ინტელექტისგან დაცლილი რადიკალური ჯგუფების ამარა დარჩება, რომლებიც მზად არიან ევროკავშირის დროშა ჩამოხიონ, დაწვან და მის ნაცვლად რუსული ტრიკოლორი აღმართონ. რა თქმა უნდა, რეგიონში უფრო სპეციფიური, თეოკრატიული ვერსიაც არსებობს, მაგრამ ჩვენი, როგორც ამ დღეებში კორკოტას მიმართეს “ჭარმაგი თაობისა” და მათ რჩევებსა და მაგალითებზე აღზრდილი უკანალის მცველი თავგანწირული რაინდების ნაწილისთვის, ენდემური და კომფორტული გარემო ევროპისგან განსხვავებით სწორედ რუსეთია, სადაც ავტორიტარის ინტერესისა და ნების მიღმა დარჩენილი ნებისმიერი სივრცე და ურთიერთობა მხოლოდ “პო პანიატიამ” ანუ კანონს მიღმა არსებული წესებით იმართება.
თუ ყველა ამას ვერ აღვუდექით, შეგვრჩება ბიძინას, ანუ “ბეზპრიდელის” საქართველო, სადაც “პრიდელს” ანუ ზღვარს მხოლოდ ერთი კაცი განსაზღვრავს, სადაც თქვენი შვილები ცხოვრებას უბრალოდ არც ისურვებენ და ვეღარც შეძლებენ, მარტო 5 ივლისი აღარ იქნება ზღვარგადასული უკანონობის დღე, ხოლო ამ ქვეყანაში ნორმალური ფეხს აღარავინ შემოადგამს, რაც არ უნდა ინგლისურ-რუსულად მივესალმოთ და მოვუხმოთ: “Welcome Безпридел-ში”.
გიორგი თარგამაძის OP-ED.