მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 3.4 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით მეტია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 350 273 შემთხვევა ინდონეზიაში გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 44%-ით მეტია. შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო 296 447 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებს 41 %-ით აჭარბებს, მესამე ადგილზეა ბრაზილია, 287 610 ახალი შემთხვევით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 14 %-ითაა შემცირებული, აღნიშნულ ქვეყნებს კი ინდოეთი (268 843 შემთხვევა) და შეერთებული შტატები (216 433 შემთხვევა) მოჰყვებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 57 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ ფატალურ შემთხვევებზე დაახლოებით 2 000-ით მეტია.
ამასთან, ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ. „ალფა“ ვარიანტი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ამის გამო „ბრიტანულ ვარიანტად“ მოიხსენებენ, მსოფლიოს დაახლოებით 180 ქვეყანაშია გამოვლენილი, „ბეტა“, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი, 130 ქვეყანაში, – „გამა“, ანუ ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი – 78 ქვეყანაში.
რაც შეეხება „დელტა“ შტამს, რომელიც პირველად გასული წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა და „ინდური ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული, წინა კვირის მონაცემებით კი აღნიშნული შტამი 111 ქვეყანაში იყო გამოვლენილი.