ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ შსს-ს მიერ ზედოზირების ვერსიის მიზანმიმართულად გავრცელებას ეხმაურება და წერს, რომ დაღუპვის უშუალო მიზეზი ვერ შეცვლის ფაქტს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ მასზე იძალადა.
გეგეჭკორი წერს, რომ ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და საიდანღაც მოპედით მორბენილი “ნარკანით” გადარჩენილი ნარკოტიკური ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია, თანაც ისეთი, რომლესაც სამედიცინო განათლების არ მქონე ადამიანიც ადვილად მიხვდება.
“დაღუპული ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ ამ ბიჭზე იძალადა. ცოცხალიც რომ დაჩენილიყო, ვერავინ წაშლის მის ჩამსხვრეულ თვალბუდეს, ვერავინ უარყოფს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ლექსოს გარდაცვალება მხოლოდ ამძაფრებს ამ ტრაგედიას.
ამ ისტორიაში ორი ამბავია მთავარი; ის რომ ლექსო ცოცხალი აღარ არის და ის რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში სადაც არავის სიცოცხლის უფლება არაა დაცული. მათ შორის იმ მონებისაც ვინც დღეს ჩვენზე ძალადობენ. მათაც გარანტირებული აქვთ პოლონიუმის ჩაი თუ ბატონის ნებას გადაუხვევენ”, – წერს ნანა გეგეჭკორი.