ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძის გათავისუფლების გამო მადლობა გადაუხადა

პატრიარქების მიმოწერას საქართველოს საპატრიარქო ასაჯაროებს.

“ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის  გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს  დაუბრუნდა.

ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში. დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს  ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ”, – ვკითხულობთ ილია მეორის წერილში.

მანამდე კი, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე თხოვნით მიმართა.

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქ კირილეს საპასუხო წერილსაც ასაჯაროებს, რომელიც 13 ივლისით თარიღდება და სადაც რუსეთის პატრიარქი წერს, რომ ეს “საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი”

“თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო, მივიღე 2021 წლის 24 ივლისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი   საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის  სამხრეთ ოსეთში.

ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.

მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან.

გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით”, – ვკითხულობთ კირილეს წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share