მე პირადად ველოდი: ბერა გამოვიდოდა, უცენზურო ლექსიკის გამო საზოგადოების მისდაუნებურად შეწუხებისთვის ბოდიშს მოიხდიდა, იტყოდა, რომ მაშინ ბავშვი იყო, სისხლი უდუღდა, ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებდა, მამამისი ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფალი არ იყო და მისთვის შეურაცხყოფის მომყენებლებისთვის ჭკუის სწავლება ასეთი მიუღებელი ფორმით მოუწია. შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მამა პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა, თავადაც გაიაზრა, რომ როგორც მომღერალი ვარსკვლავი და თან ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის შვილი – საჯარო პირია, თმენის ვალდებულება აქვს, თავშეკავება მართებს.
მას შემდეგ მსგავს, თუნდაც ორგანიზებულ შეტევებს მისი სტატუსის ბუნებრივ თანმხვედრ უსიამოვნებად აღიქვამს, რა თქმა უნდა არ მოსწონს და ახლაც მოუწოდებს ყველას, მათ შორის მისსავე გულშემატკივრებს – ასე ნუ მოიქცევიან, ამ პატარა ქვეყანას, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ღირსების შელახვაზე მწვავედ რეაგირებს, უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და სცადონ შეჯიბრსა და კონკურენციაშიც კი, მოწინააღმდეგესთან ღირსეული დამოკიდებულების მაგალითი აჩვენონ…
ამის სამაგიეროდ გავიგეთ, რომ: გავრცელებული ჩანაწერი ნამდვილია, მისი მრავალსართულიანი გინებებიცა და მასში ჩაქსოვილი უცნაური ფანტაზიებიც, ამხელა პრემიერი კაცის ცუნდრუკი და ბავშვების ჩაგვრითა და დამცირებით გამოწვეული ამბებით არაჯანსაღი ტკბობა და ჭყლოპინი ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიღოთ. არაფერს ნანობს, შეურაცხყოფას ვერც მაშინ ვიტანდი და არც ახლა მოვითმენ და ამისთვის მაშინ დაცვას და ახლა კი სხვა რესურსსაც გამოვიყენებო… ანუ ჩემი დედიკოს შეურაცხყოფილ·noun დედებს გიტირებთო.. როგორც ქართულში დამკვიდრებული რუსული სიტყვით გამოითქმება: – მალადეც ბერა, ვაჟს და ილიას იდეალებზე აღუზრდიხართ!
და ამას, სხვათა შორის, სტუდიაში შეკრებილი ის საზოგადოება ისმენდა, მანამდე ზოგ მედია საშუალებას ფსიქოლოგიური ტერორისა და ძალადობის კულტივირებისთვის რბილად რომ ვთქვათ აკრიტიკებდა, ხოლო იქ მჯდომი სასულიერო პირი: სისხლი სისხლის წილ, კბილი კბილის წილ, დედის გინება დედის ამოტრიალების წილ თეზის ლამის ოვაციებისა და ჟურნალისტების აღტკინების ფონზე რომ ისმენდა და უხერხულად იშმუშნებოდა.. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მინდოდა რომ ასე ყოფილიყო.
ისე, ბერა არ მჯერა, რომ არ იცი, მაგრამ რადგან გიკვირს – ეს უწმაწურად დედის მლანძღავ მაგინებლები ვინ არიან და სად გაიზარდნენო, მინდა თვალი აგიხილო, ცუკერბერგის ავტორიტეტი მოვიხმო და შეგახსენო: ეს ის ან მსგავსი ხალხია, რომლებიც მამაშენის ორგანიზებული და დაფინანსებული, უპრეცედენტო მასშტაბისა და სისასტიკის ტროლებისა და ბოტების ქარხნის ე.წ. ‘მუშები’ არიან. მანქანის, რომელიც უზრდელობის, სიბინძურისა და მენტალური ჭუჭყის ქაფს იყენებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულზე არ ეხატება. არც მათ დედიკოებს ინდობენ და არც შვილიკოებს. უხეშად ეხებიან ყველაფერ წმინდას და ხელშეუხებელს.
კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ეს არაფერია საფრთხის და განსაცდელის იმ მასშტაბთან შედარებით, რომლის წინაშეც მთელი ქვეყანა, ბერაიან, ჩემიან – თქვენიანად ვდგავართ და როგორც ჩანს კიდევ ვერ ვაცნობიერებთ:
როდესაც ივანიშვილების ოჯახი და ავტომატურად მმართველი გუნდი ღრმა მორალურ და რეპუტაციულ კრიზისშია, ოცნება კი გახარიას გადადგომით დაწყებულ რღვევას ვეღარ აჩერებს; როდესაც ამას ოპოზიციის ერთიანობა და დასავლეთის უპრეცედენტო ჩართულობა და ევროკავშირის სპეც-წარმომადგენლის სასწრაფო ვიზიტი ემატება, პრეზიდენტი მიშელი კი ჯერჯერობით ხელცარიელ“იკას თუ ანტონიის” ევროკავშირის დედაქალაქში 6 დღეში ელის, ადვილი მისახვედრია, რომ ქვეყანა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ოცნებას კი ისე, როგორც არასდროს მაშველი რგოლი სჭირდება.
