“თუ ხელისუფლებას დაწერილი აქვს 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე გასაგზავნი განცხადება, შეუძლია დაახვიოს და წაიღოს ეროვნულ არქივში”

“მე, როგორც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, სასოწარკვეთილი ვარ იმის გამო, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა. ამ უმსგავსობის პირველი შედეგი არის ის, რომ აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებზე კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა თანაბრად არ ვრცელდება”,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

“თუ ხელისუფლებას დაწერილი აქვს 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე გასაგზავნი განცხადება, შეუძლია დაახვიოს და წაიღოს ეროვნულ არქივში როგორც ისტორიული კურიოზი, რადგან პარლამენტის ფანჯრიდან რომ დაიყვირონ, ზუსტად ისეთივე შედეგი ექნება, როგორც ბრიუსელში იმ ქაღალდის გაგზავნას და გაცილებით იაფი დაჯდება.

ანუ ადამიანს შეიძლება აუკრძალონ ის, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, შეკრების, მსვლელობის, სიტყვის და ა.შ. თავისუფლება. თუ ეს იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია, საერთოდ არ მაინტერესებს, ვისი მანიფესტაცია უნდა შემდგარიყო სექსუალური უმცირესობების, შევარდენით მონადირეების, ველოსიპედისტების თუ არქივარიუსების. საერთოდ არ მაინტერესებს. კონსტიტუცია ან გვაქვს, ან არ გვაქვს.

მეორე შედეგი არის ის, რომ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენთვის თავისუფალი პრესის წარმომადგენლები არაფერს ნიშნავს. ამ ადამიანებს შეიძლება ურტყა, დაამცირო, აგინო და სახელმწიფოს ორგანოებიდან გამომსარჩლებელი არავინ ჰყავთ. მათი პროფესიული ვალდებულების შესრულების დროს ეს ადამიანები შეიძლება სცემონ და მორალურად დაამცირონ”,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდებოდნენ,  მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც. დაპირისპირება მოხდა 6 ივლისსაც.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share