„უძახე შენ ბოქლომა!“

ეს გამონათქვამი ბებიაჩემიდან მახსოვს, სოფელ გომიდან, სადაც და ვისთანაც მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული. კონკრეტულად ეს გამონათქვამი თავისთავად „ბოქლომას“ არ ეხება რა თქმა უნდა.

ბებიაჩემი ამას იტყოდა როცა ისეთ ვინმეზე გაიგებდა ამა თუ იმ „საარაკო“ საქმის „ჩადენას“ რომლისგანაც ასეთი მოლოდინი საზოგადოებაში ნამდვილად არ იყო.

ბებიაჩემისთვის, ეს გამონათქვამი უფრო შორისდებული იყო, რომელიც ადამიანის წამიერ განწყობას ასახავდა მოსმენილი ამბის მიმართ. თავისთავად ეს გამოთქმა გურული კილოკავისთვისაა დამახასიათებელი.

რამ გამახსენა ბებიაჩემი, ნინუცა მშვიდობაძე, აცხონა ღმერთმა.

რამ და, ერთი კვირა არ გასულა რაც საზოგადოებას ვამცნეთ, რომ შემოდგომისათვის დანიშნულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ექს პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან, ოზურგეთის მერობის კანდიდატი გია ცეცხლაძე (მეტსახელად „ბოქლომა“) იქნებაო და ამ ამბავმა არც მეტი არც ნაკლები, მილევად რეჟიმში მყოფი ადგილობრივი „ქოცობა“ დიდ საგონებელში ჩააგდო, მეტიც დარჩენილებიც კი ორად გაყო და საქმე ისე წავიდა პარტიული სიის  გამსვლელ ნაწილში მყოფმა დეპუტატებმაც კი მიატოვა სახელისუფლებო პარტია და გახარიასაკენ აიღეს გეზი.

მთავარი კი ისაა, რომ „ოცნებამ“ უკვე – ფაქტიურად დასახელებული  – ოზურგეთის მერობის პოსტზე – გიორგი ღურჯუმელიძის კანდიდატურა „უკან გაიწვია“ და „ახალის“ ძებნა დაიწყო.

აგერ „კინაღამ“ დარეგისტრირებული დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი, გელა კობალაძე კი „ბუცებივით“ ჩამოკიდა კედელზე.

ჰოდა უძახე შენ „ბოქლომა“ – ამ არჩევნებზე 43%-ზე მეოცნებე „ქოცებს“ „ქი ჩამეიყვანს“ 30-ზე და…

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share