ჰოდა არც მოსკოვმა დააყოვნა და ეს მაშველი რგოლი პირდაპირ რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა ნარიშკინმა გადმოაგდო. თუმცა, ეს რგოლი უფრო მეტად ივანიშვილისთვის განკუთვნილ შანტაჟის მარყუჟს ჰგავს, რომლის შემოჭერის ერთ-ერთი მცდელობაც, შესაძლოა მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის იმ ტიპის ჩანაწერების ხელმისაწვდომობაშიც გამოიხატებოდეს, რომელიც ოლიგარქის დიდი ხნის განმავლობაში, სათუთად ნაშენები რეპუტაციის გარდა, გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს ისედაც სუსტ, მყიფე და დაზიანებულ პოლიტიკურ კლასს აყენებს.
ეს-ვე-ერის ოფიციალურ განცხადებაში, რომლის მსგავსი პირდაპირი გზავნილი პირადად მე დიდი ახანია არ მახსოვს, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ჩრდილოელი მეზობელი ღელავს: საქართველოში კრემლისთვის კომფორტულ სტატუს კვოს და მმართველ ძალას, რომელიც ნარიშკინისვე მტკიცებით ბოლომდე არც ვაშინგტონის რჩევებს ითვალისწინებს და არც საქართველოს ევროატლატნიკურ კურსს მიჰყვება, შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილო ვაშინგტონი ბრიუსელთან ერთად ოპოზიციის სისტემურ მხარდაჭერას გეგმავს, რითაც ოცნებას მიანიშნებს, რომ მათი გადარჩენა მხოლოდ კრემლს შეუძლია.
რაც მთავარია, რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის ეს განცხადება ამტკიცებს, რომ კრიზისი, რომელშიც დღეს საქართველოა, შიდა პოლიტიკურ განზომილებას აშკარად ცდება. საქმე გვაქვს ისტორიული მნიშვნელობის უმსხვილეს გეოპოლიტიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებასთან, სადაც ერთ მხარეს დასავლეთი, დემოკრატია და ცივილიზებული სამყაროა ქართულ ოპოზიციასთან ერთად, მეორე მხარეს კი მოსკოვი და ჯერ ისევ ჩანასახის სტადიაში მყოფი კავკასიური ექვსეული, და სადაც ძალიან არ მინდა რომ ჩვენი საზოგადოება, თუნდაც ქართული ოცნების რიგითი მხარდამჭერები აღმოჩნდენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკამ – საქართველო აღარ იყოს განხეთქილების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის – სრული კრახი განიცადა. დღეს ქვეყანა კვლავ უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზეა,და რაც არ უნდა დიდხანს ჩაიყენოს ივანიშილმა თავი სირაქლემის პოზაში, მას უკიდურესად მტკივენული არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევს: ეს ან ძალაუფლების დათმობა ან სხვა პოლიტიკური ძალებისთვის გაზიარება იქნება, რაც დასავლურ არჩევანს ნიშნავს – ან ხელისუფლების ყველა საშუალებით შენარჩუნება, რითაც რუსულ უფსკრულში ქვეყანასთან ერთად თავადაც გადაიჩეხება.
იმ ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, კაცი რომ ზღვაში იხრჩობა და ღმერთი საშველად კატარღებს უგზავნის… დღეს დასავლეთიდან განცხადებების, მოწოდებებისა და რეზოლუციების წვიმა მოდის. მაღალჩინოსანთა ვიზიტებს კი ევროპარლამენტში უმწვავესი დებატები და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია მოყვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, როგორც ევროკავშირის ისე საქართველოს ისტორიაში და სხვა არაფერია თუ არა დასავლეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ,,მაშველი კატარღების“ გამოგზავნის დაჟინებული მცდელობა. და თუ საქართველო დღეს ამ შესაძლებლობას უპასუხისმგებლოდ გაფლანგავს, ეს ამერიკისთვის და ევროკავშირისთვის კავკასიის რეგიონიდან კარგა ხნით ფეხის ამოკვეთით და ჩვენი ქვეყნის რუსული ჩექმით გათელვით, სრულმასშტაბიანი კორუფციას დაბრუნებით, ბოლომდე გაღატაკებით, სახელმწიფოზე კრიმინალების კონტროლის აღდგენით, ანუ ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს კოლაფსით დასრულდება.
ამიტომ კვლავ მინდა ბერას დავუბრუნდე, რომელიც როგორც თავად ამბობს ქართველობას, ტრადიციულ ღირებულებებს, საკუთარი დედის სახელსა და ოჯახის ღირსებას იცავს: იქნებ მისი ეს ახალგაზრდული ენერგია და უზარმაზარი სახელმწიფო რესურსი თანატოლების დასჯისა და ჭკუის სწავლების ნაცვლად მართლა საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოს. რისთვისაც საჭიროა, რომ პირველ რიგში საკუთარი მამა დაარწმუნოს: მისცეს ქართველ ხალხს ქვეყანაში ძალაუფლების სამართლიანად გადანაწილების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის აქტივებისთვის დასავლური სივრცე სრულად დაიხურება, ხოლო ბერას მუსიკალური კარიერა ლოს ანჯელესის, პარიზისა თუ სეულის ნაცვლად ტაგანროგისა და ბრიანსკის ნახევრად დანგრეულ სპორტის სასახლეებში გაგრძელდება…
აი ქართული სახელმწიფო კი 30 წლიანი დამქანცველი ცურვის შემდეგ ევრო-ატლანტიკურ ნაპირთან ძალიან ახლოს დაიხრჩობა და ჩაიძირება.